სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Read Time:1 Minute, 35 Second

საქართველოს პრეზიდენტმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის „სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.

ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს მისი განსაკუთებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ, ორბელიანების სასახლეში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო იმართება. მგონი, ეს ერთგვარ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, მაგრამ ტრადიციად რომ ვაქციოთ, ალბათ, ყოველ ჯერზე არ გვექნება ბედნიერება, რომ ტარიელ ხარხელაურს ვუმასპინძლოთ. პოეტებს სახელით იცნობენ, სახელით იხსენებენ და ისინი ამ სახელით შედიან ისტორიაში. თქვენ კი, უკვე ხართ საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. მინდა, მთელი საქართველოს სახელით, თქვენ მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტანი არიან ადამიანები, ვისაც ამგვარი პატივისცემა ეკუთვნის. ბედნიერი იქნებოდა საქართველო, რომ მეტნი იყვნენ ადამიანები, ვინც ღირსნი იქნებოდნენ ასეთი პატივისცემისა. იმედი მაქვს, სხვა დროც დადგება და გვეყოლება მეტი სამაგალითო ადამიანი. მეტი პოეტი შეიძლება, არა, რადგან დიდი პოეტები ხშირად არ იბადებიან და ყოველ ეპოქაში ერთი ალბათ უკვე ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ: – რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემებია, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა? სწორედ ახლაა პოეზიის დრო, ახლა, ისე, როგორც არასოდეს. თუ არის რამე, რამაც შეიძლება, ერთგვარად გაგვაერთიანოს, სხვა რამ დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ეს ძალიან გვჭირდება. არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება, მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დრო გავა და მივხვდებით, რომ ალბათ ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კულტურამ იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან დიდი მადლობა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზენტაციაზე.

ორბელიანების სასახლეში მოწვეული სტუმრების წინაშე პოეტის ლექსები წაიკითხეს და სიტყვით მიმართეს: წიგნის პასუხისმგებელმა რედაქტორმა გიორგი ფარეშიშვილმა, მწერალმა ხასო ხანგოშვილმა, პოეტმა გელა დაიაურმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ, პოეტმა ოთარ ფალიანმა, მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, გაიზიარებს თუ – არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის ამ აბსურდულ ჩანაწერებს
Next post მამუკა მდინარაძე: შეიძლება, საქმე გვქონდეს კორუფციასთან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე დაჟინებით, მტკიცებულებების გარეშე ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამას აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან