ნათია თურნავა: ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვურჩევდი

Read Time:1 Minute, 29 Second

ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვურჩევდი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

თურნავას თქმით, 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება რომელიმე ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოზე ზეწოლის შედეგი არ ყოფილა.

„ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში.

მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ხდება მაღაზიებისა და მოლების შემთხვევაში.

„ტურიზმის ინდუსტრიას დავპირდი, რომ შემდგომ კვირაში დიდი ალბათობით, შევხვდები, შრომის ინსპექციასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა უსაფრთხოების ზომები უნდა მივიღოთ. იცით, რომ ჩვენ იგივე პრაქტიკა გვაქვს სხვა ბიზნესებშიც, სადაც დიდი რაოდენობით მომხმარებელი დადის, იგივე მაღაზიები, მოლები. მათ გაითავისეს ეს პასუხისმგებლობა. პირველ ეტაპზე მათ სახელმწიფო თავისი ხარჯით ეხმარება ტესტირებაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე გავაკეთოთ სარესტორნო ინდუსტრიასთან მიმართებაშიც. რა პერიოდულობით და რა დოზით უნდა გატესტონ რესტორნებმა თავისი თანამშრომლები, ამაზე შევთანხმდებით. მერწმუნეთ, ეს პირველ რიგში თვითონ რესტორნებს სჭირდებათ, რადგან ვიდრე არ მოხდება საყოველთაო ვაქცინაცია, ადამიანები კვების ობიექტებს შეარჩევენ იმითაც, არის თუ არა უსაფრთხო და რამდენად ენდობიან პერსონალს. ამიტომ ვფიქრობ რომ, ეს საერთო ამოცანა და ინტერესია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პროცესს
Next post რამდენია საქართველოში დედების საშუალო ასაკი მშობიარობისას. სტატისტიკა