იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ შეეძლო არჩევნებში ჩარევა, ან გავლენა მოეხდინა, როგორიც უნდოდა და არ მოახდინა? მე ამ დაშვების არ მჯერა, გამოდის, ძალიან დიდი შანსია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქოცებმა“ აირჩიეს

Read Time:2 Minute, 27 Second

„ნაცების“ არჩევნები გაყალბდა შინაარსობრივად, უბრალოდ, „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრმა ეს გაყალბებული არჩევნები „გააპრავა“, მათ შორის, ნიკა მელიამ „გააპრავა“ და სხვებმა, მიულოცეს ერთმანეთს და ა.შ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი შანსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, რადგან „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ამ არჩევნებში ჩარევა და შეეძლო, მინიმალური ჩარევით შედეგები შეეცვალა, რაც არ გააკეთა.

„ჩვენ დაშვება უნდა გავაკეთოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ან არ შეუძლია 500 000 ხმის მობილიზება რომ მოენდომებინათ, რადგან რომ მოენდომებინათ ისე, როგორც ჩვენ მოვინდომეთ, ისინიც დარეგისტრირდებოდნენ და არჩევანს გააკეთებდნენ. ჩვენ ნონა მამულაშვილს მივეცით ხმა, პატიოსნად და მელია-ხაბეიშვილის ბრძოლაში არ ჩავრეულვართ. უბრალოდ, ვაჩვენეთ აბსურდი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ამ არჩევნებში ჩარევა და შეეძლო, მინიმალური ჩარევით შედეგები შეეცვალა, ან გავლენა ისეთი მოეხდინა, როგორიც უნდოდა და არ მოახდინა? არ გასჩენია ასეთი სურვილი? ან ეს დაშვება ხომ უნდა გავაკეთოთ და მე ამ დაშვების არ მჯერა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე „ქოცია“, ან ასე შემდეგ, არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ გამოდის, ძალიან დიდი შანსია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქოცებმა“ აირჩიეს. ჩვენ პატიოსნად მოვიქეცით, სხვა კანდიდატს მივეცით ხმა და არ ჩავრეულვართ ამაში, მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“ ხომ შეეძლო, ეს გაეკეთებინა? სულ ათასმა ხმამ გადაწყვიტა პირველ ტურში გამარჯვების ვინაობა და ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ათასი ხმის ორგანიზებაც შეუძლია და ათი ათასიც, თუ დასჭირდება. თუ შენ არ ამოწმებ, კონტროლი და ფილტრი არ გიყენია და ყველას აძლევ მონაწილეობის მიღების უფლებას, ნაცვლად მხოლოდ წევრებისა, რა გამოდის?“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, არჩევნები პარტიის შიგნით პარტიის წევრებში უნდა ტარდებოდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ წუთას მმართველი პარტიის მიზანი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მტრის ხატის შენარჩუნება შემდეგ არჩევნებამდე.

„ამას უზრუნველყოფს ლევან ხაბეიშვილი იმ მხარდაჭერით, რომელიც მას აქვს, ფინანსური იქნება ეს, თუ რეპუტაციული „ნაცების“ შიგნით. ნიკა მელიას შემთხვევაში ცხადი იყო, „ნაცები“ სწრაფადვე იშლებოდნენ, დღის წესრიგში დგებოდა „ნაცების“ გაქრობის საფრთხე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ამ საფრთხობელის არჩევნებამდე მიტანა „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება.

„შეიძლება, მიშას შესთავაზონ, არჩევნების შემდეგ გამოგიშვებთ, ოღონდ, ეს არჩევნები მოგვაგებინე, მერე დაგვილეგალიზე ეს არჩევნები და „გაგვიპრავეო“. ასეთი ტიპის შეთანხმებაც შეიძლება, არსებობდეს. უბრალოდ, ნდობის ამბავია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილი და ამ პარტიის ამომრჩეველი მას გაჰყვება, ვისზეც სააკაშვილი იტყვის, რომ მისი წარმომადგენელია.

იაგო ხვიჩიამ იმედი გამოთქვა, რომ რაკი შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, ერთპიროვნული მმართველობა არც ერთ პარტიას არ ექნება და ერთმანეთში პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება, როგორ დალაგდეს კონფიგურაცია.

„ახლა რომ ვართ ოთხი ადამიანი და ვერაფერს ვერ ვცვლით, მასე არ მინდა პარლამენტში შესვლა. მე მხარდაჭერას ვითხოვ იმისთვის, რომ ასე არ ვიყო. მინდა, ვიყო ისე, რომ სჭირდებოდეთ ჩემთან დალაპარაკება სერიოზულად“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორ იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, საქართველოში „გირჩის“ გარდა არ არსებობს პარტია, რომელსაც იდეა აქვს, რისი გაკეთება სურს.

„კონკრეტულად რომელიმეს რისი ნება აქვს და რისი შეცვლა უნდა ამ ქვეყანაში, რომელ პოლიტიკოსს ეტყობა, გარდა იმისა, დავამხოთ „ქოცებიო“? მე მიზნად არ მაქვს „ქოცების“ დამხობა, მე მიზნად მაქვს ჩემი იდეის, საქმის გაკეთება და თუ გინდა, „ქოცებმა“ გააკეთონ, პრობლემა არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზა: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის
Next post დაიწყო ახალი პროგრამა: ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის (WISE)