სულ სხვანაირი ვაჟა ექიმი – დაკავებული ტრავმატოლოგის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები

Read Time:2 Minute, 23 Second

გმირი ექიმი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, რადგანაც თავის სამშობლოში საზღვრის უკანანო გადაკვეთას არ აღიარებს, ორი ქალიშვილის მამაა. ირინა და თათა დღეს მამით უსაზღვროდ ამაყობენ. „პრაიმტაიმი“ ვაჟა ექიმის პორტრეტული შტრიხების დახატვას შეეცადა. ექიმი ტრავმატოლოგის უფროსი ქალიშვილი მამაზე გვიყვება.

ირინა გაფრინდაშვილი: – დედაც ექიმია, ენდოკრინოლოგი. „მედიქლაბში“ ერთად მუშაობენ. მამა მეგობრული, მზრუნველი, დინჯი მეუღლეა.

 

მახსოვს, ბავშვობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავყავდით და გვაცნობდა და გვაყვარებდა სამშობლოს. გვასწავლა ცხენზე ჯირითი. თვითონ ახალგაზრდობაში კარგად ჯირითობდა, იპოდრომზე დავყავდით ჩვენც. დოღშიც მონაწილეობდა.

სულ ექსპერიმენტებშია. ყოველ სეზონზე ღვინოს წურავს ჩვენს სოფელში – ჭოპორტში. ძალიან უყვარს ეს პროცესი. ასევე ამზადებს ყველს, თვითონ შეიმუშავა სხვადასხვა ტექნოლოგია, წიგნები გამოიწერა, გამოიკითხა და დაიწყო სხვადასხვა ტიპის ყველის მომზადება – ქონდრით, პომიდვრის ჩირით, საფერავში დავარგებულის. სულგუნის გაკეთებაც სცადა და ევროპული დაძველებული ყველებიც, დამბალ ხაჭოც… სახლში ამოაქვს რძე და  იწყებს მთელ პროცესს, რაშიც მთელი ოჯახი ჩართული ვართ, ვეხმარებით.

 

მუხის და თუთის კასრებში ამზადებს ბალზამიკოს. ამ პროცედურას რამდენიმე წელი სჭირდება, დაძველებული ღვინო კასრიდან კასრში გადააქვს.

ლიმონჩელოს დამზადებაც მთელი პროცესია – ლიმნის გათლა, ექსტრაქტის ამოღება და გაზავება.

ამზადებს ჩირებს – პომიდვრის, გრეიფრუტის, ნესვის, ყველანაირს…  ვაწყობთ შეკრებებს და დეგუსტაციების  საღამოები გვაქვს. ჩვენს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩვენთან შეკრება და ყველას მამა გვიმასპინძლდება. მერე ვაჟას უყვარს შეფასებების მოსმენა. როდესაც სტუმრები მამას ნახელავებით აღფრთოვანებას გამოხატავენ, მამა ბედნიერია.

 

პროფესიონალი

„თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულია. სულ გვიან ბრუნდება შინ, სულ ოპერაციაზეა. დილით სამსახურში მიდის ისეთ დროს, როცა ყველას გვძინავს, ღამითაც გვიან შემოდის, მაგრამ არასდროს დაუწუწუნია, დავიღალეო.

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა 31 დეკემბერს წასულა კლინიკაში, გადაუდებელი შემთხვევის გამო, ვიღაცას ხელი ან ფეხი მოუტეხავს. 1 იანვარს, გამთენიისას გამოუძახებიათ. ეს ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის, ეს მამას ჩვეულებრივი გრაფიკია.

ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა მამას პაციენტი, მათ შორის სპორტსმენები.

აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა, სადაც უამრავი დაშავებული მიდიოდა და მათ მკურნალობდა.“

 

პატრიოტი

ვაჟა გაფრინდაშვილმა შვილებიც პატრიოტული სულისკვეთებით აღზარდა.

„მამა რომ პატრიოტია, ეს მსოფლიომ დაინახა. გვასწავლის, რომ ჩვენი საქციელით ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. მთელი ოჯახი განვიცდით ოკუპირებულ ტერიტორიებს. არ ვაღიარებთ იმ გამოცხადებულ რეალობას, რაც სურს დაგვიდგინოს ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ. მამამ რაც გააკეთა, ბევრისთვის წარმოუდგენელია, ცხინვალის ციხეში აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი ნატოში შესვლაა. და მას კანონი არ დაურღვევია და საზღვარი არ გადაუკვეთავს.“

 

„ჩვენთვის მთავარია სახლში დაბრუნდეს“

– რა ისწავლეთ მამისგან?

– მართალი უნდა იყო, შენი საქციელის არ უნდა გრცხვენოდეს. ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომ მერე ინანო. მამას ისეთი არაფერი აქვს ჩადენილი, რომ ენანა. მე მამით ვამაყობ!

– მამასთან დაკავშირებით ახლო მომავალში რა იგეგმება?

– რაც ვიცით არის ის, რომ ცხინვალში უნდა გაიმართოს სასამართლო და გამოიტანენ განაჩენს. ნებისმიერი სახის ინფორმაციის ძალიან შეზღუდული წვდომა გვაქვს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იყო მასთან შესული და მათგან ვიცით, რომ ფიზიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია. თუმცა პირველი ერთი კვირა, იზოლატორში როცა იყო, მისმა თანამესაკნეებმა გვითხრეს, რომ იქ საშინელ პირობებში იმყოფებოდა.

– რა დაგანახათ მამის საქციელმა?

– ერთ ადამიანსაც შეუძლია  ქვეყანაში ძვრა და ცვლილება მოახდინოს.

– მამა, როგორც ქვეყნის პარტიოტი მსოფლიომ გაიცნო. რა მომენტია ეს მისი შვილისთვის?

– ჩვენთვის მთავარია ვაჟა სახლში დაბრუნდეს!!! ძალიან ვნერვიულობთ და გვინდა მალე ვნახოთ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა და მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

www.primetime.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები
Next post „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს