„ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“ – ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი – დიმიტრი ხუნდაძე

Read Time:2 Minute, 9 Second

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა,  მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც აწ უკვე პოლიტიკური პარტიის შედეგებსა და მიზნებზე.

„ისტორიული არა იმიტომ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია ფუძნდება, არამედ იმიტომ, რომ ფუძნდება პარტია, რომელმაც ჯერ კიდევ საწყისშივე, საზოგადოებრივი მოძრაობის სახელით, თამამი ნაბიჯი გადადგა და პირველმა ღიად განაცხადა ის სიმართლე, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ, უცხოეთშიც კულისებში იმალებოდა.

პოლიტიკას თავისი წესები აქვს და ხშირად საჯაროდ ვერ ვამბობთ იმას, რამაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება ან დიპლომატიური ურთიერთობები დააზიანოს. მაგრამ, დგება მომენტი, როდესაც აუცილებელია სიმართლის ხმამაღლა თქმა ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად.

სწორედ ასეთი მომენტი იყო წელიწადნახევრის წინ, როდესაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა. ხშირად მშვიდობის შენარჩუნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ომის ქარცეცხლში ბრძოლის მოგება.

ხისტი სიმართლით, რომელიც თავდაპირველად საზოგადოებისთვის უჩვეულოც კი იყო, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში. ამიტომ, ხალხმა დაინახა, რომ ძალა სიმართლეშია!

ბრძოლა დაგვჭირდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაც. სტატუსის მოპოვებაში „ხალხის ძალას“ ლომის წილი აქვს. საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფოს ძალა არა ცალ ფეხზე დგომაში, არამედ, ძალა ღირსებაშია!

ერთი წლის წინ, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს. მათ არ სურდათ, ხალხს მეტი სცოდნოდა.  დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებაა. სწორედ ამიტომ არის ის აგენტურისთვის  ერთადერთი იარაღი, ჩვენთვის კი – მიუღებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ მიუხედავად მძლავრი შემოტევისა, ძალა გამბედაობაშია!

დღეს საქართველო გახდა მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი. ეს არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მიღწევა. მარტივი არ არის, ამ უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში შეინარჩუნო ქვეყანაში მშვიდობა, მიაღწიო ეკონომიკურ წინსვლას და გახდე ეკონომიკური და პოლიტიკური ჰაბი მსოფლიოში.

დღეს თამამად ვიღებთ თანამედროვეობის უახლეს გამოწვევებს. ვისწრაფვით პროგრესისკენ და ვცდილობთ, გლობალურ პოლიტიკაში საქართველომ დაიმკვიდროს ფუნქციურად ღირსეული ადგილი. არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ, მსოფლიომ დაინახა, რომ ძალა გონიერებაშია!

პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“ ფუძნდება არა ცარიელი ფურცლიდან, არამედ, მოკლე, მაგრამ შრომატევადი წარსულიდან, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. პარტიული მოღვაწეობა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ ვიცით ყველა გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას: სოციალური, რაშიც მოიაზრება ყველა სეგმენტი: ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, შშმ პირები, დევნილები. ვიცით ეკონომიკური წინსვლაც და ასევე – პრობლემებიც, დემოგრაფიული, განათლების თუ სხვა სფეროებში გასატარებელი ღონისძიებები. მაგრამ, უმთავრესი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ არა მარტო ტერიტორიები, არამედ, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი.

საერთაშორისო პარტნიორობაში ჩვენ გამოვედით თავდახრილი ქვეყნის როლიდან და თანასწორუფლებიან პოზიციაში ვაგრძელებთ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“!

ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი. პროგრესული კონსერვატიზმი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წარსულით, იგი ორიენტირებულია განვითარებაზე, სიახლის მიღებაზე, ოღონდ ისე, რომ არ დააზიანოს წარსულის ფასეულობები.

„ხალხის ძალის“ პოლიტიკა ყოველთვის იქნება დაფუძნებული სიმართლეზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. გვჯერა, რომ ამ გზაზე გვექნება საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან ვიცით, რომ ძალა ხალხშია!“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას – ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე
Next post ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – სოზარ სუბარი