„ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირების განმავლობაში „ბიბისიმ“ 47 პირს გაუგზავნა სასამართლოზე გამოცხადების მოთხოვნა, მათ შორის ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია ცდილობს, მოიპოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განზრახვები და დამოკიდებულება ჰქონდა ტრამპს 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვით გამოსვლის დროს.
ტრამპისა და „ბიბისის“ იურისტებმა სასამართლო მოსმენის ჩატარება მოითხოვეს. ტრამპის მხარე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ქმედებები „კომპრომატების ძიებას“ წარმოადგენს, „ბიბისი“ კი მიიჩნევს, რომ ტრამპის სარჩელმა მისი ქცევისა და განზრახვების შესწავლა სამართლებრივად რელევანტური გახადა.
ტელეკომპანიის განცხადებით, საქმის მოსაგებად ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული არეულობის წახალისებაში ან პროვოცირებაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „ბიბისის“ პოზიციაა, რომ ტრამპის იმდროინდელი ქცევა და განცხადებები შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს იმის დასადგენად, იყო თუ არა სადავო ვიდეომასალა არსებითად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი.
ტრამპის იურისტების განცხადებით, „ბიბისი“ პასუხისმგებელია პრეზიდენტ ტრამპის მიმართ განზრახ ცილისწამებისთვის, რომელიც, მათი თქმით, მისი გამოსვლის დამახინჯებითა და მანიპულირებით განხორციელდა. მათივე შეფასებით, ვერც ერთი სამართლებრივი მანევრი ვერ შეცვლის ამ ფაქტს.
შეგახსენებთ, ფლორიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი“ ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტი ტელეკომპანიისგან ათ მილიარდ დოლარს მოითხოვს.

