დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას მოღალატეობრივს უწოდებს

Read Time:1 Minute, 25 Second

ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება დაკარგულიყო, თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით-გარეჯის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ახალ კომისიას აქვს პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა, პრინციპულად სხვა ღრმა კვლევას და ავთენტურ დოკუმენტაციას ეყრდნობა მათი მიდგომები, ამიტომ გაცილებით მეტია იმედი. განახლებული კომისიის მუშაობის დაწყება ვიცით, რომ უკავშირდებოდა იმ რუკის მოპოვებას, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, შარშან არსებობდა ამ რუკის ასლი, ავთენტურობის დამტკიცება და კომისიაში ამის გამოყენება ვერ ხერხდებოდა. სიახლე რაც არის ახლა, რაზეც გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება, მდგომარეობს იმაში, რომ მოპოვებულია ის კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ავთენტურია და შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომისიის მუშაობაში, როგორც საფუძველი საზღვრის გავლებისა. თავიდანვე ასე უნდა წარმართულიყო მუშაობა, მაგრამ რატომღაც გაუგებარ ვითარებაში მოხდა 1938 წლის რუკის ამოღება სამუშაო პროცესიდან და კომისია ხელმძღვანელობდა გაუგებარი რუკებით. ვერ გეტყვით ეს რუკა რატომ ამოიღეს, რა მოტივით, ვინ იდგა მათ უკან და როგორ გაბედეს ასეთი რაღაცები, ამას ძიება გვიჩვენებს და ჩვენც ველოდებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად ერთვის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის კვირა“, 21:00 საათზე, მაყურებელი დავით-გარეჯის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ნახავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: გარკვეული ძალები ცდილობენ, საქართველო კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინონ
Next post რატომ ვერ ან არ მოიძია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ რუკა დავით გარეჯის კუთვნილების საკითხის გასარკვევად