ყველა არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ცდილობდნენ, რეგიონებში გასულიყვნენ. იქ უარს რომ იღებდნენ, უცხოეთში მიდიოდნენ და ცდილობდნენ, იქიდან თანხები, მხარდაჭერა წამოეღოთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას „ამ ვითომ გაერთიანების თავადაც არ სჯერა“.
„როგორც კი გაერთიანება დააარსეს, თქვეს, კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე ვიბრძოლებთო. ასეთი მიდგომები როცა გაქვს, ცალ-ცალკე ივლი თუ ოთახ-ოთახ, ამას არაფერი ეშველება. რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ სატელიტებმა? ეკლესიის გინების გამო ან წინა ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახების წინაშე ბოდიშს იხდიან? არ იხდიან. პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, 17-21 მარტს ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მომხრეა. ე.წ. გაერთიანებაში კი მხარს უჭერენ იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა დააკანონონ. რას შესთავაზებენ ხალხს? მათი არავის სჯერა, მგონი, არც მათ ამომრჩეველს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

