საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

Read Time:1 Minute, 9 Second

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო – მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ და ფრანგ სამხედროებს „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსის“ წარმატებით დასრულება მიულოცა და სამთო მიმართულების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, სამთო მომზადების სკოლა ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის სიმბოლოა და მისი სამთო პროფილიდან გამომდინარე, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის წვრთნებისა და განათლების მრავალ ცენტრს შორის უნიკალურია.

სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საფრანგეთის მხრიდან ქართული სამთო სკოლისთვის თითქმის მილიონი ლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. დოკუმენტს ხელი საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტს უწყებრივი ჯილდო „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. კურსდამთავრებულებს კი, შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაზე: გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი
Next post “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.