რა არის კონკრეტული გეგმა შუა დერეფნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, როდის ესაუბრეთ ბოლოს ქართულ მხარეს, ვიცი, კომისიამ ქართული მთავრობისადმი გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერესმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენდნენ.
„მინდა, პირდაპირ გკითხოთ სამხრეთ კავკასიის, კონკრეტულად კი საქართველოს მდგომარეობაზე. ახლა ორი რუკა მაქვს — ერთი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის, მეორე კი იმ მარშრუტებისა, რომლებიც ევროპას აზიასთან აკავშირებს. ერთი მარშრუტი რუსეთზე გადის, მეორე ე.წ. შუა დერეფანია, მესამე კი სამხრეთის დერეფანი – ინდოეთის ოკეანის გავლით. სამხრეთის მარშრუტს ამჟამად პრობლემა აქვს – ჰორმუზის სრუტე. ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის მარშრუტს კომისია იმედია, არ გამოიყენებს. შესაბამისად, ერთადერთი სცენარი შუა დერეფანია. გეოგრაფიას ვერ შევცვლით, ეს დერეფანი აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. ასევე, მიმდინარეობს დისკუსია სომხეთის ჩართვის შესახებ, ეს კარგი პროექტია, თუმცა ამ ინიციატივის დამსახურება ახლა ტრამპს მიეწერება, ვინაიდან ევროკავშირმა ვერ შეძლო მისი განხორციელება. ჩემი კითხვაა – რა არის თქვენი კონკრეტული გეგმა ამ დერეფნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად? როდის ესაუბრეთ ბოლოს ქართულ მხარეს? ვიცი, კომისიამ ქართული მთავრობისადმი გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ კი მდივანმა რუბიომ პირდაპირ დაურეკა პრემიერ-მინისტრს. თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ? გვჭირდება საქართველო, გვჭირდება სომხეთი, გვჭირდება აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათი შენარჩუნებისთვის?“, – მიმართა ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა მარტა კოსს.
თავის მხრივ, ევროკომისარმა პასუხად განაცხადა, რომ დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია. „ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც“, – აღნიშნა კოსმა.

