გგონია, რომ სწორად იკვებები? 8 ტყუილი სწორი კვების შესახებ

Read Time:4 Minute, 39 Second

ამ წლის დასაწყისში, კანადაში ჯანმრთელი კვების მიმდევრებისთვის ოფიციალური სახელმძღვანელო გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მსგავსი რეკომენდაციებისაგან იმით, რომ მასში დიდი ყურადღება ეთმობა კვებით ჩვევებს და ჯანმრთელი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოკუმენტში განხილულია არამხოლოდ ის თუ რა უნდა ვჭამოთ კონკრეტულად და რა ოდენობით, არამედ ის თუ როდის ჯობს საკვების მიღება, რა სიხშირით და ზოგადად როგორ მოვიწესრიგოთ საკვებთან ურთიერთობა. ბოლო დროს საქართველოში კვებასთან დაკავშირებულ სწორ ჩვევებს მეტ ყურადღებას უთმობენ, თუმცა ამ სფეროში მაინც ბევრი მითია.

#1. უნდა ჭამო დღეში რამდენჯერმე და მცირე ულუფებად. სინამდვილეში, არა

ადამიანი საჭმლის მიღებასა და გადამუშავებაზე ენერგიის დაახლოებით 10%-ს ხარჯავს. დანაწევრებული კვების რეჟიმის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო ხშირად მეორდება ჭამის პროცესი, ორგანიზმი საჭმლის მონელებაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, რათა საკვების თერმული ეფექტი (ენერგია, რომელიც საკვების მიღება/გადამუშავებაში იხარჯება) გამომუშავდეს.

სინამდვილეში თუ ადამიანი ჩვეულებრივზე ნაკლებს არ ჭამს, არ აქვს მნიშვნელობა თერმულ ეფექტს რამდენი ენერგია ხმარდება. ამასთან, თუ თქვენ ხშირად და ცოტას ჭამთ, საბოლოოდ, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ოდენობის საკვები მიიღოთ.

არც მწანე ჩაი და გრეიფრუტი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, როგორც ეს გავრცელებული აზრის შედეგად ხშირად გვსმენია. ამიტომ, თქვენს სხეულს მოუსმინეთ. მიიღეთ საკვები, როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და შეწყვიტეთ ჭამა, როცა იგრძნობთ, რომ დანაყრდით.

#2. საუზმე კვების რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სულაც არა

საიმედო გამოკვლევა, რომელიც ნორმალურ წონასა და საუზმის ჩვევას შორის ცალსახა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დაადგენდა, ჯერ არ ჩატარებულა. ყველა გამოქვეყნებული კვლევა, სადაც ავტორები ამ დასკვნამდე მივიდნენ, მეთოდოლოგიის თვალსაზრისით იდეალური არ არის. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუზმე უსარგებლო იდეაა. უბრალოდ ის კვებითი ქცევის კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ.

არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს კვების რეჟიმი, რომელიც ყველას ერგება. ადამიანმა ეტაპობრივად უნდა გაიაზროს, კონკრეტულად კვების რომელი რეჟიმი შეეფერება და სწორედ მას უნდა მიჰყვეს. ადამიანები საუზმეზე უარს ყოველთვის იმიტომ არ ამბობენ, რომ დილით ჭამა არ უყვართ. ბევრი ვერ საუზმობს, რადგან გამოძინებული არ არის ან ამ მეთოდით ცდილობს ზედმეტი კილოგრამების დაკლებას. ვიღაც სამსახურიდან გვიან ბრუნდება, შესაბამისად, საღამოს ჭამს და დილით მადა არ აქვს.

მოზარდების კვების რეჟიმის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საუზმის გამოტოვება კვების ცუდ ჩვევასთან ასოცირდება, რაც ნაკლები რკინის, კალცის, ვიტამინისა და კალორიის მიღებას გულისხმობს. საუზმე რეკომენდებულია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც, რადგან მისი გამოტოვება გლიკემიის კონტროლს აქვეითებს.

#3. ტელევიზორის ყურებისას ჭამის დროს ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებს ვერ ითვისებს. არა

ეკრანის წინ ჭამა (მათ შორის, ტელეფონის ცქერისას) სასარგებლო ნამდვილად არ არის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ხელს უშლის ორგანიზმის მიერ სასარგებლო ნივთიერებების აღქმას. პრობლემა ის არის, რომ ამ დროს საჭმლის მომნელებელი წვენისა და ფერმენტების გამოყოფა, საკვების გადამუშავება და მისი შემადგენელი ნივთიერებების შთანთქმა, ჩვენი გაცნობიერებული მონაწილეობის გარეშე ხდება.

ამიტომ ამის დროს რეკომენდებულია ტელევიზორის გამორთვა, ტელეფონის ან წიგნის გვერდზე გადადება, რადგან ეს ფაქტორები დანაყრების დროულად შეგრძნებას ხელს უშლის. მექანიკური ჭამის დროს ადამიანი საჭმლის გემოს ვერ გრძნობს და ვერც იმას აცნობიერებს, რა რაოდენობით საკვები მიიღო. ზედმეტი საკების ქრონიკული მიღება კი ეტაპობრივად ჭარბი წონის პრობლემას ქმნის.

#4. უმჯობესია, რაციონიდან მავნე პროდუქტების ამოღება. ვინ გითხრათ?

უმჯობესია, პროდუქტები საერთოდ არ დაყოთ „მავნე“ და „სასარგებლო“ კატეგორიებად და ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რა რაოდენობით და რა კონტექსტში იღებთ საკვებს. ხშირად ამა თუ იმ პროდუქტის მავნე თვისებებზე საუბარი წმინდა წყლის კონსპირაციული თეორიის შეთხზვის მცდელობაა და რაც ყველაზე უცნაურია, მათ ხანდახან სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებიც ავრცელებენ.

ამ ბოლო დროს ძალიან ტრენდულია „სუფთა კვება“ (clean eating), რომელიც იმაზეა დაფუძნებული, თუ რა არ უნდა ჭამოს ადამიანმა. ამ იდეის მიმდევრები თავიდან უარს ამბობენ შაქარსა და მარილზე, შემდეგ გლუტეინზე, პროტეინზე, ფიტატებსა და ლექტინებზე. საბოლოო ჯამში პროდუქტების ჩამონათვალი მკვეთრად იზღუდება და უმი საკვების მიღება იწყება, რათა „მომზადების პროცესში პროდუქტმა თავისი სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.“ თუმცა ხშირად ასეთ მეთოდებს ჯანმრთელობასთან არაფერი აკავშირებს. პირიქით, ისინი ხანდახან სხვადასხვა სახის დარღვევასაც კი იწვევს.

კვება უნდა იყოს ადეკვატური და მრავალფეროვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ არასდროს დაიჯეროთ ისეთი არგუმენტების, როგორიცაა „ყოველთვის ჭამეთ მხოლოდ ბოსტნეული“ ან „არასდროს ჭამოთ ჩიფსები.“ ძირითადად კვების რეჟიმი სპეციალისტის რეკომენდაციას უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ სრულად აკრძალული პროდუქტები არ არსებობს, სიამოვნება უნდა მიიღოთ მრავალფეროვანი საკვებისგან და თქვენს არჩევანზე არასდროს ინერვიულოთ.

#5. სიარულის დროს ჭამა მავნებელია. ისე რა

ამაში განსაკუთრებით მავნე არაფერია. თუმცა სისტემატურად კვების მსგავსი ფორმა მიზანშეწონილი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა, ლუკმა გადაგცდეთ. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია 15 წლამდე და 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

#6. საღამოს ექვსი საათის შემდეგ ჭამა გამასუქებს. სულაც არა

არის მოსაზრება, რომ მეტი კალორიის მიღება და ნაკლების დაწვა წონის კლებამდე არ მიგვიყვანს და აქ აბსოლუტურად სხვა მექანიზმი მოქმედებს. თითქოს გახდომა შესაძლებელია ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვით, რაც სულ ცოტა, თერმოდინამიკის პირველ კანონს ეწინააღმდეგება. სინამდვილეში ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, რომლებსაც საკვებთან ერთად იღებთ, მრავალსაფეხურიან ქიმიურ რეაქციაში შედის. ჩვენ ან ვხარჯავთ საკვებისგან მიღებულ ენერგიას ან არა და ის ინახება.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საღამოს ექვსი საათის მერე ჭამის აკრძალვა დიეტასთან დაკავშირებული მითებიდან ერთ-ერთია. თუ ნებისმიერი მეთოდით საჭმლის მიღება შემცირდება, რაციონის კალორიულობაც დაიკლებს. ამისთვის არ არის აუცილებელი თქვენი ცხოვრების წესისთვის შეუფერებელი შეზღუდვა.

მაგალითისთვის, თუ თქვენ ვახშმობთ საღამოს ექვს საათზე და იძინებთ ღამის თორმეტზე, დაძინების წინ უკვე შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც უპირატესობას კვების ერთ რეჟიმს მიანიჭებდა.

#7. ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება. პირიქით

სინამდვილეში, ჭამის დროს წყლის მიღება მექანიკურ და ქიმიურ მონელებას უწყობს ხელს. ის აქუცმაცებს საკვებს, რათა ორგანიზამმა ის უფრო იოლად შეითვისოს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საკვები პროდუქტების უმრავლესობის შემადგენლობის 90-98% წყალია, კუჭის წვენიც კი 98-99% წყალს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ჭამის დროს წყლის დალევის მავნებლობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

#8. გემრიელი საჭმელი შემიძლია მივიღო როგორც ჯილდო. არა

საჭმელი არის არა მარტო ენერგიისა და საკვები ნივთიერებების წყარო, არამედ სიამოვნების მიღების მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი. ამაში ცუდი არაფერია, რადგან მრავალფეროვანი საჭმლისგან სიამოვნების მიღება ჯანსაღი კვების ნაწილია.

თუმცა თუ ადამიანი ჭამს იმისთვის, რომ უარყოფით ემოციებს გაუმკლავდეს, ეს კარგი სულაც არ არის. ემოციურ ფონზე ზედმეტი საკვების მიღებას სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნება მოჰყვება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საკვებს მხოლოდ ერთი დავალების შესრულება შეუძლია – ფიზიკური შიმშილის დაკმაყოფილება. ემოციური შიმშილი კი არ ითხოვს საკვებს, ამიტომაც მისი ამ მეთოდით დაკმაყოფილება შეუძლებელია. თუ საჭმელი გამოიყენება მძიმე ემოციების დასაძლევად და ის ითავსებს შიშისა თუ პანიკის საწინააღმდეგო საშუალების ფუნქციას, აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში და-ძმას მატარებელი დაეჯახა
Next post დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება