საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა

Read Time:1 Minute, 30 Second

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. იგი ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაეფუძნა კონსტიტუციონალიზმის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც ასეთ პრინციპებად აღიარებული იყო პროექტის შემუშავებისა და მიღების პერიოდში დასავლურ კონსტიტუციონალიზმში. ესენია: ხელისუფლების ფუნქციონალური განაწილების (კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობა პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლოს); მმართველობის ფორმის უცვლელობის; პარლამენტის უზენაესობისა და სუვერენობის; პარლამენტის უწყვეტობის; სახალხო სუვერენიტეტის; რესპუბლიკური მართვა-გამგეობის; უშუალო დემოკრატიის (რეფერენდუმი); კოლეგიალური მართვა-გამგეობის; აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის პრინციპები.

კონსტიტუცია დაეფუძნა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულად ითვლებოდა. კონსტიტუციამ მმართველობის ფორმად საპარლამენტო რესპუბლიკა დაამკვიდრა ერთი განსაკუთრებული თავისებურების გათვალისწინებით – სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, რაც მათი მხრიდან მონარქიის შიშით იყო გამოწვეული. სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქთან აიგივებდნენ.

კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან. პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება, სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა მიმართავენ.

დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვებენ. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვებენ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – გეგმა გვაქვს, მაისის ბოლომდე ორჯერადად ავცრათ 200 000-მდე ადამიანი, ხოლო ივნისიდან მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 258 ადამიანს დაუდასტურდა, 571 კი გამოჯანმრთელდა