,,პირველად ქაშვეთში ვნახე, მაშინ იქ ახალი დაწყებული მქონდა სიარული. პატრიარქი ყოველ გიორგობას მოდიოდა ხოლმე. ახლოს შევხვდი, ეტყობა, აქტიური ვიყავი, გაიცინა და ნაკურთხი წყალი შემასხურა. მერე კი, როცა საპატრიარქოში მივედი, ასე გავიცანი. დილას ვმორიგეობდი. პატრიარქი ეზოში სალოცავად მარტო ჩამობრძანდა. დილის 7 საათი, 8-ის წუთები იქნებოდა. მარტო მე დავხვდი. მარტო მე და პატრიარქი ვიყავით. აანთო სანთელი და ლოცვა წავიკითხე. მკითხა, ვინ ბრძანდებითო? თქვენობით მოგვმართავდა. ეს მისი საოცარი კულტურა, უბრალოება მართლა გამორჩეული იყო. მასთან თუ იყავი, გაგრძნობინებდა, რომ შენ რაღაცას წარმოადგენდი და თვითონ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მას სხვანაირად არ შეეძლო – უბრალოდ და თავმდაბლად ურთიერთობდა. ბუმბერაზი ადამიანი შენნაირი ხდებოდა… რომ გაიგო, მსახიობი ვიყავი, თეატრზე დამიწყო ლაპარაკი, კონკრეტულ მსახიობებზე მკითხა. მერე მკითხა თუ მიყვარდა მცენარეები, ცხოველები, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები. ძალიან ბევრი თბილი წუთი და დღე მახსენდება… რომ ვყვები ამას, მერიდება კიდეც. ზოგადად რაც ამ წლებში მქონდა, ღვთის საჩუქარია და თავად პატრიარქის წყალობა…”-იხსენებს კახა მიქიაშვილი

