სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი მკაცრდება

Read Time:1 Minute, 58 Second

შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს.  გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში შვიდი ქართველია
Next post ანუკი არეშიძე კახა კალაძეზე: იმაზე ბევრად უფრო კეთილი ადამიანია, ვიდრე ჩანს…