მეუფე შიო: რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეები, რადგან მათ გარეშე, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია

Read Time:2 Minute, 52 Second

„დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება… ეს არის ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. უფალთან შეხვედრა გარდაუვალია. ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება…“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებაზე აღნიშნა, „რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნინოობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

წმინდა ნინო ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია, წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რათა თავისი ქადაგებით და ღვაწლით ჩვენი ერი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

აი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის; და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ ჩვენ გვიხსნა არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.“

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იკითხება ტაძრებში სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ. იგავი მოგვითხრობს, რომ ეს ქალწულები ლამპრებით ხელში ელოდებიან სიძის მოსვლას. ბრძენმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად მოიმარაგეს ზეთიც. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას; ხოლო სულელ ქალწულებს ეს ზეთი შემოაკლდათ. ამიტომ სიძეს შეხვდნენ ჩამქრალი ლამპრებით და ისინი ქორწილში აღარ შეუშვეს.

სიძე მათ ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ!“ – აქ საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რაც ყველა ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი თავისი კეთილი საქმეების გამო, ანგარიში ჩააბაროს ღმერთს, იმიტომ რომ, წმინდა მამების განმარტებით, ამ იგავში ნახსენებ ლამპრის ზეთში სწორედ კეთილი საქმეები იგულისხმება.

ეს იგავი გვასწავლის ჩვენ, რომ რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია.

აი, ამ გონიერ ქალწულებს ჰქონდათ მომარაგებული კეთილი საქმეები. ამიტომ მათ იზრუნეს, რომ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. სულელებს კი ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ.

დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა, უნდა მას ეს თუ არა უნდა, როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, – ეს არის ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. უფალთან შეხვედრა გარდაუვალია. ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება.

ამ იგავით უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ჩვენმა უზრუნველობამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე; რომ მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ სიძესთან შეხვედრისთვის. აი, ასეთი უზრუნველი ადამიანი ზარმაცობს, თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შემდგომში მოასწრებს ცხოვრებას, შემდგომში მოასწრებს სიყვარულის სწავლასაც, მოასწრებს სინანულს, მოასწრებს გამოსწორებას და ის ასე ფიქრობს: ,,ნუთუ ღამე მოვა ღმერთი?! ნუთუ მოულოდნელად მოვა ღმერთი?! მე ჯერ კიდევ მოვასწრებ, როდისმე მოვალ გონს, როცა შემატყობინებენ, რომ სამსჯავრო ახლოს არის და მალე იქნება”; მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო მოდის ღამე ამით და მისთვის მოულოდნელად, რატომ? იმიტომ, რომ მძინარე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყოველი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით დღე, არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა“.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ ჩვენი ზეციური სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ მისგან მარადიულ სიკეთებს, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.

მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც ბრძანდება წმინდა ნინოს სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი საქართველოში და მისი წინამძღოლობით მოხდა ჩვენი ერის ახალი მოქცევა სარწმუნოებაზე, რისთვისაც ჩვენ მას ვმადლობთ დიდად და ვუსურვებთ მრავალჟამიერ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, – აცხადებს მეუფე შიო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: ზედმეტი ინსინუაციები, რასაც რესპუბლიკურის პერსონალიდან ზოგიერთი აჟიტირებული ჯგუფი მიმართავს და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს ნაძირალობაა
Next post გია ცაგარეიშვილი: შეშფოთება შევატყვე ლევან ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა