აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით „კუბას პრობლემები აქვს“, რადგან ქვეყანას „არაკომპეტენტური კომუნისტები“ მართავენ.
როგორც რუბიომ აღნიშნა, შეერთებული შტატებიდან 90 მილის დაშორებით „არშემდგარი“ სახელმწიფოს არსებობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს აშშ კუბასთან მიმართებაში.
„კუბა დიდ პრობლემებშია, რადგან, მათთვის სამწუხაროდ, ქვეყანას არაკომპეტენტური კომუნისტების ჯგუფი მართავს. კომუნისტობა ცუდია. არაკომპეტენტური კომუნისტობა კი ყველაზე უარესია. ქვეყანა პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო კომპანიამ სახელად GAESA, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს. ამ კომპანიის ფულიდან არაფერი მიდის კუბელი ხალხის დასახმარებლად. საერთოდ არაფერი. ამიტომ მათთან ამ თემაზე ვისაუბრებთ. ამ საკითხზე ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა, რომ კუბელი ხალხისთვის კარგი შედეგი დადგეს და იმედი მაქვს, ასეც იქნება. ეს აუცილებელია, რადგან ქვეყანა ჩვენი სანაპიროდან მხოლოდ 90 მილით (144 კმ-ით) არის დაშორებული, და ჩვენი სანაპიროდან 90 მილში არშემდგარი სახელმწიფოს არსებობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

