დღეს მუხრან მაჭავარიანს 90 წელი შეუსრულდებოდა

Read Time:2 Minute, 54 Second

12 აპრილი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა. დიდი ქართველი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, იმერეთში, სოფელ არგვეთში.  2010 წლის 17 მაისს მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა…
მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!“. ეს ლექსი ძალიან აქტუალურია დღესაც. როგორც ვწერდი რამდენიმე დღის წინ, ლაზარეს შაბათს – აღდგომის წინა შაბათი, ქართული ენის დღეა, ისევე როგორც ქართული ენის დღეა 14 აპრილი. 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი.  ქართველმა ახალგაზრდობამ, ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილმა, დედა ენის დაცვის მიზნით დიდი გამბედაობა გამოიჩინა და ქუჩაში გამოვიდა, ისეთ საშიში და საშინელი მონსტრის წინააღმდეგ, როგორიც იყო სსრკ.

მუხრან მაჭავარიანი ყოველთვის იდგა მამულიშვილთა ავანგარდში. როცა საშიშროება ემუქრებოდა ქართულ ქართულ ენას, ის ქართული ენის დაცვის მოწოდებით გამოდიოდა… ეს ლექსიც სწორედ ამგვარი მიზეზითაა დაწერილი. დიდი პოეტი სწვევია პიონერთა ბანაკს, სადაც უნახავს ქართველი ბავშვები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა.

პოეტი ამბობს, რომ სხვისი ენის, მათ შორის რუსული ენის სწავლა კარგია, მაგრამ მშობლიური ენის ცოდნა აუცილებელია.

მე ვიცი ოჯახები, რომლებიც სოციალური პრობლემების გამო უცხოეთში გადასახლებულან. უცხოეთში შესძენით შვილები… და არც უცდიათ შვილებისათვის ქართული ენა ესწავლებინათ.

შეიძლება, რადგან საქართველოდან წავიდნენ, აღარ თვლიან საქართველოს სამშობლოდ. შეიძლება ახალი სამშობლო იქ იპოვეს, სადაც მოქალაქოება მიიღეს. შეიძლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება სამშობლო შეიცვალო, არ გიყვარდეს და სხვაგან იპოვო… მაგრამ, მშობლიურ ენას ვერ შეცვლი, რომელ ენაზეც ამეტყველდი, ისაა შენი მშობლიური ენა და მორჩა… ბევრმა მათგანმა, ვისაც ვგულისხმობ, არ იცის უცხო ენა ნორმალურად, და სულ მიკვირს, რა ენაზე ელაპარაკებიან შვილებს? ნუთუ დამტვრეული ინგლისურით, ფრანგულით თუ რუსულით ესიტყვებიან, ეთამეშებიან თავის პატარებს? ნუთუ ნორმალური ურთიერთობა არა აქვთ  საკუთარ შვილებთან? მშობელსა და შვილს შორის ნორმალური ურთიერთობისათვის აუცილებელია საერთო მშობლიური ენა, გამართული მეტყველება სა ა. შ.

ისინი შვილებს არა მარტო დიდ განძს – ქართულ ენას უკარგავენ, არამედ არასრულფასოვან ადამიანებად ზრდიან, რადგან ვერ ამყარებენ მათთან შესაბამის კომუნიკაციას, დედაშვილობას, მამაშვილობას უკარგავენ, სამშობლოსთან ერთად…

ამაზე საუბრობს თავის ლექსში, ჩვენი დიდი პოეტი. რა პრობლემაც იდგა სსრკ-ში, მსგავსი გვაქვს ჩვენც, ბევრი შვილს ინგლისურს ასწავლის, მაგრამ რამდენად კარგად იცის ქართული ენა მისმა შვილმა, არ აინტერესებს.

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.

ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი –
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად – გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე –
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი –
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

აქვე გავიხსენოთ მისი შესანიშნავი, სხვა ლექსიც.

სულს მივცემ ჩემსას

სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, –
ვინც საქართველოს
ესწრაფვის ქართულს!
არა ცრუქართულს! –
ნამდვილად ქართულს!
სიტყვითურთ ქართულს! –
საქმითურთ ქართულს!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, –
რომელსაც ვატყობ! –
კოჭებში ვატყობ! –
არის ყველაფრით
ყოველმხრივ სანდო
და საქართველოს
იმნაირს ნატრობს, –
ნატრობს
როგორსაც
ქართველი
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, –
ვინც უწყის:
ტატომ ღაღადყო რატომ:
სახელმწიფოთა შორის ერთობას
(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!)
სარწმუნოება
არ ყოფნის
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას, –
ერთი სიტყვით, –
მე იმას მარტო,
ვინც იცის:
გაჩნდა
ქართველად
რატომ!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს
Next post თბილისში ვახშმობა „ცაში“ იქნება შესაძლებელი