პარასკევი, ივნისი 26, 2026

ლიეტუვის პარლამენტმა, ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში კომპრომისული ცვლილებები შეიტანა

„ახლა ჩვენ გვაქვს კანონი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და რომელიც LRT-ის მიერ საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს“.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, მათ შორის პროფესიონალ ჟურნალისტთა ასოციაცია (ŽPA), ისევე როგორც LRT-ის თანამშრომელთა საპროტესტო კომიტეტი, კომპრომისულ ცვლილებებს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარების გეგმები ჩაშალა.

რა ცვლილებებია მიღებული?

LRT-ის შესახებ კანონში თავდაპირველად შეთავაზებული ცვლილებები, ძირითადად, გენერალური დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესის შეცვლაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა, გასული წლის დეკემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, შეიქმნა ამ საკითხზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების ჩარჩოები გააფართოვა.

ზოგიერთი ყველაზე სადავო წინადადება გულისხმობდა სარედაქციო ზედამხედველობის დაწესებას და ხელშეკრულებების მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულებას, მაგრამ მოგვიანებით ისინი კანონპროექტიდან ამოიღეს. ახალი კანონის თანახმად, LRT-ის სამეთვალყურეო საბჭოს (ქართული ანალოგი -„სამეურვეო საბჭო“ – რედ.) წევრთა რაოდენობა 12-დან 15-მდე გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები სამეთვალყურეო საბჭოში დამატებითი წევრების წარდგენის უფლებას მიიღებენ, თუმცა საბჭოს წევრთა უმრავლესობას კვლავ პოლიტიკოსები დანიშნავენ. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა ექვსიდან ოთხ წლამდე შემცირდება და ზედიზედ მაქსიმუმ ორი ვადით საქმიანობის ლიმიტი დაწესდება. გამკაცრდება რეპუტაციისა და კომპეტენციის მოთხოვნები. LRT-ის საბჭოს ექნება უფლება, მომდევნო გენერალური დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა ღია ან ფარული წესით ჩაატაროს. ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, საბჭოს ექნება სპეციალური ოფისი. ერთსა და იმავე პირს შეუძლია, LRT-ის ხელმძღვანელის პოსტი ეკავოს ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით და მისი გათავისუფლება უფრო გამარტივდება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს ან სერიოზულ დარღვევას ჩაიდენს. ახალი დებულებები გავრცელდება LRT-ის მოქმედ ხელმძღვანელზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლებაც უფრო ადვილი ხდება. ასევე შეიქმნება ხუთწევრიანი LRT-ის მმართველთა საბჭო. კანონში ჩაიწერა LRT-ის მისია და ვალდებულება – მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული; განამტკიცოს დემოკრატია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურა და ენა; ებრძოლოს დეზინფორმაციას პლურალიზმის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებზე დაყრდნობით. სარედაქციო გადაწყვეტილებები დაეფუძნება სარედაქციო პოლიტიკის ახალ სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებსაც რადიოს, ტელევიზიისა და ციფრული დეპარტამენტების მთავარი რედაქტორები დაამტკიცებენ.

LRT-ის თანამშრომლებისა და მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, რომ გენერალური დირექტორის ამრჩევი სამეთვალყურეო საბჭო დეპოლიტიზებული ყოფილიყო, მისი შემადგენლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვლება – მასში სამოქალაქო საზოგადოების მეტი წარმომადგენელი შევა, თუმცა საბჭოში დომინანტური მდგომარეობა კვლავ პოლიტიკური კვოტით დანიშნულ წევრებს ექნებათ.

„პარლამენტი და პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოს 15-დან 8 წევრს წარადგენენ, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას მყარი ინსტიტუციური საფუძველი“ დააკლდება, – ნათქვამია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

RSF-მა ასევე განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქმედი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადასაყენებლად, რაც ევროპული მედიის თავისუფლების აქტს (EMFA) ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისიამ და RSF-მა, რომლებმაც ცვლილებების უკან გაწვევა მოითხოვეს, ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების მმართველი სტრუქტურები პოლიტიკური ჩარევისგან დაცულები უნდა იყვნენ.

LRT-ის გენერალურმა დირექტორმა, მონიკა გარბაჩაუსკაიტე-ბუდრიენემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ცვლილებები, მათ შორის ახალი მმართველთა საბჭო, „გადამხდელებს წელიწადში დამატებით 300 000 ევროდ დაუჯდებათ, ამასთანავე უფრო დამძიმებული და ნელი გახდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი“.

„LRT-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შესუსტდა, ხოლო მისი მართვა სრულიად ზე-ბიუროკრატიზებული გახდა“, – დაწერა მან სამშაბათს ფეისბუქზე და დასძინა, რომ იმედოვნებს, ოპონენტები ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აქცია „შორს ხელები სიტყვის თავისუფლებისგან“, რომელიც ვილნიუსში, საკათედრო ტაძრის მოედანზე გაიმართა
ფოტოს ავტორი: ე. ბლაჟისი / LRT

რატომ ხდება ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში?

 

გასულ წელს პოლიტიკოსებმა პირველად გამოაცხადეს, რომ გენერალური დირექტორის გადაყენების პროცედურის გამარტივებას გეგმავდნენ და განმარტეს, რომ ეს კეთდებოდა ფინანსური აუდიტის პასუხად, რომელმაც ხარვეზები გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ აუდიტმა ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაცია ნამდვილად გასცა, თუმცა უფრო მკაცრი სარედაქციო ან მენეჯერული კონტროლი არ მოუთხოვია.

კრიტიკოსების თქმით, კანონმდებლები დირექტორის გადაყენებას იმ ბრალდებების ფონზე ცდილობდნენ, რომლის მიხედვითაც, LRT უფრო კრიტიკული იყო „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობისა და ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მმართველი კოალიციის ფორმირებაში აქტიური როლი ითამაშა.

თუმცა, ადრინდელმა აუდიტმა LRT-ის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ხარვეზები ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, თავად ასეთი მოკვლევის დაწყების გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს და სარედაქციო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ზედამხედველობისა და თვითცენზურის წახალისებად შეაფასეს.

რამდენად დიდი იყო წინააღმდეგობა?

საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილამდე გაგრძელდა; პოლიციისა და მედიის შეფასებით, შედარებით ფართომასშტაბიან მიტინგებზე 10 000-დან 30 000-მდე ადამიანი იკრიბებოდა. პეტიციას ხელი 145 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა, რაც მას ქვეყანაში დღემდე ყველაზე პოპულარულ ონლაინ პეტიციად აქცევს.

ბევრი მათგანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, აცხადებდა, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენდა ანტიდემოკრატიული რეფორმების ნაწილს, რომლებსაც მოქმედ მთავრობაში მყოფი პოპულისტები, „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით, ატარებდნენ.

2026 წლის აპრილში, ევროპარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც კანონპროექტს აკრიტიკებდა, ხოლო ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრებმა, ამ ცვლილებების სრულად გაუქმება მოითხოვეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ის, რომ დღეს ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე ეროვნული ინტერესების დაცვაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა წუმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს, ასევე საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს.„დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორის მიმართ.ის, რომ დღეს ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არის მტკიცე, ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდესისა და უნეტარესი შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად დგომა. და რა თქმა უნდა, მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ უწმინდესო და უნეტარესო, უდიდესი თანადგომისთვის ქართული სახელმწიფოს მიმართ. უღრმესი მადლობა თქვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, გამოვხატოთ ჯარის მიმართ, მადლიერებაა

ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთდაერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცეზე, სიამაყის განცდაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ.„საუბარი იყო ქართულ ჯარზე, არ ვიცი კონკრეტულად ვისი ციტატა იყო მოყვანილი. ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს და ჩვენი პატივისცემა ქართული ჯარის მიმართ არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება შეიძლება, გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადაერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცზე, ეს არის სიამაყის განცდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.მისი თქმით, გათავისუფლებული პირები, რომელთა შორისაც სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, კონტრაქტორები და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლები არიან, 2022 წლიდან იმყოფებოდნენ ტყვეობაში.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკს, ლუგანსკს, ზაპოროჟიეს, კიევს, ჩერნიგოვსა და სუმის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიებს.როგორც „ბიბისი“ იტყობინება, რუსეთისთვის გადაცემულ ტყვეთა შორის 93% კონტრაქტორია და 64%-ს ან ნასამართლეობა ჰქონდა, ან გამოძიების ობიექტია. 160 გათავისუფლებულიდან უმეტესობას ტყვეობაში ექვს თვეზე ნაკლები დრო ჰქონდა გატარებული.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა მიიღო.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, იმიტირებული გამოცდის მიზანი აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შეთავაზება და მათთვის თავიანთი ცოდნისა და უნარების შეფასების შესაძლებლობის მიცემაა.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მონაწილეებს მათემატიკის იმიტირებული ტესტები შესთავაზეს, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით მომზადდა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, იმიტირებული გამოცდა სრულად შეესაბამებოდა ეროვნული გამოცდების ფორმატს და პროცედურებს, რაც აბიტურიენტებს დაეხმარა როგორც საგამოცდო გარემოსთან ადაპტაციაში, ისე დროის მართვისა და ტესტზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.„მოხარული ვართ, რომ მათემატიკის იმიტირებულ ეროვნულ გამოცდაში 220 აბიტურიენტი ჩაერთო. მსგავსი ფორმატის გამოცდებს უკვე მესამე წელია ვატარებთ. იმიტირებული გამოცდები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ საკუთარი ცოდნა რეალურ საგამოცდო გარემოში შეამოწმონ, უკეთ შეაფასონ საკუთარი მზადყოფნა და მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნული გამოცდების რეალურ გარემოსთან. სწორედ ამიტომ, ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ნიმუშების საფუძველზე მომზადდა, ხოლო გამოცდა სპეციალურად ორგანიზებულ საუნივერსიტეტო საგამოცდო სივრცეში ჩატარდა.მათემატიკა ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინაა როგორც საინჟინრო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებებისთვის. გვინდა მომავალ სტუდენტებს დავეხმაროთ არა მხოლოდ გამოცდებისთვის მზადებაში, არამედ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაშიც გამოადგებათ.მადლობას ვუხდი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრს, ფაკულტეტის თანამშრომლებსა და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევით ინსტიტუტს, სადაც იმიტირებული საგამოცდო ტესტები შეადგინეს და დაამუშავეს. დარწმუნებული ვართ, მიღებული გამოცდილება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, იმიტირებული გამოცდები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ობიექტურად შეაფასონ ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრონ დამატებითი მუშაობის საჭირო მიმართულებები და ეროვნული გამოცდების ეტაპს უფრო მომზადებული შეხვდნენ. როგორც პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია აცხადებს, კვლევითი ინსტიტუტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მათემატიკით დაინტერესება, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მომავალი.„მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდების ჩატარება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც თვითშეფასების უნარის განვითარებას, ისე საგამოცდო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას. იმიტირებულ გამოცდაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას, არამედ იმასაც, რომ ტესტები ორიენტირებული ყოფილიყო ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასებაზე.მათემატიკა არის უნივერსალური ენა, რომლის საშუალებითაც ადამიანი სწავლობს კანონზომიერებების აღმოჩენას, რთული პროცესების ანალიზსა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას. მათემატიკური აზროვნება აყალიბებს ლოგიკურობას, სიზუსტეს, არგუმენტირების კულტურასა და ინტელექტუალურ დისციპლინას, რაც აუცილებელია როგორც საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, ისე ეკონომიკაში, მედიცინაში, სოციალურ მეცნიერებებსა და თანამედროვე კვლევით საქმიანობაში.დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით, მათემატიკის როლი კიდევ უფრო მზარდია. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ სფეროებში კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება მათემატიკური საფუძვლების გარეშე. სწორედ ამიტომ, მათემატიკის სწავლება უნდა განვიხილოთ არა როგორც გამოცდის ჩაბარების საშუალება, არამედ როგორც მომავალი პროფესიული და სამეცნიერო წარმატების საფუძველი.მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია შესაძლებლობა გვაქვს წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში“, - აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.

ირაკლი კობახიძე – „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი, საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მლნ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი

ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც არის განკუთვნილი მეწარმეობის მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში,„აწარმოე საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი.„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა. აქ დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი. „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიული ნაწილი – აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა. აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში, ქუთაისში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები