საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო

Read Time:3 Minute, 33 Second

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino Detector at the LHC) გლობალური ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა მონაწილეობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ახალი სამეცნიერო კოლაბორაციის შესახებ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წინადადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბოლო სხდომაზე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ ოფიციალურად გაასაჯაროვა.

პროფესორმა კამპორეზიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აკადემიური საბჭოსა და სტუ-ის სამეცნიერო წრეებს CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე ახალი ექსპერიმენტის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და SND@LHC-ის მე-2 ფაზაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა მონაწილეობის ეტაპებზე ისაუბრა. 

CERN/CMS კოლაბორაციის ლიდერის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ამასთან ერთად, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას. აღნიშნულის გათვალისწინებით, SND@LHC ექსპერიმენტის განხორციელების პროცესში, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს. შესაბამისად, ექსპერიმენტის ხელმძღვანელობა სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს სთავაზობს, ჩაერთონ ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში, რომელიც დიდ მასშტაბებს აიღებს. მისი თქმით, ახალ ექსპერიმენტში მონაწილეობა სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს, შეასრულოს ახალი ამოცანები, რომელთა რეალიზება მოხდება როგორც CERN-ში, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.

როგორც ტიციანო კამპორეზიმ აღნიშნა, ამჟამად SND@LHC ექსპერიმენტის მე-2 ფაზისთვის CERN-ში წინადადები მზადდება, რაც მის სრულ მოდერნიზირებას ითვალისწინებს. მე-2 ფაზის რეალიზება 2029 წლიდან დაიწყება, შედეგები კი მეცნიერთათვის ბევრად მრავლისმომცველი იქნება.

რექტორმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მადლობა გადაუხადა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ახალი სამეცნიერო შეთავაზებისთვის. მისი განცხადებით, CERN-თან კოლაბორაციის გაფართოება უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, მუდმივად იყვნენ გლობალური სამეცნიერო მოვლენების ეპიცენტრში.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მსოფლიოს უმსხვილეს კოლაბორაციებსა და ექსპერიმენტებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობას ქმედით ორგანიზაციულ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – პირადად მინისტრი გიორგი ამილახვარი უწევენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრესტიჟული და მსოფლიოს წამყვანი კოლაბორაციებისა თუ ექსპერიმენტების წევრია. ჩვენ არაერთი წელია მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან. მათ შორისაა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია. SND@LHC ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში მონაწილეობის თაობაზე ამ უდავოდ უმნიშვნელოვანესი ახალი შეთავაზებისთვის მადლობას ვუხდით CERN-სა და CMS კოლაბორაციის ერთ-ერთ ლიდერს, ჩვენი უნივერსიტეტის დიდ მეგობარსა და გულშემატკივარს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის, რომელსაც მინდა ვთხოვო გადასცეს ჩვენი საუკეთესო სურვილები CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ იოაჰიმ მნიხს, მეცნიერებს, კოლაბორაციების ლიდერებს, სფოუქსპერსონებს – ყველას, ვინც მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობას უმსხვილეს კოლაბორაციებში, მათ მიერ მაღალ დონეზე შესრულებულ ურთულეს სამუშაოებსა და ამოცანებს. შედეგები, რომლებიც ჩვენმა მეცნიერებმა CMS-ის მიმდინარეობისას დადეს, დადებითად აისახა მთლიანად ექსპერიმენტზე და კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გლობალურ კვლევით პროცესებში ჩართულობა უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის და შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. CERN-თან კოლაბორაციის გაფართოება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან ჩვენი საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას და უნივერსიტეტის მიღწევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას, გზას გაუხსნის სტუდენტებსა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობებს უმნიშვნელოვანესი გლობალური კვლევებისკენ“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN/CMS კოლაბორაციის შექმნის დღიდან მისი წევრია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები, IT სპეციალისტები, ინსტიტუტის დირექტორის, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში; მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში. სტუ-ის მეცნიერები და ინჟინრები სერიოზულ წარმატებებს აღწევენ მსოფლიოს ლიდერ ცენტრებში მიმდინარე ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა: COMET (KEK, J-PARC, იაპონია) და DUNE (Fermilab, აშშ) და უცხოელი კოლეგების მაღალ შეფასებას იმსახურებენ.

ცნობისათვის, SND@LHC-ი ნეიტრინოების შესწავლის მიზნით, CERN-ში 2021 წელს შეიქმნა. დეტექტორი მდებარეობს მიწისქვეშ, ATLAS ექსპერიმენტთან ახლოს, გამოუყენებელ გვირაბში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერს (LHC) სუპერ პროტონულ სინქროტრონს აკავშირებს. მისი მისიაა LHC-ის ნაკადების შეჯახებისას წარმოქმნილი ნეიტრინოები აღმოაჩინოს. 2022 წლის ივლისიდან, LHC ექსპერიმენტებზე მონაცემების მიღების პარალელურად, მონაცემების მიღება SND@LHC ექსპერიმენტზეც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილაკების კოლაიდერები ნეიტრინოებს დიდი რაოდენობით აწარმოებენ, კოლაიდერზე არც ერთი ნეიტრინო არასოდეს ყოფილა დამზერილი, რადგან ისინი ძალიან სუსტად ურთიერთქმედებენ მატერიასთან და გამოტოვებენ ტიპური კოლაიდერის დეტექტორებს. LHC ნეიტრინოების უმეტესობა ენერგეტიკულ დიაპაზონშია, სადაც მათი ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი, რაც მათ კვლევას კიდევ უფრო საინტერესოსა და მეცნიერებისთვის მიმზიდველს ხდის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრეტა წიწავა: ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყნის საწინდარი, რომელსაც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვის დავიცავთ
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია – ქართული საზოგადოება ასეთ მარტივ მახეზე არ წამოეგება