ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში საავიაციო ჰაბად“, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

