საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა

Read Time:1 Minute, 34 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი თურქეთში, ავსალარში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტურმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა.

სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ ფესტივალზე რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ინსცენირება – „ბოშები“, წარადგინა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის მორიგი გამარჯვება, პირველ რიგში, არის დასტური იმისა, რომ სპექტაკლში მონაწილე ძველ თაობასთან ერთად ახალი ნაკადი წარმატებით აგრძელებს ტრადიციებს. “მოდინახე” წლებია მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში. ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ თურქეთს, თუმცა, პანდემიის შემდეგ ეს არის თეატრის პირველი გასვლა მეზობელ ქვეყანაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიკოს დავით გურგენიძეს. ჩვენი წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერის პირდაპირ პროპორციულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ “ბოშები” საინტერესოდ მიიღო მაყურებელმა. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც შედეგზეც აისახა”, – აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, თურქეთში, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. წელს, ფესტივალი, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ გახსნა. ერთმოქმედებიან პიასაში თეატრის სამი თაობის სტუდენტმა, მოყვარულმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.

„მეამაყება, რომ ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ვითვლები „მოდინახეს“ არტისტად. თეატრი 77 წლისაა და მის სცენაზე სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორი და გივი ბერიკაშვილი, აქ დადგა თავისი პირველი სპექტაკლი დიდმა მიხეილ თუმანიშვილმა. ამ ტრადიციების მქონე დასის წევრად ორი წელია ვითვლები და რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობ. დღეს რომ თავისუფლად ვდგავარ სცენაზე, როლს ვითვისებ და მაყურებლისგან ტაშს ვიმსახურებ, ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძის დიდი დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალში წარმატებას ვულოცავ ჩემს უნივერსიტეტს, დასს და მადლობას მოვახსენებ რექტორს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტში კულტურული ცხოვრების აღორძინებისთვის. რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, მივიღოთ მაღალკვალიფიციური განათლება”, – აცხადებს „მოდინახეს“ მოყვარული მსახიობი, სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი, გიორგი ტალახაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სახალხო თეატრ-სტუდიას „მოდინახე“ და დასის თითოეულ მსახიობს, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის დიპლომი გადაეცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
Next post ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ