მერიკო კობერიძე – ტაქსის მძღოლი რამდენიმე დიპლომით

Read Time:4 Minute, 15 Second

„დიახ, მე მყავდა 10 შვილი და არცერთი ქმარი“

პროფესიით ფსიქოლოგმა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, მერიკო კობერიძემ სწავლა პოლონეთში, შლიონსკას უნივერსიტეტშიც მოასწრო და 22 წლის ასაკში მცირე ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერიც გახლდათ… საჯარო სამსახურს, მეგობართან ერთად წამოწყებულ ბიზნესს, მოგზაურობას და კულინარიით საკმაოდ სერიოზულ გატაცებას ახლა უკვე ახალ აქტივობას – ტაქსით მგზავრების გადაყვანასაც უთავსებს… ამბობს, რომ გარდა დამატებითი შემოსავლისა, ეს მისთვის ემოციების გაცვლისა და ტიპაჟებზე დაკვირვების კარგი საშუალებაა. მის სამომავლო გეგმებში კი ტაქსის ისეთი კომპანიის შექმნაა გათვალისწინებული, სადაც მძღოლებად მხოლოდ ქალბატონები იმუშავებენ…

– დიდი ხანი არ არის, რაც ერთ უცნაურ დღეს ტაქსის მანათობელი ტრაფარეტი შევიძინე. სხვათა შორის, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, პირველი მგზავრი დანიშნულების ადგილამდე უსასყიდლოდ მივიყვანე.

– პრობლემური მგზავრი ხშირად გყავს?

– ალბათ, მიმართლებს და ჯერჯერობით, ძალიან პოზიტიური მგზავრები მყავს.  საერთოდ, ხალხთან კონტაქტი, ტიპაჟებზე დაკვირვება, ემოციების გაცვლის პროცესი მომწონს. ალბათ, ფინანსური დაინტერესების გარდა, ჩემი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. რაც შეეხება „საშიშ სიტუაციებს“, მქონია, როცა ბიჭი პაემანზე მიმიყვანია… საერთოდ, ვცდილობ, ფორმაში ვიყო და გოგონებსაც ეჭვიანობის საბაბი ეძლევათ ხოლმე (იცინის)… ყველას არ ვუჩერებ და სხვათა შორის, თავდაცვის კონკრეტული საშუალებებიც მაქვს მანქანაში. ჩემს უსაფრთხოებად არც ჰობი მიღირს და არც დამატებითი შემოსავალი.

– შენს ახალ წამოწყებაზე ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს რა რეაქცია ჰქონდათ?

– ოჯახის წევრებს ჩემგან აღარ უკვირთ „ნორმირებული უნორმობები“. 15 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებული მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი. ამის ნაცვლად გაოცებულ დედას თხოვნა დავუწყე სვანეთში საცხოვრებლად გავეშვი.  საჭირო ნივთების თავმოსაყრელად ორი საათი დამჭირდა და დაბადების დღის ნაცვლად სვანეთის გზას დავადექი… იქ 9 თვე ვიცხოვრე. ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლის პარალელურად სტუდენტობისთვის მომზადება დავიწყე. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სვანეთის მასწავლებლებს – უნივერსიტეტში გრანტით ჩავაბარე… ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება. ვნახე და შევადარე განსხვავებული გარემო პირობები, თავიდან შევაფასე კონკრეტული ფაქტები… რაც შეეხება მეგობრებს, მირჩევენ, რომ აუცილებლად უნდა ავამუშავო ტაქსის კომპანია, სადაც მხოლოდ ქალბატონები დასაქმდებიან.

ფაქტია, სტერეოტიპებთან აქტიური ბრძოლა გაქვს გამოცხადებული…

– სხვათა შორის, არც ისე თავისუფალი და უკომპლექსო ვარ ამ მხრივ. იცით რაშია საქმე?! ტაქსის მართვა რომ ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყოს, ალბათ, ამის გაკეთება ჩემთვისაც უხერხული იქნებოდა. ახლა კი პირიქით, თავს ლაღად ვგრძნობ.

– 22 წლის ასაკში ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერი გახდი…

– ამ კომპანიის სხვა მენეჯერები შემთხვევით გავიცანი. რატომღაც შემომთავაზეს მათთან აღმზრდელის ვაკანსიასთან დაკავშირებულ გასაუბრებაზე მივსულიყავი. გასაუბრებიდან წამოსულს შემატყობინეს, რომ სახლის მენეჯერად განმიხილავდნენ. მალე სოფელ გლდანში ერთ-ერთი ოჯახური ტიპის სახლის მენეჯერი გავხდი. ამ სახლში 6-დან 18 წლამდე  ასაკის 10 ბავშვი ცხოვრობდა. მქონდა შეგრძნება, რომ 10 შვილის დედა ვიყავი. მუშაობის პროცესს პოლონური ენის ცოდნა მიადვილებდა, რადგან პოლონელებთან აქტიური ურთიერთობა მიხდებოდა.  ამ პოზიციაზე ყოფნა ემოციურად ურთულესი აღმოჩნდა და ერთ წელში წამოსვლის შესახებ განცხადება დავწერე.

– კონკრეტულად რა იყო მიზეზი?

– მაგალითად, თითქმის ყოველ ღამე მირეკავდნენ, რომ ვიღაც შეუძლოდ გახდა და იურიდიული წარმომადგენელი სჭირდებოდა. შესაბამისად, მივდიოდი საავადმყოფოში და ხშირად იქ ღამის გათენება მიწევდა. იყო სუიციდის მცდელობებიც. წამოსვლისას პადრემ ძალიან მთხოვა თარჯიმნად მაინც დავრჩენილიყავი, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. მალე სოციალური მომსახურების სააგენტოში სტაჟიორად დავსაქმდი, სადაც ასევე რთულ პირობებში ვმუშაობდი. თითქოს ეს წესად იქცა – ყველა სამსახური ისეთი მაქვს, ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ცეჰეპატიტის პროგრამა დაიწყო, ცეჰეპატიტის სამმართველოში ვმუშაობ. ვმუშაობდი ქრონიკული დაავადებების სამმართველოშიც.

– მუშაობის პარალელურად გადაწყვიტე ინტერნეტ-მაღაზია გაგეკეთებინა, რომლის შემდგომ განვითარებად ტანსაცმლის მაღაზია იქცა…

– დიახ და თავდაპირველად, სატესტოდ ინტერნეტ-გვერდზე ჩემი ტანსაცმლის ფოტოები დავდე. მალე მსურველი შემეხმიანა და პირველი ნივთი გაიყიდა. ეს იყო განცდა, რომელსაც ძალიან რთულად შევადარებ ცხოვრების მანძილზე განცდილ სხვა ძლიერ ემოციებს (იცინის)… მაშინვე წავედი, ვიყიდე სხვა ტანსაცმელი, გავრეცხე, გავაუთოვე და ახლა უკვე მათი გაყიდვა დავიწყე… მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე პატარა მაღაზია მქონოდა და მართლაც, ჩემს ერთგულ მეგობართან, მარიამთან ერთად მცირე ფართის მაღაზია გავხსენი. ინტერიერი მთლიანად ჩვენით მოვაწყვეთ, გავაფორმეთ. შაბათ-კვირას მაღაზიაში ფუსფუსს ვუთმობთ. ვარჩევთ, ვყიდულობთ, ვაწესრიგებთ და ვყიდით ტანსაცმელს. შემოსული  თანხის 10% აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების მხარდასაჭერად „მე აქ ვარ“ კამპანიას ხმარდება. სამომავლოდ მინდა ამ მაღაზიას რამდენიმე ფილიალი შევმატოთ.

– რომელ აუცილებელ აქტივობებს მოიცავს შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– დილით ვვარჯიშობ, მერე სამსახურში ვარ. 6-დან 9-მდე მგზავრებს ტაქსით ვემსახურები. ზოგჯერ, დღის მანძილზეც მირეკავენ. ახლახან ერთი ქალბატონი დამიკავშირდა, ქალიშვილის სკოლიდან გამოყვანა სურდა. მიიჩნია, რომ მისი შვილი ქალ მძღოლთან უფრო უსაფრთხოდ იმგზავრებდა. სამსახურში ერთსაათიანი შესვენება მაქვს და ამ დროსაც შემიძლია მგზავრებს მოვემსახურო. ჩემი ერთ-ერთი ჰობი ძაღლები  და მათთან ერთად სეირნობაა. ორი ძუ ლაბრადორი, ფიბი და დენსი მყავს. ისინი საუკეთესო „პიროვნებები“ არიან ჩემს ცხოვრებაში. სახლში ორივე მოტყუებით მივიყვანე – ოჯახის წევრები დავაჯერე, რომ ჩვენთან დროებით უნდა ეცხოვრათ…

– სოფლის მეურნეობაშიც ხომ არ აპირებ ჩართვას?

– როგორ გამოიცანით? დიახ, ვფიქრობ ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად ძალები აგროტურიზმის სფეროში მოვსინჯო. ვაპირებთ ავაშენოთ პატარა სასტუმრო ფერმით, სადაც ცხოველებსა და ფრინველებს მოვაშენებთ. ისლანდიაში მოგზაურობისას იქაური სახლებით აღვფრთოვანდით და გვინდა ასეთივე ტიპის სასტუმრო ავაშენოთ.

– ხშირად მოგზაურობ?

– მგონი იმიტომ დავიბადე, რომ ვიმოგზაურო. ჯერ მხოლოდ 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობა 20 წლის ასაკში ევროპით დავიწყე. ამით მაშინვე მოვიწამლე და მინდა ამ „სენისგან“ არასოდეს განვიკურნო… ისლანდიას გამოვარჩევდი, საოცრებათა ქვეყანას. მაოცებს თავისი ხალხით, სასწაულმოქმედი გეიზერებითა და ჩანჩქერებით. წარმოიდგინეთ, რომ ამ კუნძულოვან ქვეყანაში კრიმინალის მაჩვენებელი თითქმის არ არსებობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს მხოლოდ ორი პატიმარი იხდის… ყველა ჩემი მოგზაურობა საკუთარი სახსრებით ფინანსდება. ვფიქრობ, სამოგზაუროდ წასვლისთვის არავინ არ უნდა შეაწუხო. თუ ეს გსურს, შენვე უნდა უზრუნველყო საჭირო თანხის მოძიება. ძირითადად მარტო ვმოგზაურობ, ზოგჯერ დედასთან ან მეგობართან ერთად. სოფელი რაჭასა და სვანეთში მაქვს. ხშირად დავდივარ ყაზბეგში.

– შენი ერთ-ერთი სერიოზული გატაცება კერძების მომზადებაა…
– იმ პროცესზე სასიამოვნო არაფერია, როცა სამზარეულოში ევროპულ, აზიურ თუ ჩემ მიერ გამოგონილ უცხო, უცნაურ კერძებს ვამზადებ. გემოს გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალი. ვცდილობ, არ მივყვე კლასიკურ რეცეპტებს და შესაბამისად, ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ახლობლები აღნიშნავენ, რომ ჩემი ეს „რისკი“ ამართლებს და ძალიან მიხარია…

შორენა ლაბაძე

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხელოვნური ინტელექტი ახალდაბადებულ გოჭებს გადარჩენაში დაეხმარება
Next post ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ