ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, მაშინ, როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“, – ამერიკელი კონგრესმენი (რესპუბლიკური პარტია) ჯო უილსონი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ Washington Post-ის სარედაქციო სტატიას ეხმაურება.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, მაშინ როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვხედავთ რას წარმოადგენთ“, – წერს უილსონი X-ზე.
ცნობისთვის, Washington Post-მა სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ხვდება“.
სტატიაში წერია, რომ „საქართველოს სულ უფრო მეტად ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიის სტრატეგიას“.
სტატიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული, „რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას“.
„თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას ერთი ბრმა წერტილი აქვს. ოდესღაც რეგიონში აშშ-ის ერთგული მოკავშირე, საქართველო, სულ უფრო ანტიამერიკული ხდება. მისი მთავრობა, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, წლებია ღიად ეარშიყება რუსეთს, მისი დასავლური კავშირების ხარჯზე. ნაკლებად ცნობილია ის, რომ კავშირებს ირანთანაც ამყარებს“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაინახოს.
„რატომ შეუწყობს ხელს ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად ავტორიტარულ საქართველოს მთავრობას, თუ მანამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ დაინახავს, რომ თბილისს უფრო მეტად კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია, ვიდრე ამას ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა? ეს ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენასა და პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დევნის დასრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახიფათო პროირანული ქსელების მოშლა“, – წერს გამოცემა.

