ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსი“ ჩატარდა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებში ინოვაციური, შემოქმედებითი და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალური კონკურენცია სწრაფი ტემპით ვითარდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, კრიტიკულ აზროვნებასა და საჭირო პროფესიულ უნარებს შესძენს“, – ამის შესახებ სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სტუდენტებში სამეწარმეო და ინოვაციური აზროვნების სტიმულირებას, გამოცდილების გაზიარებასა და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება, Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის პროექტის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24: Learn – Innovate – Sell – Succeed) სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. საავტორო ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებით, სტუ-ის სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებიც წარდგნენ.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსში ასევე ჩაერთნენ პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების გუნდები სომხეთიდან. როგორც ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსის მონაწილეებმა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ინოვაციური იდეები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარებას ეხებოდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტ LISS24-ის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთნენ მულტიკულტურულ საერთაშორისო თანამშრომლობაში და თავიანთი იდეები ფართო აკადემიურ აუდიტორიას, საერთაშორისო ექსპერტებსა და პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინეს. სწორედ ამ პროცესში იძენენ ახალგაზრდები მნიშვნელოვან გამოცდილებას პროექტების მართვის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პროფესიული პრეზენტაციის მიმართულებით, ეს კი ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და მნიშვნელოვნად აფართოებს სამომავლო პერსპექტივას. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ განსხვავებული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელებსა და ტექნოლოგიურ ტენდენციებს, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ამავდროულად, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის ინსტიტუციურ განვითარებასიც, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ცოდნის, კვლევითი გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას“, – აღნიშნავს ბორის გითოლენდია.

 

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, პროექტი LISS24 ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის აკადემიური და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავებას.

 

„საერთაშორისო კონკურსი სტუდენტებსა და ახალგაზრდა ინოვატორებს შესაძლებლობას უქმნის განავითარონ ორიგინალური სტარტაპ იდეები, პრაქტიკაში გამოსცადონ ინოვაციური ხედვები და საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებით კარგად მუშაობს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში და ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის, კრეატიული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას. ამ ტიპის თანამშრომლობა არა მხოლოდ პროფესიული განვითარების საფუძველს ქმნის სტუდენტებისთვის, არამედ ხელს უწყობს რეგიონში ერთიანი ინოვაციური და კვლევითი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით – მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეგიონული და საერთაშორისო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ახალი თაობის პროფესიონალთა ინტელექტუალური პოტენციალია. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესებში, განავითარონ კვლევითი და პრაქტიკული უნარები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებაში“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ჟიურიმ, რომელიც ევროპის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, სტუდენტთა პრეზენტაციები აქტუალობის, ინოვაციურობისა და პრაქტიკაში რეალური გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით შეაფასა. გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა,...

ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამის მიზეზია მათი წარსული.„ეს ინფორმაცია არსებობდა. ყოველ ჯერზე მათ ჩამოჰყავთ ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი. ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც, მათ შორის. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ. ისინი არიან აბსოლუტურად უსახური და უსუსური ადამიანები. შესაბამისად, მათ აქვთ წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ვაშაძე – გუშინდელ აქციაზე იყო იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე მოველოდი, აცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა

ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან“.„ისევ და ისევ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გუშინდელ დღეს. ყოველი დღე უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გუშინდელი დღე შედგა. პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, ვინც მოვიდა დიდ შეკრებაზე. მადლობა ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ. ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. მინდა, ღიად ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, სწორედ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქუჩაში ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, ძირითადად რა განწყობა მოდიოდა ადამიანებისგან, რა შინაგანი გულისთქმა ჰქონდა ამ ხალხს. ვფიქრობ, სწორი გზავნილია იმ კამპანიის, რომელსაც გავააქტიურებთ ალბათ რამდენიმე დღეში, მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება. მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, შეგვიძლია პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, ძალიან კარგად გვესმის, რაც მათ აწუხებთ, იქნება ეს ფასები, ჯარიმები, ბავშვების წამალი თუ მძიმე ფონი, რომელიც არის მიგრაციის, დემოგრაფიის, გახლეჩილი ოჯახების კუთხით. მეორე ნაწილში, გარდა პირდაპირი კომუნიკაციისა, აუცილებლად გვექნება ბევრი თემატიკა, რომელშიც ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს არა მხოლოდ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, არამედ პასუხი გასცეს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხალხს ასე ძალიან აწუხებს. შევეცდებით, ყველასთან მივიდეთ. ნახეთ, რომ არ გავჩერებულვართ ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში. პირველი ეტაპი იყო დედაქალაქი. ჩვენ ვთქვით, რომ 26 მაისს დედაქალაქი გამოსულიყო, შემდეგი იქნება მთელი საქართველო. ვაჩვენეთ, რომ არათუ არ გვერიდება, პირიქით, ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ამან გამოიწვია გუშინ პოზიტიური კულმინაცია. ჩვენ გვსურს ხალხის გამთლიანება, „ოცნების“ – გათითოკაცება. მათი დღევანდელი განცხადებებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ სურთ ხალხთან საუბარი. „ქართული ოცნების“ არცერთ მხარდამჭერს არასდროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ისინი მოიხსენიებენ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩემთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ასე რომ, ვიწყებთ ახალ ფაზას, მადლობა და მე კმაყოფილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, რომ გუშინდელი დღე ჩემთვისაც იყო ტესტი, ვაგრძელებთ ბრძოლას თუ სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ. გუშინ ქართველი ხალხისგან ერთი მთავარი გზავნილი მივიღე – ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავის არაფრის ეშინია, არავინ უკან დახევას არ აპირებს. არა მხოლოდ ჯარიმებს ჩამოვწერთ და ყველა უსამართლობას დავასრულებთ, არამედ პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა პრობლემას მივხედავთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაშინების, წნეხის მიუხედავად, ამდენი ადამიანი გამოვიდა. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან მკაფიო პასუხს მოგცემთ, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. ამისთვის დიდი მადლობა. ასცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა. ამაზე მეტი იქნება შემდეგზე, მეორე ფაზის დასასრულზე – კიდევ მეტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მარკო რუბიო – კუბა დიდ პრობლემებშია, რადგან, მათთვის სამწუხაროდ, ქვეყანას არაკომპეტენტური კომუნისტების ჯგუფი მართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით „კუბას პრობლემები აქვს“, რადგან ქვეყანას „არაკომპეტენტური კომუნისტები“ მართავენ.როგორც რუბიომ აღნიშნა, შეერთებული შტატებიდან 90 მილის დაშორებით „არშემდგარი“ სახელმწიფოს არსებობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს აშშ კუბასთან მიმართებაში.„კუბა დიდ პრობლემებშია, რადგან, მათთვის სამწუხაროდ, ქვეყანას არაკომპეტენტური კომუნისტების ჯგუფი მართავს. კომუნისტობა ცუდია. არაკომპეტენტური კომუნისტობა კი ყველაზე უარესია. ქვეყანა პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო კომპანიამ სახელად GAESA, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს. ამ კომპანიის ფულიდან არაფერი მიდის კუბელი ხალხის დასახმარებლად. საერთოდ არაფერი. ამიტომ მათთან ამ თემაზე ვისაუბრებთ. ამ საკითხზე ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა, რომ კუბელი ხალხისთვის კარგი შედეგი დადგეს და იმედი მაქვს, ასეც იქნება. ეს აუცილებელია, რადგან ქვეყანა ჩვენი სანაპიროდან მხოლოდ 90 მილით (144 კმ-ით) არის დაშორებული, და ჩვენი სანაპიროდან 90 მილში არშემდგარი სახელმწიფოს არსებობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ირანის ელჩი: უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ სამი ფუნდამენტური პრინციპი გამოკვეთა: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დღეს, როდესაც მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ, ამ...

„დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მსურდა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის — მუსლიმური ქვეყნის — ელჩს, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას''-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი  და ფოტეობს გვიზიარებს.,,დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მსურდა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის — მუსლიმური ქვეყნის — ელჩს, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ სამი ფუნდამენტური პრინციპი გამოკვეთა: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დღეს, როდესაც მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ, ამ სიტყვებს ჩვენთვის კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა ენიჭება. ისლამურ ტრადიციაში, ყურბან-ბაირამამდე ერთი დღით ადრე, მუსლიმები იკრიბებიან ადგილზე, რომელსაც „არაფატი“ ჰქვია — სიტყვა, რომელიც შემეცნებასა და საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება. შიიტური ისლამის პირველ იმამს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: „ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, ის ღმერთსაც შეიცნობს.“ სწორედ აქ უახლოვდება ერთმანეთს ისლამური აზროვნება და მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობა — იქ, სადაც ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღმერთის, სამშობლოსა და საზოგადოების შეცნობაზე. ამ თვალსაზრისით, მჯერა, რომ ისლამი და მართლმადიდებლობა სხვა მრავალ ტრადიციაზე მეტად არიან ერთმანეთთან ახლოს ადამიანის და ღმერთის ღრმა ურთიერთობის გაგებაში — ურთიერთობისა, რომელიც ეფუძნება რწმენას, პასუხისმგებლობას, ზნეობასა და ადამიანურ ღირსებას. ასევე გულწრფელი მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მუსლიმური თემის მეჩეთში სტუმრობისა და ისლამურ სამყაროსთან დიალოგისთვის. დღევანდელ მსოფლიოში ამ ნაბიჯს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ოფიციალურ ვიზიტს — ეს არის ურთიერთპატივისცემის, თანაცხოვრებისა და ცივილიზაციათა დიალოგის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა ისლამურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიებითა და სასულიერო წრეებით არ შემოიფარგლოს, არამედ გადაიქცეს ცოცხალ კავშირად ხალხებს, ოჯახებსა და პიროვნებებს შორის — რადგან მშვიდობიანი მომავალი სწორედ ადამიანების მიერ ერთმანეთის შეცნობით შენდება-''წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

ბოლო სიახლეები