ილია მეორე თემურ წიკლაურზე: თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში

Read Time:1 Minute, 18 Second

სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში, – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

პატრიარქის სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ წლების წინ თემურ წიკლაურმა მეგობრების ფინანსური დახმარებითა და ქართველ-ებრაელთა თანადგომით, იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს.

„მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ – როგორც პიროვნებაც.

ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა.

პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ.

თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებითა და ქართველ-ებრაელთა თანადგომით, იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს.

ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა.

შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის.

სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა.

მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა“, – წერს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილში.

საზოგადოებამ თემურ წიკლაური დღეს ცხოვრების უკანასკნელ გზაზე გააცილა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე: საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს
Next post ​დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს