ბიძინა ივანიშვილი: როდესაც პრემიერი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია

Read Time:1 Minute, 18 Second

როდესაც პრემიერი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ქართუ ფონდმა“ გაავრცელა. ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გიორგი გახარიას მიერ პრემიერის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

„თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი: თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი
Next post მსოფლიოს 100-ზე მეტი ყოფილი ლიდერი G7-ის სახელმწიფოებს მოუწოდებს, გლობალურ დონეზე ვაქცინაციის ხარჯები დაფარონ