რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს, რომელიც „თეთრი ნივთიერების“ ფლობისთვის, 24 მაისს ჩეხეთში დააკავეს, სინამდვილეში კოკაინი გადაჰქონდა.
ამის შესახებ პოლიციამ ჩეხური ყოველდღიური გამოცემა Denik N-ის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
„სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ამოღებული თეთრი ფხვნილი კოკაინია. საუბარია რამდენიმე გრამზე, რომელიც მანქანაში ვიპოვეთ და ამოვიღეთ“, – აღნიშნა ჩეხეთის პოლიციამ.
მიტროპოლიტი ილარიონი, პრაღის მახლობლად, პოლიციაში ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა თეთრი ფხვნილის შემცველი სამი პაკეტი იპოვეს (მიტროპოლიტის პრესსამსახურმა ოთხი პაკეტი დაასახელა – რედ.).
დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, ილარიონი გაათავისუფლეს და ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
2025 წელს, ილარიონი, სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებების გამო, ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელის მოვალეობიდან გაათავისუფლეს და ჩეხეთში, კარლოვი ვარის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში გადააყვანეს. ილარიონმა ეს ბრალდებები უარყო. უნგრეთში ყოფნისას, მან უნგრეთის მოქალაქეობა მიიღო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქ კირილეს ინტერესებს ლობირებდა.
როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაკავების შემდეგ მიტროპოლიტი ილარიონი, „ობიექტური გარემოებების გამო“, ჩეხეთში მსახურებას ვეღარ შეძლებს და ამიტომ, მას სამოღვაწეოდ სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში აგზავნიან.
„თქვენ დაგეკისრათ მსახურება წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში ქალაქ სანტა-როზაში (ბრაზილია) და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანეს სახელობის ეკლესიაში ქალაქ კამპინა-დას-მისონესში (ბრაზილია), სადაც უნდა იცხოვროთ კიდეც“, – ნათქვამია პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაში.

