ევროკომისია 16 ივნისს წარადგენს წინადადებას უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომისია აღნიშნულ წინადადებას ბრიუსელში, გენერალურ საქმეთა საბჭოში ევროპელი მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. ამავე ცნობით, ეს განრიგი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ლიდერებს, რომ ორი დღის შემდეგ ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში დაამტკიცონ ეს ნაბიჯი.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ზუსტი პირობები ჯერ შეთანხმებული არ არის.
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ექვს ე.წ. კლასტერად იყოფა. მოლაპარაკებების თითოეული „კლასტერის“ გახსნას კი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. პირველი „კლასტერი“ მოლაპარაკებების დასაწყისში იხსნება, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე ბოლოს იხურება.
როგორც გამოცემა იუწყება, დანარჩენი „კლასტერები“ უკრაინისა და მოლდოვისთვის, სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება.

