მიხეილ ცაგარელი: 2020 წელს უამრავი კონფლიქტი, მიტინგი და მაღალჩინოსნების გადაყენება გველოდება (ინტერვიუ)

Read Time:8 Minute, 10 Second

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 2020 წელი განსაკუთრებულად რთული წელი იქნება. ამ წელს იქნება უამრავი მიტინგი, კონფლიქტები, მაღალჩინოსნების გადაყენებები… ცაგარელის თქმით, სირთულეებია მოსალოდნელი რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც და თუ ქართული დიპლომატია კარგად არ იმუშავებს, შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შესაძლოა სხვა რამდენიმე ქვეყანამაც აღიაროს.

მიხეილ ცაგარელი „აიპრესთან“ ინტერვიუში არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასტროლოგი იმასაც ამბობს, რომ სირთულეებია მოსალოდნელი ეკონომიკისა და ფინანსური მიმართულებით.

_ როგორ უნდა გავაცილოთ ძველი წელი, შევხვდეთ ახალ წელს და როდის არის ძველი წელის გაცილების დღე?

_ ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალ წელს. როგორც შევხვდებით ახალ წელს, ისევე წარიმართება მთელი წელი. ამიტომ, 2020 წლის 25 იანვარს იწყება აღმოსავლური კალენდრით ლითონის თეთრი ფერის ვირთხის წელიწადი. კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ სარიტუალო წესებს და პატივი მივაგოთ მომავალი წლის მასპინძელს, რათა მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა. ანუ, ასე ვთქვათ, რომ უპირველეს ყოვლისა 25 იანვრამდე გვექნება ტახის, ანუ ღორის წელიწადი. აქედან გამომდინარე ნუ გავანაწყენებთ მას. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ტახის და ვირთხის გამოსახულებიანი ფიგურები. ეს გავითვალისწინოთ.

წელს მართავს ემოციური მმართველი მთვარე, შესაბამისად იქნება ბევრი ემოცია. ძირითადი რიცხვია ოთხი, ამიტომ კარგი იქნება 4 სანთლის დანთება ახალი წლის დადგომამდე 10 წლით ადრე, რათა მადლობა გადავუხადოთ წინა წელიწადს. მაგრამ, ყველაზე კარგი იქნება, თუ ჩვენ დავემშვიდობებით მას 22 დეკემბერს.

_ ეს რიტუალი როგორია?

_ გაცილების რიტუალი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვიღებთ რაიმე სახის ზარს, თუ გვაქვს პატარა ზარი კარგია, ზემოდან ვადებთ ჩვარს, რათა მოგუდული ხმა იყოს და საათის ისრის საწინააღმდეგოდ დავდივართ ოთახში. ვაცილებთ და მადლობას ვუხდით ძველ წელს. ასე იყო ოდითგანვე საქართველოში. ხოლო მეორე დღეს 23-ში უკვე უნდა მოვაცილოთ ჩვარი ამ ზარს და ექნება წკრიალა ხმა და უკვე საათის ისრის მიმართულებით შეგვიძლია შევხვდეთ ახალი წლის დადგომას. თუ 22 და 23 დეკემბერს ვერ ვაკეთებთ ამას, შეგვიძლია 31 დეკემბერს განვახორციელოთ. 31-ში გავაცილოთ ახალი წელი და როდესაც დადგება ახალი წელი სუფთა ზარით შევხვდეთ ახალ წელს. ვიმეორებ, რომ 4 სანთლის დანთება კარგი იქნება.

_ რატომ მაინცდამაინც 4 სანთელი? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს 4 სანთელს?

_ 4 იმიტომ, რომ 2020 და ორჯერ ორი გვაძლევს 4-ს. ეს დატვირთვა აქვს.

ასევე კარგია თუ გექნებათ ვირთხის გამოსახულებიანი ყულაბა, თუ არ გაქვთ არა უშავს ნებისმიერი ყულაბა კარგია. კარგია თუ ჩაყრით ვერცხლისფერ ოთხ მონეტას და ყოველ ჩაგდებაზე ჩაიფიქრებთ სურვილს, მეკვლე უნდა იყოს სანდო, ერთგული და თუ წარმატებულია, კიდევ უფრო უკეთესია. კარგი იქნება თუ თქვენს სახლში ტკბილეულთან ერთად შემოიყვანს თხილს, ყველს და ლითონის 4 ან 12 ვერცხლისფერ მონეტას. შეიძლება 20 თეთრიანები იყოს, შემოაგდებს თქვენს სახლში. ძირითადი ფერებია: თეთრი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი. შემდგომ უკვე ლურჯი, ოქროსფერი და მცირე რაოდენობით მწვანე და წითელი. უმჯობესია ეს ფერები ფიგურირებდეს ნაძვის ხის მორთვაში.

_ ახალ წელს ტანსაცმელიც ამ ფერების გვეცვას?

_ უმჯობესია ეს ფერები პრევალირებდეს. შიგადაშიგ შეგიძლიათ შავიც გაურიოთ. მაგიდის გადასაფარებელი უნდა იყოს თეთრი და ვერცხლისფერი. კარგი იქნება მაგიდაზე 4 სანთლის დადგმა ლითონის სადგამზე. მის ქვეშ დადეთ ორი 20 თეთრიანი, ახალი წლის შემდეგ ეს ფული ჩაიდეთ საფულეში და ატარეთ მთელი წლის განმავლობაში. ჭურჭელი და ხელსახოციც უმჯობესია იყოს თეთრი და ვერცხლისფერი, რათა მოიზიდოთ ფინანსები. ასევე შეგიძლიათ მაგიდის შუაში მოათავსოთ ლითონის ვაზა, სადაც მოათავსებთ მცირე რაოდენობის წიწიბურას, ხორბალს, ბრინჯს და სხვადასხვა ნომინალის მონეტებს, ვერცხლისფერს. ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრეთ სურვილი, ჩაყავით ვაზაში ხელი და შიგნით ყურების გარეშე ამოიღეთ. მარცვლეულთან ერთად რაც უფრო მეტი მონეტები ამოყვება, მით უფრო წარმატებული წელი გექნებათ ფინანსურად.

ასევე უნდა იყოს სუფრაზე ტრადიციული საკვები, რადგან ვირთა ტრადიციონალისტია. აქედან გამომდინარე სუფრაზე საკმარისად უნდა იყოს ტკბილეული დიდი რაოდენობით, გოზინაყი, ჩურჩხელები, ხაჭაპური, საცივი… ტრადიციული ქართული სუფრა. შიგადაშიგ შეგიძლიათ შეურიოთ ორიგინალურიც.

_ ღვინო რა ფერის უნდა იყოს?

_ შავი. სჯობს, შავი იყოს.

ისიც აღვნიშნოთ, რომ ვირთხას ურჩევნია რაოდენობას ხარისხი, ამიტომ უნდა იყოს მაღალი ხარისხის პროდუქტი. უმჯობესი იქნება, რომ სუფრასთან იყოს 4, 8, 12 ან 24 ადამიანი. ეს რიცხვები კარგია მომავალი წლისთვის. ვიმხიარულოთ კარგად, ოღონდ გახსოვდეთ, რომ მაინცდამაინც დიდი ხმაური ვირთხას არ უყვარს. ნუ შევაშინებთ, თუმცა მხიარულობით კი ბატონო ვიმხიარულოთ.

_ ვირთხის წელი ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება გამორჩეული, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით?

_ მოდით აღვნიშნოთ, რომ მთავარი ფავორიტი გვეყოლება მიწის სტიქიის სამი ნიშანი. ეს პირველ რიგში თხის რქაა, შემდეგ კურო და შემდეგ ქალწული. მათ შემდეგ მოდის მორიელი, შემდეგ თევზები. რთულია ეს წელი ისეთი ნიშნებისათვის, როგორიც არის კირჩხიბი და ვერძი. მათი მეტი თავდაჭერილობა, სიფრთხილე და წინდახედულობა მართებთ. ჯანმრთელობით დაწყებული, საქმით დამთავრებული მათ ექნებათ სირთულეები. 26 მაისამდე სასწორებს მეტ-ნაკლებად არა უშავს. 26 მაისის შემდეგ კი სირთულეები და პრობლემები ექნებათ. ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისათვის საშუალო წელია.

რაც შეეხება აღმოსავლური კალენდრის ნიშნებს, მთავარი ფავორიტი რა თქმა უნდა ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანია, შემდეგ კარგი იქნება დრაკონის და ასევე მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის. შედარებით არა უშავს ვეფხვის წელიწადში დაბადებულებსა და ძაღლის დაბადებულთათვის. რთულია მამლის წელიწადში დაბადებულთათვის და კატის წელიწადში დაბადებულთათვის. მათ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებთ. ყურადღება მართებს ცხენის წელიწადში დაბადებულებსაც, იმიტომ, რომ ეს წელიწადი შეიძლება იყოს მათთვის ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი. დანარჩენი ნიშნებისთვის კი საშუალოა.

_ მე ვარ დაბადებული კატის წელიწადში დაბადებული მერწყული, რთული წელი მელოდება?

_ მერწყულს არა უშავს, მაგრამ კატას რთული წელი ელოდება. ახლა კატა-თაგვობანას შესახებ თქვენ გსმენიათ. ახლა კი ვირთხის წელიწადია.

_ პოლიტიკურ ნაწილზე გადავიდეთ, გველოდება თუ არა ცვლილებები?

_ დიდი ცვლილებები გველოდება და ერთ-ერთი ყველაზე რთული წელიწადია ბოლო 12 წელიწადში. თუ ამ წელს გადაივლის, შემდეგ წლიდან შეიძლება ახალ 12 წლიან ციკლში ჩაებას ქვეყანა, რომელიც წარმატებული იქნება. ამიტომ, ერთ-ერთი ურთულესი წელიწადია, სადაც იქნება უამრავი სირთულე, უამრავი კონფლიქტი, უამრავი მიტინგი, მოხსნები, გადაყენებები და ა. შ.

_ ხელისუფლების შეცვლაც ხომ არ გველოდება?

_ ყველაფერია მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე იქნება ძალიან მძიმე სიტუაცია და ძალიან ბევრი სირთულე. უკვე იანვარში შესაძლოა მთავრობამ გარკვეული პოზიციები დაკარგოს. იმიტომ, რომ შესაძლოა სერიოზული გადაყენებების და საკადრო ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდეთ.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ შესაძლოა ძალიან სერიოზული სირთულეები გვქონდეს, თუ თებერვალ-მარტში მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული სირთულეები აპრილში, რომელიც იქნება პირველი ძალიან სერიოზული პრობლემების თვე, სადაც შესაძლოა სერიოზულმა მიტინგებმა და სხვა სახის სირთულეებმა იჩინოს თავი. ეს იქნება მოსამზადებელი პერიოდი იმ კოსმიური შტორმისთვის, რომელიც ჩვენ გველოდება 29 მაისიდან, რომელიც მინიმუმ 7-8 ივლისამდე. აქ ჩვენ გვაქვს მზის და მთვარის სამი დაბნელება, რომელიც გამოიწვევს ძალიან ნეგატიურ ზეგავლენას. შეიძლება იყოს სერიოზული კონფლიქტები, მიწისძვრებიც შეიძლება მოხდეს, შესაძლოა იყო პრობლემები საკადრო კუთხით პოზიციასა და ოპოზიციას შორის სერიოზული დაძაბულობა.

შემდეგ ასეთი უსიამოვნო პერიოდი გვქნება 26 ივლისიდან მთელი აგვისტოს ჩათვლით და 26 სექტემბრამდე გასტანს. საკმაოდ რთული იქნება ზაფხული. ამ დროს მოიმატებს აგრესია. შეიძლება იყოს ეკონომიკის სფეროში სერიოზული კრიზისები, ხანძრები და სხვა სახის დაძაბულობა. ამიტომ ეს პერიოდი ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ. შეიძლება გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემები შეიქმნას და იყოს დიდი რაოდენობით ინსულტები, ინფარქტები და ა. შ. ადამიანთა უმეტესობა იქნება გაღიზიანებული, ამიტომ დაპირისპირებების, ტრავმების, ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა ძალიან დიდია.

შემდეგ კი კიდევ ერთი სერიოზული პრობლემების პერიოდი გვექნება 7-22 ოქტომბერი. ეს არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება, არამედ შესაძლოა ქვეყნებს შორისაც კი დაიძაბოს ურთიერთობა. შესაძლოა მოხდეს საზღვრებისა და ხელშეკრულებების გადახედვა. ზოგიერთი სახელმწიფო აღიარებს ისეთს, რომელიც აქამდე არ იყო აღიარებული. ამიტომ, თუ მთავრობა არასწორ პოლიტიკას აწარმოებს, შესაძლოა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სხვა სახელმწიფოებმაც ცნონ. თუ დიპლომატები სათანადოდ არ იმუშავებენ, ასეთმა ვითარებამ კიდევ უფრო გაამძაფროს წინა საარჩევნო სიტუაცია. ეს პერიოდები ყურადღებით უნდა გავიაროთ. იმიტომ რომ ვიმეორებ გვექნება სერიოზული საკადრო პრობლემები. ამავე დროს იქნება ახალი სახეების, ლიდერების და პარტიების გამოჩენა. იქნება სერიოზული ბრძოლა, რომელმაც შესაძლოა გამოძახილიც ჰპოვოს, შედარებით მცირე მაგრამ მაინც შეიძლება გამოიხატოს ნოემბრის თვეშიც კი, ყოველ შემთხვევაში მის პირველ ნახევარში. ასე, რომ პოლიტიკური კუთხით ეს წელი იქნება ძალიან რთული. საკადრო პრობლემები იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია. იმიტომ, რომ არაპროფესიონალები უნდა მოშორდნენ.

2021 წლიდან ქვეყანა იწყებს 12 წლიან ციკლს, რომელიც უფრო უნდა იყოს წარმატებული და უფრო მეტად წინსვლის მქონე, ამიტომ ამისთვის ამ ბალასტის მოშორებაა საჭირო. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ფაქტების ფალსიფიკაციის დიდი რაოდენობა იქნება. მასმედიით იქნება დეზინფორმაცია დიდი რაოდენობით. ამიტომ, ასე მარტივად არ უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ არც მასმედიას და არც პარტიებს, რადგან მოტყუების ტენდენციები იქნება.

_ ეკონომიკური პროცესებისა და ლარისთვის როგორი წელი იქნება?

_ ძალიან რთული. აქ ჩვენ გვექნება სირთულეები, იმიტომ რომ აქ საჭიროა დიდი ცვლილებების შემოტანა. ურანის პლანეტა, რომელიც მოულოდნელობების პლანეტაა, შესულია კუროს ზოდიაქოში, რომელიც მართავს საფინანსო, საბანკო და ეკონომიკურ სექტორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ითხოვს აუცილებელ ცვლილებებს. ცვლილებები პირველ რიგში უნდა იყოს სოციუმისთვის განკუთვნილი და არა საკუთარი ჯიბისთვის.

ის ქვეყანა რომელიც ამას ვერ შეძლებს და ის მინისტრი, რომელიც ამას ვერ შეძლებს, აუცილებლად დაკარგავს თავის თანამდებობას და ქვეყანას შეექმნება სერიოზული პრობლემები. იმიტომ, რომ გასული წლის მეორე ნახევარში პლანეტა მარსი შეუერთდა ურანს და ეკონომიკის სფეროში ანუ კუროს ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. ეს სერიოზულ დაღს დაგვასვამს, ამიტომ ნუ გვექნება იმედი, რომ 2020 წელს იქნება სიმშვიდე სავალუტო კურსის მხრივ. ისევ იქნება ციებ-ცხელება და არასტაბილურობა. ამიტომ, თუ შესაბამისმა სამსახურებმა თუ არ მიიღეს სათანადო ზომები, შესაძლოა ისევ სავალალო დაღი დაასვას ქვეყანას, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას, უკმაყოფილებას და აქედან გამომდინარე სერიოზულ ცვლილებებს.

_ ახსენეთ, რომ დაძაბულობა მოიმატებს და რუსეთისგანაც ხომ არ გველოდება მორიგი გამოწვევა?

_ რასაკვირველია გველოდება. დაძაბულობა რუსეთთანაც იქნება, განსაკუთრებით მარტის ბოლოდან 2 ივნისამდე. თუ დიპლომატები სათანადოდ არ იმუშავებენ და სათანადო ბერკეტებს არ გამოიმუშავებენ, დაძაბულობა იჩენს თავს. განსაკუთრებით ოქტომბერში და არ არის გამორიცხული, რომ საზღვრებიც გადაიხედოს, აღიარონ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ა. შ. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული მთავრობისა და დიპლომატების სათანადო მუშაობაზე. რაც უფრო შევძლებთ მეტ-ნაკლებად ურთიერთობების დარეგულირებას რუსეთთან, მით ნაკლებად გვემუქრება ეს ტენდენციები.

_ რაც შეეხება დემოკრატიას, ამ მხრივ რა გამოწვევები გველოდება?

_ დემოკრატიული პრინციპებისთვის ბრძოლა იქნება ამ წლის მთელი ქვაკუთხედი. იქნება სერიოზული სირთულეები, მაგრამ ძირითადი დემოკრატიული საფუძვლების თვალში საცემი ფაქტორები ჩვენ გვექნება 2021 წლიდან, როდესაც იუპიტერი, გამარჯვების პლანეტა გადავა დემოკრატიის ნიშანში ანუ მერწყულში, ამ დროიდან იქნება სერიოზული დემოკრატიული და სოციალური ცვლილებები.

2020 წელი კი მაინც იქნება ბჭობა, დაპირისპირება, კამათი ამ დემოკრატიულ ცვლილებებთან, კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებთან და ა. შ.

_ 2021 წლიდან იწყება 12 წლიანი აღმავლობის ხანა?

_ დიახ, საქართველოს განვითარების 12 წლიანი ციკლი. 2020 წელს მომზადდება ეს კანონპროექტები და 2021 წლიდან დაიწყება მათი კონსტიტუციაში შეტანა და მისი რეალიზაცია.

_ ინტერვიუს ბოლოს მითხარით მსოფლიო რა გამოწვევების წინაშე იქნება და რა ელოდება?

_ მთავარი გამოწვევა იქნება ეკოლოგიის საკითხები და ფინანსური კრიზისი. ეს არის მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი. ამასთანავე ზაფხულის პერიოდში არაერთ ქვეყანაში იქნება ხანძრები და მიწისძვრები, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. როდესაც ომის მმართველი პლანეტა შევა ვერძში, რომელიც ძალიან აგრესიული ნიშანია და იმას იქ შეხვდება შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა და მარსის შეერთება მაცდუნებელ ძალასთან, ვერძთან ეს გამოიწვევს ამ პროცესს. პირველი ნიშნები გადაიდგმება აპრილში, მაგრამ ყველაზე მეტად ივნის-ივლისში დაიწყება შემზადებები, რაც განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდება აგვისტო-სექტემბერში. ამ დროს არის მაღალი ალბათობა ქვეყნებს შორის დაპირისპირებებისა, მათ შოროს სამხედრო დაპირისპირებისა და მცდელობა საზღვრების შეცვლისა. აი ეს პერიოდ ალბათ ყველაზე რთულია და ვიმეორებ, დიპლომატებს სჭირდებათ სერიოზული მუშაობა, რომ ეს პერიოდი არ გადაიზარდოს სერიოზულ სამხედრო კონფრონტაციაში მსოფლიო მასშტაბით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი – პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია
Next post “სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ” – სოფო კილაძე