როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ტელეფონის აკუმულატორი მალე არ დაჯდეს

Read Time:2 Minute, 22 Second

არსებობს რამდენიმე სასარგებლო ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებელს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ერთხელ დატენვის შემდეგ სმარტფონის აკუმულატორი რაც შეიძლება დიდხანს არ დაჯდეს.

– რაც მთავარია, ნუ შეამოწმებთ ეკრანს ყოველ 5 წამში ერთხელ იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანში შეიძლება დაჯდეს თქვენი ტელეფონი. თუ საქმე ძალიან ცუდადაა, ჩართეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომელიც აიფონების და Android-ის სმარტფონების თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად თანამედროვე მოდელს და Windows Phone-ის სისტემის ტელეფონებსაც კი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს რეჟიმი საგრძნობლად ამცირებს ეკრანის სიმკვეთრეს და მოწყობილობის მწარმოებლურობას, ამიტომ ასეთი ტელეფონით სარგებლობა ძალიან კომფორტული ვერ იქნება.

ეს რეჟიმი გამოსადეგია, როდესაც აკუმულატორს სულ ცოტა ენერგია დარჩა და ის ავტომატურად ირთვება, როდესაც დამტენის დამუხტვის მაჩვენებელი ორი ან სამი ათეული %-ია. თუმცა მისი ხელით ჩართვა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაშინაც კი თუ თქვენი ტელეფონი სრულად არის დატენილი და დენის წყაროსთან დიდხანს ვერ მოხვდებით.

– მაგრამ ენერგიის დაზოგვა ამ რეჟიმის გარეშეც შესაძლებელია. უბრალოდ უნდა გათიშოთ ტელეფონის ფუნქციების მაქსიმუმი, რომლებიც კონკრეტულ მომენტში არ გჭირდებათ. დაიწყეთ Bluetooth-ით და Wi-Fi-თ, თუ რა თქმა უნდა, ისინი არ გჭირდებათ, რადგან მაგალითად გადიხართ ბუნებაში, სადაც უსადენო ინტერნეტი ნამდვილად არ არის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ სიგნალი ძლიერია ინტერნეტთან Wi-Fi-ით დაკავშირება აკუმულატორს უფრო ეკონომიურად ხარჯავს, ვიდრე ინტერნეტთან მობილური ქსელით დაკავშირება. ამასთან, Wi-Fi-სთან დაკავშირებულ ტელეფონს იოლად შეუძლია თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ვიდრე GPS-სენსორს. სხვათა შორის, ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქციაც შეგიძლიათ გათიშოთ, თუ ის არ გჭირდებათ. თუ იყენებთ სმარტფონს 4G რეჟიმით, გადართეთ ის 3G-ზე; ასეც დაზოგავთ ენერგიას.

– თუკი ყველა ქსელი გამორთულია, მაგრამ აკუმულატორი მაინც სწრაფად ჯდება, ეკრანს მიუბრუნდით. ის ტელეფონში ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს. დასაწყისისთვის მისი სიმკვეთრე მაქსიმალურად შეამცირეთ. ჩართეთ რეჟიმი, რომელიც მოწყობილობას თავად მოარგებს სიმკვეთრეს საჭირო ნიშნულამდე. შეცვალეთ პარამეტრები იმგვარად, რომ ეკრანი, თუ მას არ იყენებთ, მაქსიმალურად სწრაფად ქვერებოდეს.

– შეგიძლიათ გათიშოთ ასევე ვიბრაციული ზარი და ვიბრაცია, რომელიც ეკრანის ღილაკზე თითის დაჭერისას მუშაობს; ასევე არასაჭირო შეტყობინებები აპლიკაციებიდან. თუ თქვენი სამუშაო გაძლევთ საშუალებას, შეგიძლიათ ფოსტის ავტომატური შეტყობინებებიც გამორთოთ. ესეც დაგიზოგავთ ენერგიას.

– არ არის საჭირო ზედმეტი აპლიკაციების გაუქმება. Apple-იც და Google-იც აცხადებენ, რომ თუ თქვენ რეგულარულად დახურავთ ფონურ აპლიკაციებს, აკუმულატორს ამით შეღავათი არ ექნება. პირიქით, ჯერ ერთი ფონური აპლიკაცია ხშირად არც არაფერს აკეთებს და უბრალოდ ელის როდის აამოქმედებთ ხელახლა, და მეორეც, აპლიკაციის ამოქმედება „გაყინული“ მდგომარეობიდან ტელეფონისთვის უფრო იოლია, ვიდრე ნულიდან.

– რაც შეეხება იმას, თითქოს აკუმულატორი უნდა შეანჯღრიოთ ან სრულად დაცალოთ ენერგიისგან და შემდეგ ასევე სრულად დატენოთ – ეს მითებია. თანამედროვე ტელეფონებს აქვთ ლითიუმ-იონური აკუმულატორები, რომლებსაც არანაირი სრული დამუხტვა არ სჭირდება. მეტიც, თქვენ ავნებთ ასეთ აკუმულატორს თუ მას სრულად დაცლით (მაგალითად, ნულამდე და დიდხანს აღარ დატენით).

– სამაგიეროდ, უკეთესია თუ დაიცავთ აკუმულატორის ტემპერატურულ რეჟიმს. მაგალითად, Apple-ის რეკომენდაციით, მობილური მოწყობილობისთვის სასურველი ტემპერატურაა ნულიდან 35 გრადუსამდე. შესაბამისად, შეეცადეთ არ დატოვოთ სმარტფონი სიცხეში და არ ატაროთ ის დიდხანს ტანსაცმლის შიდა ჯიბით.

– თუ ყველაფრის მიუხედავად აკუმულატორს არაფერი არ შველის, ორი ვარიანტია: შეგიძლიათ ის გამოცვალოთ (ბატარეის შეცვლა აიფონშიც შეიძლება, თუმცა ჯობს ეს სერვის-ცენტრში გააკეთოთ) ან იყიდოთ გარე აკუმულატორი, რომლითაც ტელეფონს ნებისმიერ დროს დატენით. ასეთი აკუმულატორები სხვადასხვა ფორმისაა და მათ powerbank-ს უწოდებენ.

წყარო: imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ერევანში აქციის დაწყებიდან მალევე სპეცრაზმი გამოჩნდა
Next post გიორგი კეკელიძე საზოგადოებას მიმართავს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ელექტრონული საძიებო სისტემის შესავსებად წინაპრების მონაცემები მიაწოდონ