გია მურღულია: ხომ არ ღირს დაფიქრება იმ თემაზე, რომ სასკოლო პროგრამაში თანამედროვე ლიტერატურის ხვედრითი წილი გაიზარდოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა?

Read Time:2 Minute, 57 Second

კითხვა დაისვა (არავის გადაწყვეტილება არ მიუღია და არც ოფიციალურად დაუყენებია საკითხი რომელიმე ტექსტის “ამოღების” შესახებ) – ხომ არ შეიძლება უკეთესი მეთოდოლოგიით ჰაგიოგრაფიული ტექსტების (ზოგადად – ძველი თუ ახალი ლიტერატურის) სწავლება? და ასევე – ხომ არ ღირს დაფიქრება იმ თემაზე, რომ სასკოლო პროგრამაში თანამედროვე ლიტერატურის ხვედრითი წილი გაიზარდოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა? – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„ადამიანები მსჯელობენ და აქტიურ პროტესტს გამოხატავენ იმაზე, რაც არ იციან – ეს დღევანდელი “ტრენდია”.
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომლებმაც ზუსტად და “საბოლოო ჭეშმარიტებით” იციან, როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ჰაგიოგრაფია.
მაინცდამაინც არავინ დარდობს იმაზე, რომ ასეთი ცოდნისთვის აუცილებელია:
1. კარგად იცნობდე, ზოგადად, ჰაგიოგრაფიის დანიშნულებასა და ბუნებას;
2. კარგად იცნობდე იმ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს (“შუშანიკის წამება”, “აბოს წამება”, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”), რომლებსაც ქართულ სკოლაში ვასწავლით;
3. კარგად იცნობდე მსოფლიოში ლიტერატურის სწავლების გამოცდილებასა და პრაქტიკას;
4. კარგად იცნობდე მხატვრული (თუ მხატვრულ-ისტორიული) ლიტერატურის სწავლების მეთოდიკას;
5. მცირე წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე.
ეს მინიმუმია.
არა მგონია, ამ მინიმუმს დღეს ამდენი მოტივირებული ადამიანი ერთად და ერთბაშად (უეცრად არსაიდან დაბადებული სიცხადით) აკმაყოფილებდეს.
ზოგიერთები ძალიან აღაშფოთა ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის განვითარებისა და დახვეწის სურვილმა და მცდელობამ.
მავანნი უფრო შორსაც წავიდნენ და სტანდარტის გადაფასების მცდელობა ქართული კულტურის (კერძოდ, ლიტერატურის) უარყოფისა და მასზე გალაშქრების, ასევე – ზნეობრივი აღზრდის დისკრედიტაციის მცდელობად მონათლეს.
რა შეიძლება ამგვარ “აქტივობაზე” ვიფიქროთ?
გარკვევით ითქვა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ახალ სტანდარტზე მუშაობის პროცესი დაიწყო და შესაბამის საგნობრივ ჯგუფში გაიხსნა დისკუსია იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და დახვეწას.
ცხადია, ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
დაისვა კითხვები, როგორ სჯობს მოქმედება ამ მიმართულებით – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საიმისოდ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნებს (ჩვენი სამწერლო კულტურის გაცნობიერება, კარგი მკითხველის აღზრდა, ჩამოყალიბებული ზეპირი და წერითი მეტყველება და ა.შ.) უფრო სრულყოფილად მივაღწიოთ – ახლა რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის.
ბუნებრივია, რომ მართებულ გადაწყვეტილებებს წინ სერიოზული სამუშაოს ჩატარება სჭირდება – პრობლემის კვლევა, არსებული საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკის შესწავლა, დისკუსიები (ჯერ სპეციალურად შექმნილი ჯგუფის შიგნით და შემდეგ – უფრო ფართო მასშტაბით), შესაბამისი სტანდარტის შექმნა, მისი გამოტანა განსახილველად, მიღებული წინადადებებისა თუ კრიტიკული რჩევების გათვალისწინება და – სულ ბოლოს – დამტკიცება.
ახლა სწორედ ამ პროცესის დასაწყისია.
საზოგადოება რომ საქმის კურსში მუდმივად იყოს, აუცილებელია, რომ თავიდანვე ჰქონდეს ინფორმაცია – რა საკითხები და კითხვები ისმება საგნობრივი სტანდარტის გააზრებისას, რა საჭიროებები დგება დღის წესრიგში, რომელი მათგანი შეიძლება იყოს გათვალისწინებული და ა.შ.
ვინმემ ვინმეს შეიძლება საკითხის შესწავლა, სხვადასხვა ვერსიის განხილვა, ყველა შესაძლო კითხვის დასმა აუკრძალოს?
კრიტიკოსები კვლავ აქტუალურს ხდიან იმ პრობლემას, რომ ადამიანებს (არა მხოლოდ მოსწავლეებს) ხანდახან უჭირთ წაკითხულის შინაარსის აღქმა, გაგება და, მითუმეტეს – გააზრება.
არავინ საუბრობს ქართული ჰაგიოგრაფიის სასკოლო პროგრამიდან “ამოღებასა” თუ საერთოდ “გაუქმებაზე” – ეს უბრალოდ სისულელეა.
არც იმაზე საუბრობს ვინმე, რომ ისეთი თანამედროვე ლიტერატურა იყოს შეტანილი სასკოლო პროგრამაში, რომელიც არასაკმარისი მხატვრული ღირებულების ან საეჭვო რეპუტაციისაა – ეს ყველაფერი ზედმეტად მოტივირებული ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
კითხვა დაისვა (არავის გადაწყვეტილება არ მიუღია და არც ოფიციალურად დაუყენებია საკითხი რომელიმე ტექსტის “ამოღების” შესახებ) – ხომ არ შეიძლება უკეთესი მეთოდოლოგიით ჰაგიოგრაფიული ტექსტების (ზოგადად – ძველი თუ ახალი ლიტერატურის) სწავლება?
და ასევე – ხომ არ ღირს დაფიქრება იმ თემაზე, რომ სასკოლო პროგრამაში თანამედროვე ლიტერატურის ხვედრითი წილი გაიზარდოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა? – დავაზუსტებ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არაფრით დააზიანებს ან დაასუსტებს კულტურული მემკვიდრეობის გააზრების მნიშვნელობას და ჩვენი შესანიშნავი ტექსტები (ძველი თუ ახალი ლიტერატურის) უცილობლად კვლავაც საპატიო ადგილს დაიკავებს სასკოლო პროგრამაში. სხვაგვარი გადაწყვეტილება, ცხადია, ასივე პროცენტით, გამორიცხულია.
ყველაფერ ამის ფონზე ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ხსენებული კითხვების დასმას აკრძალავს?
ნუთუ საერთო საქმის წარმატებას ხელს შეუწყობს არაფრის მომცემი ისტერია, რომელიც კვალიფიკაციის თვალსაჩინო ნაკლებობასა და უპასუხისმგებლობას ენერგიულად ასხივებს?
ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ, რა სახეს შეიძენს სტანდარტის ახალი ვერსია და გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები წარმოვადგინოთ და დავიცვათ საჯარო განხილვისა თუ შეფასებისას“,- წერს გია მურღულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
Next post რომან გოცირიძე: აზერბაიჯანის, ან სომხეთის ხელისუფლების პირველი პირების ჩამოსვლაზე, რომ არაფერი იცის, არა თუ პრეზიდენტმა, არამედ მოქალაქეებმაც, ეს ცუდად მეტყველებს მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებებზე