ჩვენი ოჯახი ვერ შენარჩუნდა მარტო იმიტომ, რომ ოპერაციის შედეგად მე შვილს ვეღარ გავაჩენდი… არადა, ოჯახს გვარის გამგრძელებელი უნდოდა…

Read Time:4 Minute, 49 Second
"ჩვენი ოჯახი ვერ შენარჩუნდა მარტო იმიტომ, რომ ოპერაციის შედეგად მე შვილს ვეღარ გავაჩენდი... არადა, ოჯახს გვარის გამგრძელებელი უნდოდა..."

რამდენიმე თვის წინ გამართულ პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამოდან განცდილი ემოციების სახსოვრად მისი ერთ-ერთი წიგნი, “მონატრებიხარ ფიქრებს”, გამოვიყოლე… სტრიქონები იმდენად გულწრფელი, ღრმად განცდილი და უჩვეულოდ “შემწყნარებლური” მეჩვენა, სურვილი გამიჩნდა ქალბატონ ნანასთან სიყვარულზე მესაუბრა… შევხვდით. სიყვარულის გარდა დიალოგი მის პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებს, პირად ცხოვრებას, შეხედულებებს ოჯახის, ბავშვების აღზრდის, ადამიანური სისუსტეებისა და პრინციპების შესახებ შეეხო…

– ქალბატონო ნანა, გარდა პოეზიისა, ბოლო დროს აქტიურად შეეჭიდეთ პროზას…

– ახალი წიგნი, რომელზეც ვმუშაობ, აფხაზეთში განვითარებულ ამბებს ეხება. ეს გახლდათ ჩვენი ერის ისტორიის ურთულესი და უსაზიზღრესი

პერიოდი. პროფესიით ექიმი ვარ. ეს არ არის შემთხვევით არჩეული პროფესია. დღესაც რომ ვამთავრებდე სკოლას, იგივე პროფესიას ავირჩევდი. აფხაზეთის ომის, ისევე, როგორც 9 აპრილის ბევრი მონაწილე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა. ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც თავის ოჯახის წევრებთან ერთად ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, ომის დროს დაიკარგა. წლები ეძებეს, მაგრამ უშედეგოდ. გადავწყვიტე, მის შესახებ დამეწერა. წერის პროცესში ვიყავი, როცა შემატყობინეს, რომ გარდაცვლილის ნეშტი იპოვეს. ეს ამბავი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ წერის გაგრძელება ვეღარ შევძელი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ნაწარმოებს თავიდან მივუბრუნდი. ეს გახლავთ ბარათები ადამიანებისა, ვინც ომიდან ვეღარ დაბრუნდა. მეორე წიგნში, “მზე ხელისგულზე”, სამი მინირომანი სამი სხვადასხვა ქალის

შესახებ მოგვითხრობს…

– და კვლავ სიყვარულს ეხება… საინტერესოა, სიყვარულის თქვენეული დეფინიცია თუ გაქვთ?

– რთულია სიყვარულს რაიმე განსაზღვრება მოუძებნო, სიტყვებით შეაფასო. სიყვარულის მზამზარეული რეცეპტი არ არსებობს. ის თავად წერს კანონებს და აქეთ გვთავაზობს. ვიღაცისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ურთიერთობა, ვიღაცისთვის სრულიად ჩვეულებრივია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ უყვარს. ჭკვიანი ადამიანი შეიძლება იყოს შეყვარებული ბავშვივით, მაგრამ არა სულელივით… სიყვარული ცოტათი მაინც ჩემს თავმოყვარეობასა და პრინციპებსაც უნდა შეესაბამებოდეს.

– არ ყოფილა შემთხვევა, როცა სიყვარული თქვენს პრინციპებს შეეეწინააღმდეგა?

– ყოფილა, მაგრამ შევძელი და გავწყვიტე. თუმცა, არ ვამბობ, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. ძირითადად, ასეა – ყოველთვის გონებას ვაბატონებ.

mshoblebi
მეუღლესა და შვილთან ერთად

– მაგრამ არის ხოლმე, როცა გონებაც “ნებდება”…

– ბუნებრივია, ყველანაირი სტერეოტიპი შეიძლება დაინგრეს… ახალგაზრდობის პერიოდში სიყვარულს თან უფრო მეტი ვნება ახლავს. ვნება კი ბინდს აკრავს გონებასაც. ნებისმიერი მცირე ბარიერის დაძლევაც კი გიჭირს, ” შეპყრობილი” ხარ და გაუცნობიერებლად მიდიხარ მიზნისკენ, რომელიც არც კი იცი განხორციელების შემთხვევაში რას მოგიტანს… ან ზუსტად იცი, რომ ცუდს მოგიტანს, მაგრამ შეჩერება არ შეგიძლია – ვნება ხომ ნარკოტიკივითაა?! ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით აბსოლუტურად შეუფერებელი წყვილია, მაგრამ გარედან შეუმჩნევლად მათ შორის ისეთი მუხტი ტრიალებს, რომელსაც ვერაფერი აჩერებს. არც მხოლოდ ვნებაზე ეგება სიყვარული, მაგრამ ის უდაოდ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც სიყვარულის განმტკიცებას განაპირობებს. ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე ვნება ნელდება და წინა პლანზე მეგობრობა და ოჯახური ურთიერთობები გადმოდის. ჩნდება დრამატული და მელოდრამატული ეპიზოდებიც, მაგრამ ესეც სიყვარულის ერთგვარი საკვები საშუალებაა. რამდენადაც ასაკი გემატება, ხვდები, რომ ბოლოსკენ მიდიხარ. სიბერე ჩიხია. თუკი ცხოვრების ამ პერიოდს საკუთარი თავისთვის მოგონებული მითით გაილამაზებ, რა არის ამაში დასაძრახი?! არ არის სავალდებულო, 60 წლის ასაკში ისევე იყოს ურთიერთობა ვნებებით გაჯერებული, როგორც ეს 16 წლის ასაკში ხდება. ადამიანი მარტო მოდის და მარტო მიდის, “პარტნიორობას” ამ გზებზე ვერავინ გაგიწევს… ამიტომ, ცხოვრების კონკრეტული მოვლენების რაც შეიძლება ნაკლები დრამატიზება უნდა მოვახდინოთ. გრძნობისთვის, რომელიც დროს უძლებს – ღირს ცხოვრება. რემარკის “სამ მეგობარში” გენიალური ფრაზაა: “ხანმოკლე სიცოცხლე ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.”

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება საზოგადოებრივად მიუღებელი სიყვარული ვინმემ სრულყოფილად და ხანგრძლივად შეირგოს?

– შეიძლება, თუკი გადგება საზოგადოებისგან, შეძლებს და საზოგადოებრივ სტანდარტებს გვერდს აუვლის.

– თქვენი შეფასებით, ღალატი უპატიებელი შეცდომაა თუ ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე?

– მითქვამს, მივიდა სხვასთან, რომ უფრო კარგად შეეცნო, თუ რა არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს-მეთქი. მაგრამ თუ ადამიანი მთელი თავისი არსებით სხვასთანაა, მაშინ უკვე შეურაცხმყოფელიც კია მასთან ერთად ცხოვრება… ღალატის ცნება თავის თავში ძალიან ბევრ პირობას მოიცავს. რაც მეტად გიყვარს და გიღირს ადამიანი, მით უფრო მეტად ცდილობ მის საქციელს ახსნა, გამართლება მოუძებნო.

– თქვით, რომ ღალატს “გემო” საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუსინჯეთ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან სწორი რეაქცია გქონდათ?

– ეს ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა, ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი ეს არ გახლდათ. ჩვენი ოჯახი ვერ შენარჩუნდა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ოპერაციის შედეგად მე აღარ მეყოლებოდა შვილი. ოჯახისთვის კი “გვარის გამგრძელებლის”, ვაჟის დაბადება პრიორიტეტული გახლდათ…

mshoblebi
შვილსა და შვილიშვილებთან ერთად

– თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი ამ მოვლენას უკავშირდება?

– პირველი ყველაზე რთული პერიოდი, მართლაც, ეს გახლდათ. 21 წლის ვიყავი, მეგონა, რომ სრულყოფილ ბედნიერებას განვიცდიდი და უცებ, თითქოს, ირგვლივ ყველაფერი დაინგრა…


– რას ურჩევთ მშობლებს – როგორ აღვზარდოთ მომავალი თაობა მეტად ლმობიერი, გულისხმიერი, ვასწავლოთ ერთმანეთისგან ნამდვილი და ფსევდოღირებულებების გარჩევა, როგორ შევაყვაროთ კითხვა, ხელოვნება?

– ვფიქრობ, ბავშვის აღზრდის პროცესში ოჯახის ფაქტორი უპირველესია. რაც ტყეა, ის ნადირიაო და ბავშვი ოჯახის სარკეაო – მართლაც ასეა. ტრადიციები საქილიკო თემად არ უნდა გავიხადოთ. ერთად საუზმობა, სადილობა, ვახშმობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოჯახური ცხოვრებისთვის. მნიშვნელოვანია სადილების ოჯახურ გარემოში მომზადების კულტურაც. გარდა იმისა, რომ ვთანხმდებით, ოჯახში მომზადებული სადილი ნაკლებ რისკებს შეიცავს და ბევრად ჯანმრთელია, პროცესი ხელს უწყობს ოჯახის წევრებს შორის თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მერწმუნეთ, ეს გაცილებით მარტივია და ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე გარეთ ნაყიდი საკვებით მოწამვლის შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროცესი საჭიროებს. ბოლო დროს ხაზს უსვამენ მშობელსა და ბავშვს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მეგობრობა ძალიან კარგია, მაგრამ მე წინ დედაშვილურ დამოკიდებულებას წამოვწევდი. ბავშვმა დედისგან უნდა მიიღოს მზრუნველობა, აღზრდა და ჩამოუყალიბდეს კონკრეტული უნარ-ჩვევები. როცა მათ მცირე ასაკიდან ვაჩვევთ წიგნს, მოვუთხრობთ ზღაპრებს, ვახატინებთ, ვასმენინებთ გემოვნებიან მუსიკას – გარდა ბავშვის ზოგადი განვითარებისა, ეს მშობელსა და შვილს შორის სწორი, სათანადო ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. როგორც სოკრატემ თქვა, ბავშვის აღზრდის პროცესის დაწყება 6 თვის ასაკიდან უკვე დაგვიანებულია. ოჯახში არსებული სითბო და სიყვარული ბავშვის ფსიქიკაში ილექება. ასე რომ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, ძიძები ვერ ზრდიან შვილებს… ძალიან მიყვარს ედუარდ უგულავას ლექსის ეს სტრიქონები: “იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს!” მატერიალური სიმდიდრე ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის აღზრდის პროცესზე, რადგან ხშირად ასეთ ოჯახებში ფასეულობა მხოლოდ მატერიალურზე გადის… გაცილებით მეტი ფასი აქვს ოჯახს, სადაც კარგი დამოკიდებულებები, ჯანსაღი ურთიერთობებია შესამჩნევი. თუკი შეძლებ და გაიაზრებ – იცხოვრო ისე, რომ მადლობელი იყო იმის, რაც გაგაჩნია – დიდი მადლია. უნდა მიიღო ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლია, შეცვალო, რისი შეცვლაც შეგიძლია და ღმერთმა მოგცეს იმისი სიბრძნე, რომ ერთი მეორესაგან გაარჩიო… ბედნიერება პირობითი ცნებაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მოწესრიგებული ოჯახი, კარგი მეუღლე და შვილებია. როცა რეალიზებული ხარ, როგორც დედა და მეუღლე, ამის მიღმა საქმიანობა უკვე ის ულამაზესი სამკაულები, ბრილიანტებია, რომელთა ნახვა როგორც საკუთარი თვალისთვის, ისე გარშემომყოფთათვისაც სასიამოვნოა…

სრულად იხილეთ: https://www.mshoblebi.ge/dedebis-saloni/akhali-ambebi/13817-qchveni-ojakhi-ver-shenarchunda-marto-imitom-rom-operaciis-shedegad-me-shvils-veghar-gavachendi-arada-ojakhs-gvaris-gamgrdzelebeli-undodaq.html

შორენა ლაბაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის დაუჭერდით მხარს
Next post პატარა ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი პარტიიდან ექვსივე მოიგო!