მამუკა მდინარაძე – გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს

Read Time:2 Minute, 35 Second

ჩვენი ქვეყნიდან რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესება წარმოუდგენელი რამ იქნებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენ ოკუპანტ ქვეყანას პრაქტიკულად, ვერაფრით დავაზიანებდით, შეიძლება, რაღაც 0,01% ე.წ ზიანი მიგვეყენებინა, მაგრამ აქეთ სერიოზულ ზიანს მივიღებდით. კვლევა ხომ გახსოვთ ბოლოს, სადაც გამოიკვეთა, რომ ჩვენ რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა თუ არ ვცდები, 11,4% იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დაგვემართებოდა, როცა პანდემიის დროს 6,4% იყო ვარდნა და გვახსოვს, ამ ქვეყანას რა დაემართა, რა რეცესიები იყო და ეკონომიკაში რა ხდებოდა საერთოდ. ანუ, ეს ორჯერ მეტ უბედურებას მოიტანდა მოქალაქეებისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს სასაყვედურო არაფერი არ აქვს.

„მე მგონია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. იმიტომ, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა. მათ შორის, ხაზგასმით ვამბობ ჰააგის ტრიბუნალთან მიმართებით რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, რაც კონკრეტულ მხარდამჭერ დოკუმენტში აისახა და ასეთ დოკუმენტებში ჩვენ ვიყავით როგორც თანასპონსორები, ასევე თანაავტორები. მაგალითად, ასევე ჩვენი მეგობარი მოლდოვასგან განსხვავებით, რომელმაც ეს შეიძლება, ვერ გარისკა, მაგრამ ვერ გაამტყუნებ ვერც აქ მოლდოვას. ისიც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა. ჩვენ ეს გავრისკეთ, მაგრამ როდესაც საქმე შეეხებოდა უშუალოდ სანქციების დაწესებას, ვთქვით – კი ბატონო, სანქციების გვერდით ავლისთვის ეს ქვეყანა არ გამოდგება, რაც დაწესებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ სანქციების დამატებით დაწესება ჩვენი ქვეყნიდან, წარმოუდგენელი რამ იქნებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა თავისი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ფიზიკური, თუ ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ჩვენც ასე ვიქცევით. ოღონდ, მაქსიმალურად ზღვარს მიღმაც კი, რისკების გათვალისწინებით ვუჭერთ მხარს უკრაინას და რა მივიღეთ სანაცვლოდ? – სანაცვლოდ მივიღეთ მათი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან პიარკამპანიაში ჩართვა, რომ მიშა სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, მიშა დემოკრატიის შუქურაა, ჩვენ მწამებლები და რომ საქართველო პირდაპირ უნდა ჩაერთოს ომში. ამას არ მიიღებს ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ახლოს არის საღ აზრთან და, ვისაც რაღაც ახსოვს გუშინდელი დღიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ მოწოდებების ფონზე მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის უკრაინაში ვიზიტი რელევანტური არ იქნებოდა.

„ამ მოწოდებების ფონზე მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის უკრაინაში ვიზიტი არ მივიჩნიეთ რელევანტურად. ეს იყო რაღაც მინიმალური ჟესტი იმისთვის, რომ გვეთქვა – თქვე კარგო ხალხო, როდესაც ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ და იცით, რას ვრისკავთ, როცა ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო ჯარი გვიდგას იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ რომ დღეს ასე უჭერთ მხარს, იმ მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა ამ ხალხს, გაუფორმა და მერე ხელიც მოუწერა ყველაფერზე, რაც კი სჭირდებოდათ, თქვენ იცით, რამდენად დიდია ამ ჯარის რისკი და მიუხედავად ამისა ომში ჩართვას გვაძალებთ, მოგვიწოდებთ პირდაპირი, ღია ტექსტებით და გვაბრალებთ, რომ აქ ვაწამებთ ვიღაცას“, – განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ვისი ინტერესი შეიძლება, იყოს საქართველოს ომში ჩართვა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს იყოს გლობალური ინტერესი და არსებობდნენ ძალები, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ შექმნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს. ის ადამიანები, ვინც უფრო დეტალურად ფლობს ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე, ტკივილნარევი იუმორით იტყვიან ხოლმე, რომ ხან დახმარებას გვაყვედრიან, ხან რაღაცას, ხან რაღაცას და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით არ უნდა გაგასუქოს არავინ, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყროს არავინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ამერიკულიდან კოპირებული კანონმდებლობა, ვფიქრობ დააზიანებს „ენჯეოსექტორის“ინტერესებს, რადგან ძალიან მკაცრია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან
Next post ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება