იონათამიშვილი: დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ შშმ პირებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს ყველაფერი – 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, დამჭირდა ეტლი – მაშინ 19 წლის ვიყავი

Read Time:2 Minute, 4 Second

როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ პირის მშობელი შემეხმიანა, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს ყველაფერი, ამიტომ გადავიწყვე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დავიწყებ იმით, რომ 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია 😀 მაგრამ დამჭირდა ეტლი. მხოლოდ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გადაადგილება შემძლებოდა. მაშინ 19 წლის ვიყავი და ამის გაგება მარტივი არ იყო, მაგრამ ოჯახი ბავშვობიდან მასწავლიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას და ეს დამეხმარა. ამიტომ ჩემთვის სრულიად უცხო მდგომარეობა ტრაგედიად არ მიმიღია, პირიქით, მივიღე  გამოწვევად, რომ ცხოვრების სტილის შეცვლას ამ ცხოვრებაში ჩემი შეცვლა არ გამოეწვია. ეტლს მხოლოდ პირველი ერთი თვე არ ვიკარებდი, თუმცა,  მალევე ის ჩემი თავისუფლების მთავარ აქსესუარად იქცა.

მაშინ საზოგადოების ცნობიერება ბევრად უფრო დაბალი იყო და ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის, ქუჩაში ყოველი გასვლა ბრძოლის ველზე გასვლას გავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი, პირიქით, ეს მხოლოდ მაძლიერებდა და ვფიქრობდი, რაც უფრო მეტ ადამიანს შევხვდებოდი ცხოვრების გზაზე, მით უფრო მეტის ცნობიერებას შევცვლიდი  და გავათავისუფლებდი ცრუ-წარმოდგენებისგან.

მე ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ბედნიერი ვარ, რომ ვარ წარმატებული ჩემს ორივე საქმეში – პარალიმპიურ მოძრაობაში და პოლიტიკაშიც; რომ ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანანებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარილით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს… ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება ფეისბუკზე სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე მაზოლების გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი გონია. ეს არის ის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენს შორის არსებობს.

ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი, როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ ეტლზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ზნის ლუსტრაციას, კომპლექსებს და არარეალიზებულ ყოფას წარმოაჩენენ. ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია.
ჩემს მეგობარ შშმ პირებს კი ვეტყვი, რომ გამოწვევები ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნათ. ჩვენი სამყარო ეფუძნება მრავალფეროვნების პრინციპს და იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ ხარ უცხო და უცნობი. პირიქით, ჩვენი განსხვავებულობა ამდიდრებს საერთო სიკეთეს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ.” – წერს რატი იონათამიშვილი “ფეისბუკში”.

შეგახსენებთა, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის, გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას, რომელსაც თან ახლავს დამამცირებელი კომენტარები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას – სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია უკარნახებს
Next post ვიქტორ ორბანი: ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს