ვატო შაქარიშვილი – დღეს მშვიდობის შენარჩუნება უბრალო ამოცანა არ არის, ესაა ჩვენი ვალი, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ხელს გვიშლიან, დაუძინებელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ არეულობის შემოტანისთვის

Read Time:2 Minute, 38 Second

დღეს, როცა მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, მშვიდობის შენარჩუნება უბრალო ამოცანა არ არის. ეს არის ჩვენი ვალი ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე და დღეს ჩვენ ამ ვალს ვიხდით აქ. სამწუხაროდ, ამაში ხელს გვიშლიან ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დაუძინებელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა აკრძალულ მეთოდს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის შემოტანისთვის“.

„მაგალითად, როგორიც იყო ამერიკული ნაწარმის, ამერიკული კანონის რუსულად სახელდება, როგორიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მომავალშიც უსამართლო გადაწყვეტილებისთვის, რადგან კარგად ვნახეთ, როგორ ცდილობენ ისინი ამგვარი გარემოებების გამოყენებას ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მოსამზადებლად. მათ სურთ, რომ ჩვენ დავისაჯოთ, რადგან ვუფრთხილდებით მშვიდობას. მათ სურთ, რომ დასაჯონ ყველა ადამიანი, ვისაც, დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში საკუთარი წვლილი და კონტრიბუცია აქვს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, თითოეული ჩვენგანით დამთავრებული. მათ სურთ, დაგვსაჯონ იმისთვის, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, თანაც ამას აკეთებენ დემოკრატიის სახელით, მაგრამ სინამდვილეში მათ არანაირი დემოკრატია არ აინტერესებთ. მათ სურთ, საქართველოში დაამყარონ საელჩოკრატია. მათ სურთ, საქართველოში დაამყარონ აგენტოკრატია, მაგრამ ეს ასე ვეღარ იქნება“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ვატო შაქარიშვილის განმარტებით, საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, კიევში და ვერცერთ სხვა დედაქალაქსა და ქალაქში.

„საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ თბილისში, რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, ჩოხატაურში, სოხუმსა და ცხინვალში. საქართველოში ჩვენს წინაპრებს, თაობებს, აქ მდგომ ადამიანებს არ გვიბრძოლია, რათა ბატონი გამოგვეცვალა და არჩევანი გაგვეკეთებინა, სად მჯდარიყო ჩვენი ბატონი და მიმთითებელი. ჩვენ ეს ხალხი არ ვართ. ჩვენ არ ვართ ხალხი არსაიდან, ჩვენ ვართ უდიდესი კულტურის, ისტორიის ხალხი. ჩვენთვის ევროპა არ არის მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატია, ევროდეპუტატები, კუბილიუსები და მუბილიუსები. ჩვენთვის ევროპა არის უპირველესად ქრისტიანული ცივილიზაცია, სადაც ჩვენ, ქართველებს, საქართველოს გვაქვს უდიდესი კონტრიბუცია. ასი ათასი მოწამის ქვეყანა ვართ. ექვსი ათასი გარეჯელი მოწამე ბერის ქვეყანა ვართ და ქრისტიანულ ცივილიზაციაში, რაზეც დაფუძნებულია ევროპა, ჩვენ ძალიან დიდი ფასი გვაქვს გადახდილი, წვლილი შეტანილი. ამიტომ კეთილი ინებონ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გველაპარაკონ პატივისცემით ისევე, როგორც ჩვენ ვექცევით მათ. არც ამერიკაა ჩვენთვის გარაჟების განაწილების ხელოვნება და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ორმაგი სტანდარტები. ჩვენ სხვა ტიპის დასავლურ სამყაროს ვიცნობთ, რომელთანაც გვაქვს ძალიან ბუნებრივი და ორგანული კავშირი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის განმარტებით, მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით, დღეს ახალი რეალობა დგება.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ამ ახალ მსოფლიო წესრიგში. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია – რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც, შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებასა და ქვეყნის გაერთიანებაში. არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და იმ ძმების და დების სიყვარულით, რომლებთან მიმართებაშიც ჩვენ წარსულში შეცდომები გვაქვს დაშვებული. ამას აღარ გავიმეორებთ. ნამდვილმა მეომრებმა, მებრძოლებმა იციან მშვიდობის ფასი და იმიტომაც აკეთებენ ყველაფერს მშვიდობის შესანარჩუნებლად. აბა, შარვალჩახდილებმა რა იციან ბრძოლა, გარდა იმისა, რომ ერთი ადგილი აჩვენონ მტერს. ჩვენ ვერ გადაგვაკეთებთ, ჩვენთვის მიუღებელია ისეთი იდეოლოგიები, სადაც ცნობენ და აღიარებენ მშობელი ნომერი ერთს, მშობელი ნომერი ორს. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი იდეოლოგიები და ამას საქართველოში ვერ განახორციელებთ. თავისუფლება ჩვენთვის არის უფლებების და მოვალეობების ბალანსი და არა – აღვირახსნილობა, თავხედობა და უპასუხისმგებლობა. მინდა, შევუთვალო ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ვინც ამ სისხლით, შრომით, ოფლით, ძალიან დიდ ფასად მოპოვებული მშვიდობის წართმევას ცდილობთ, იცოდეთ, რომ ვერცერთი უცხო ქვეყნის საელჩოს ტერიტორიამდე ვერ მიასწრებთ თავშესაფრის მოსათხოვნად“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსუდან შარაძე – მამაჩემი სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით, ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ, მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები
Next post ია მეტრეველი – აღარ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ პირდაპირ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის პირად საქმეებში ე.წ. მეგობარი ქვეყნები, არ დავთმობთ იმ თავისუფლებას და მშვიდობას, რაც აქამდე მოგვიპოვებია