ნანა კაკაბაძე: ჩვენზეა დამოკიდებული რაზე გავაკეთებთ არჩევანს – დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე

Read Time:2 Minute, 44 Second

ჩვენ, რასაკვირველია, გვინდა თანამშრომლობაც და ინტეგრაციაც დასავლურ სამყაროსთან, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანი და არა ისეთი, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე წინ დავაყენოთ, როგორც ამას დროდადრო მოითხოვენ ხოლმე ჩვენგან დასავლელი დირექტორები – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ჩვენზეა დამოკიდებული რაზე გავაკეთებთ არჩევანს – დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე.

„როგორ დავამხოთ ხელისუფლება „კანონებით“. უკრაინამ,მოლდოვამ და საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე მიმართეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკავშირს. ამ უკანასკნელმა პირველი ორი ქვეყანა ხელგაშლილად მიიღო და ევროკავშირის წევრობის კანდიდატად გამოაცხადა, ხოლო საქართველოს ამ სტატუსის მისაღებად გარკვეული პირობები წაუყენა და მათი შესრულება მოსთხოვა. მაშინ ეს ბევრს გაუკვირდა, რადგან დემოკრატიის, უფლებების დაცვისა და თუნდაც დასავლური ეკონომიკური პრინციპების დანერგვის საკითხებში საქართველო უკრაინასაც უსწრებდა და მოლდოვასაც.
ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი წარდგენილი 12 მოთხოვნიდან, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია იმდენად ბუნდოვანი და აბსურდულია, რომ ნებისმიერ დროს გამოდგება კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბად.

შარშან დასავლეთმა უკრაინას მიაღებინა კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, რადგან ვერ იშორებდნენ იქაური რამდენიმე ისეთი მილიარდერის გავლენას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ზელენსკის და თანაც საკუთარი მედია საშუალებები გააჩნდათ.
დეოლიგარქიზაციის კანონმა მიზანს მიაღწია.-ზოგი მედიასაშუალება, რომელთა ნაწილი პრორუსულად იყო განწყობილი, ზელენსკიმ დახურა, ზოგი მედიამფლობელი დააპატიმრა, ზოგი გააძევა, ხოლო დარჩენილები შეაშინა და დაიმორჩილა.
ამან ზელენსკის საშუალება მისცა, ომის დაწყებამდე (2022 წლის 24 თებერვლამდე) მთელი ოპოზიციური ფლანგი მოესუფთავებინა და უკრაინაში ერთპიროვნული მმართველობა დაემყარებინა. ამგვარად, უკრაინა უკვე არის დეპოლარიზებულიც და დეოლიგარქიზებულიც ვინაიდან იქ აღარც ოპოზიცია არსებობს და ყველა მილიონერიც ხელისუფლებას უზის ჯიბეში.

ამრიგად, დასავლეთმა ეს კანონი უკრაინაში მორჩილის ძალაუფლების გასაძლიერებლად წარმატებით გამოიყენა.
დასავლეთი საქართველოში განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომაც გვეუბნებიან, რომ მათი მიზნის მისაღწევად, ანუ მათი მორჩილი პოლიტიკური ძალის უკან დასაბრუნებლად, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გამოყენება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე გავლენიანია საქართველოში, მაგრამ ჩვენს ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ და მორჩილად არ ასრულებსო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმის მიღწევას, ცდილობენ რაც ვერც არჩევნებით გამოუვიდათ და ვერც რევოლუციის მოწყობის მცდელობით. ახლა ცდილობენ, ეს ე. წ. დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით შეძლონ. ევროკავშირმაც ნიადაგი მოუმზადა თავისი რეზოლუციით, სადაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ სწორედ დაუმორჩილებელი ბიძინა ივანიშვილის ნეიტრალიზება უნდა მოხდეს ნებისმიერი საშუალებითო.

არადა, ძალიან წვალობენ, რადგან კანონში ერთი კაცის გვარს ვერ წერენ, სხვანაირად კი ოლიგარქის სტატუსს ვერ უსადაგებენ ივანიშვილს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ასეთ ხელოვნურად შექმნილ კანონს, რომელიც არჩევნებს და რევოლუციას ჩაანაცვლებდა, ჯერ არსად უმუშავია.

კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი ხელისუფლება ეტყოდა ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“, გამოყავით თქვენი იურისტები და მათ ასახონ თქვენი სურვილები კანონპროექტში გამოგვიგზავნონ და ჩვენ მივიღებთო.

საინტერესოა, როგორ კანონპროექტს შექმნიდნენ ისინი? ვინაიდან მათი მოთხოვნები აცდენილია არა მარტო დემოკრატიული კანონის ჩარჩოებს არამედ გონივრულობას.

მოკლედ, დეოლიგარქიზაციის კანონის მოთხოვნამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის მოგვეთხოვება არა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა ან თავისუფალი ეკონომიკის განვითარება, არამედ სრული მორჩილება.

ანუ, თუ ხალხი არ ირჩევს მათ მოსაწონ ხელისუფლებას, სხვადასხვა მანიპულაციებით უნდა იძალადონ ხალხზე და ხელისუფლებაში დასვან საკუთარი მონები.

როდესაც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ერთ კალათში განიხილავდნენ, მაშინ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერად აღიარებდნენ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლება მაქსიმალური მორჩილების გამო „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნეოდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ მორჩილებაში უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებებმა გაგვასწრეს. პოსტსააკაშვილის დროინდელმა ხელისუფლებამ თანდათან ურჩობა დაიწყო, ყველა მითითებას მორჩილად აღარ ასრულებდა, ხანდახან კითხვების დასმასაც კი ბედავდა. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ამ ხელისუფლების მოშორების საკითხი. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რაზე გავაკეთებთ არჩევანს – დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე.

ჩვენ, რასაკვირველია, გვინდა თანამშრომლობაც და ინტეგრაციაც დასავლურ სამყაროსთან, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანი და არა ისეთი, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე წინ დავაყენოთ, როგორც ამას დროდადრო მოითხოვენ ხოლმე ჩვენგან დასავლელი დირექტორები“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ხიდაშელი შეეცადა მაგალითები მოეყვანა თუ რა დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, მანაც ვერ გაბედა ეთქვა, რომ ეს ყველაფერი 6 მილიარდს უდრის
Next post იაგო ხვიჩია – მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ