“ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს

Read Time:2 Minute, 0 Second

ტელეკომპანია “ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს. ამის შესახებ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც, საუბარია ათეულობით ადამიანზე.

“ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის…

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – წერია არხის გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეარხს დასახური გადაცემების ჩამონათვალი არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი არხზე აღარ გავა: დილის გადაცემა, ბიზნესი, “მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან” და ა.შ. განიხილება რამდენიმე გადაცემის ფორმატის შეცვლაც, მათ შორის “შაბათის ფორმულისა” და “დროების”.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასევე განიხილება, რომ დღის პირველი საინფორმაციო გამოშვება არხზე 11:00 საათზე გავიდეს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გაუქმდეს დილის სხვა გამოშვებები, რომლებიც ეთერში 8, 9 და 10 საათზეა.

“ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი უარყოფს, რომ განიხილება დილის საინფორმაციო გამოშვებების ეთერიდან მოხსნის საკითხი.

“თქვენგან მესმის პირველად. იმის გარდა, რაც განცხადებაში წერია, მეტი არაფერი ვიცი…. ჯერ არ გადაწყვეტილა არაფერი. ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობთ იმავე ფორმატით… ჯერ მსგავსი საკითხი არ განხილულა”, – ამბობს ინწკირველი.

რადიო თავისუფლება ცდილობს არხის დირექტორთან, ზუკა გუმბარიძესთან დაკავშირებას. მისი კომენტარი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.

ტელეკომპანია “ფორმულა” მიშა მშვილდაძემ, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ 2019 წლის ივლისში დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. იმავე წლის 3 სექტემბრიდან არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. გასული წლის აგვისტოში საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51-პროცენტიანი წილიდან 25 პროცენტი გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას – ააიპ “თავისუფლების ფორმულას.”

“ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან “ფორმულის” თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა – ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2006-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

2021 წლის სექტემბერში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურა კეზერაშვილს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა. 2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის არცერთ მათგანზე არ არის მსჯავრდადებული. კეზერაშვილი სასამართლომ, მათ შორის, გაამართლა „ტელეიმედის“ გასხვისების საქმეზე.

საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე პრემიერობის საკუთარ კანდიდატურაზე: არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა
Next post რუსეთი აღარ სთავაზობს პატიმრებს მოკლევადიან კონტრაქტებს – ბრიტანული დაზვერვა