ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის გამო, ჩინეთთან შედარებით მეტ საფრთხეს შესაძლოა, ირანი წარმოადგენდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით შესაძლოა, მეტ საფრთხეს ირანი წარმოადგენდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს აქვს სერიოზული მზადყოფნა.
„ჩინეთთან შედარებით ჩვენთვის შესაძლოა, მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი მეზობელი მომიჯნავე ქვეყანა, ძალიან ახლოს არის ჩვენთან, თეირანიდან საათნახევრის ფრენაა საქართველომდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსი უკვე გასცდა აზიის ფარგლებს და არის შემთხვევები ევროპაში.
„თუ ადრე იყო თითო-ორი შემთხვევა, ბოლო სამი დღის განმავლობაში სერიოზული ეპიდაფეთქებაა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში. რამდენიმე ქალაქში უკვე გამოცხადებულია კარანტინი. დაფიქსირდა გარდაცვალების სამი შემთხვევა. ასევე პანდემიის რისკი მომატებული და გაზრდილია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, ირანი. ირანში ეპიდაფეთქების რისკი საკმაოდ მომატებულია, რადგან ის არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და საბჭომ მიიღო მთელი რიგი რეკომენდაციები მთავრობისადმი, რომელიც ასახული იქნება მთავრობის განკარგულებაში. ზოგიერთი რეკომენდაცია უკვე შევიდა ძალაში, მაგალითად ის, რომ საქართველომ შეწყვიტა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ირანთან და ასევე გადადგმული იქნება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად შევაკაოთ ინფექციის იმპორტი ქვეყანაში. საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და აძლიერებს მუშაობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგიის კონსულტაცია და ეძლეოდათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ახლა ეს ყველაფერი უკვე ვრცელდება ირანში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მყოფ ადამიანებზეც.
„ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იმავე ღონისძიებების გატარების თაობაზე სხვა ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების მიმართაც. მათ შორის მიმდინარეობს მსჯელობა იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში 24 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელთა ჰოსპიტალიზებაც მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურა.
„საქართველო ისევ რჩება ე.წ მწვანე ზონაში, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არის მინიმალური“, – განაცხადა გამყრელიძემ.