საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა ხელი, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა, ვანგ ვენთაომ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას.
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე, ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცისა და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62 პროცენტით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148 პროცენტით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

