არჩილ თალაკვაძე: დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა

Read Time:1 Minute, 49 Second

საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომლებიც, ბოლო მომენტამდე, საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებდნენ, ეს ცვლილებები, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც დღეს გამოჩნდა პირველი კენჭისყრით, იქნებოდა მხარდაჭერილი. თუმცა, რა საკვირველია, კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოწოდება, რომ მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც, რა საკვირველია, საერთო ჯამში, სამწუხაროა, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვები. თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, რაზეც არსებობდა საზოგადოების დაკვეთა და საერთო, ფართო კონსენსუსი, კითხვა ჩნდება, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მატ ცვლილებას მხარი დაუწირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – წერია კანონპროექტში.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას აყოვნებენ
Next post გიორგი ვოლსკი: რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო