ორშაბათი, მაისი 18, 2026

დონალდ ტუსკი – ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ მიმდინარე რთული პერიოდი უნდა გადალახოს

ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ მიმდინარე რთული პერიოდი უნდა გადალახოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა და ხაზი გაუსვა პოლონეთისა და ვაშინგტონის კავშირების მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც პენტაგონმა პოლონეთში 4000 სამხედროს განლაგება გააუქმა.

„პოლონეთში, ევროპაში, ატლანტიკის ორივე მხარეს, აშშ-სა და კანადაში – ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ ტრანსატლანტიკურმა თანამშრომლობამ, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ეს რთული პერიოდი გადალახოს“, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკმა აღნიშნული განცხადება გააკეთა აშშ-ის ერთ-ერთ კომპანიასთან შეთანხმების ხელმოწერის დროს, რომელიც „აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის ძრავების სერვისცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეს შეთანხმება ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობის მაგალითია. „თქვენ აქ მეგობარი გყავთ. თქვენ ყველაზე ერთგული მოკავშირე გყავთ. ამის გახსენება ღირს, რადგან ამერიკა უკეთეს მოკავშირეს ვერსად იპოვის“, – განაცხადა ტუსკმა შეერთებული შტატებისადმი მიმართვისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში შუამავლების მონაწილეობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები პირდაპირი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში შუამავლების ჩართვის იდეას აკრიტიკებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.ანგელა მერკელის თქმით, ასეთ მიდგომას მართებულად არ მიიჩნევს.ვლადიმერ პუტინის წინადადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის კონფლიქტში შუამავლის როლი გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა უნდა შეასრულოს, მერკელმა განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები პირდაპირი გზით უნდა გადაწყდეს.მერკელმა გაიხსენა მინსკის მოლაპარაკებები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიმართა. მისი თქმით, იმ ვითარებაში „არ მოუვიდოდა აზრად, ეთხოვა შუამავლისთვის მინსკში ჩასვლა და მის ნაცვლად პუტინთან საუბარი“. მისი განცხადებით, მსგავსი პროცესები ლიდერების პირად მონაწილეობას მოითხოვს და პასუხისმგებლობის მესამე პირებზე გადატანა სწორი არ არის. ყოფილმა კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ მოლაპარაკებების პროცესი „საკუთარ ხელში უნდა აიღოს“. ეს განცხადებები მერკელმა კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა ევროპის პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე რუსეთთან ურთიერთობებში.მერკელმა ევროკავშირი ​გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი აზრით, ევროპა საკმარისად არ იყენებს საკუთარ დიპლომატიურ გავლენას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულების ხელშესაწყობად.„ვფიქრობ, სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც აქამდე გავწიეთ, აბსოლუტურად სწორი იყო. ასევე სწორად მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ შეკავების ეფექტის შესაქმნელად, უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებს მიღმა. თუმცა ვნანობ, რომ, ჩემი აზრით, ევროპა საკუთარ დიპლომატიურ პოტენციალს საკმარისად არ იყენებს“, – განაცხადა მერკელმა.„საკმარისი არ არის, მხოლოდ დონალდ ტრამპი ინარჩუნებდეს კონტაქტს რუსეთთან“, – განაცხადა მან.ცნობისთვის, „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის კანდიდატურებს განიხილავენ.შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისთვის სასურველი კანდიდატი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგნელები დაესწრნენ.პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამეც.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე.„პრეზიდენტის სასახლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ვუმასპინძლე.შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.შეხვედრაზე აქცენტი გავაკეთეთ მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე და აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმის, ტრადიციული ფასეულობების დაცვაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.შეხვედრაზე სტუმრებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოხატული გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე“, – დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების მიხედვით, უმკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული საკითხი ახლებურად ყალიბდება

უმკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული საკითხი ახლებურად ყალიბდება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმკვიდრო ქონება აღარ გადაეცემა – ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებას, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებას, სამკურნალო ან აღმზრდელობითი დაწესებულებას მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა დასახელებული დაწესებულებების რჩენაზე მამკვიდრებელი.პროექტით განისაზღვრება, რომ თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

შალვა პაპუაშვილი – როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან, მარგინალური ადამიანების ერთი ჯგუფია, უცხოელმა შეაქოთ, ამის იქეთ...

რასაც აკვირდებით, ყველაფერი ფარსია. როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია – სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია – სხვაგან. ერთი ჯგუფია, მარგინალური ადამიანების ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი პრობლემაა, რომ მათ ღალატის ნაბიჯი გადადგეს.„აქ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე ასეულია, თუ რამდენიმე ათასია, მარგინალი ნიშნავს, რომ არიან საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები და ეს არის ერთი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ უცხოელმა შეაქოს. ჯგუფი ადამიანებისა აქამდე დეგრადირდა, რომ არათუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზეა შესაძლებელი მათთან საუბარი, ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოთ, ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა. ამის იქეთ, არაფერი არ აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ქვეყანას.ამიტომ, პოლიტიკოსებს რაც შეეხება, მათი მთავარი პრობლემაა, რომ მათ გადადგეს ღალატის ნაბიჯი. ღალატში როცა შევა ადამიანი, ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით, რა შედეგები აქვს ამას. ყორღანაშვილსაც ექნებოდა თავისი გასამართლებელი რაღაც არგუმენტები ალბათ, როგორც ესენი მოიშველიებენ, მაგრამ ისტორიამ ამ ყველაფერს გასცა პასუხი. შენი ქვეყნის წინააღმდეგ  როცა მიდიხარ, სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და სხვისი ინტერესებით მოქმედებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად ბრიუსელში ანგელა მერკელის, მარიო დრაგისა და ალექსანდრ სტუბის კანდიდატურები განიხილება

ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის კანდიდატურებს განიხილავენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გარდა ამისა, გამოცემა ამ პოზიციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს, კაია კალასსაც მოიხსენიებს.კალასი დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, თუმცა მოგვიანებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს თვის ბოლოს განიხილავენ.„პოლიტიკოს“ ცნობით, გასულ კვირას კალასმა, ფაქტობრივად, საკუთარი კანდიდატურა თავად წამოაყენა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შეუძლია, ამოიცნოს ის ხაფანგები, რომლებსაც რუსეთი აწყობს“.როგორც „პოლიტიკოს“ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის სამი დიპლომატი აცხადებს, რომ კალასის მკაცრად ანტირუსული პოზიცია ვლადიმერ პუტინისთვის მის კანდიდატურას, პრაქტიკულად, გამორიცხავს.მერკელის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემა აღნიშნავს, რომ მას ამ პოზიციის დაკავება შეუძლია და უშუალოდ ჰქონია ურთიერთობა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე ვლადიმერ პუტინთან. ამავდროულად, ბევრი ევროპელი მიიჩნევს, რომ მისი წარსული წარუმატებელი შუამავლობის მცდელობები საკმარისია მისი კანდიდატურის გამოსარიცხად.სტატიის მიხედვით, სტუბის კანდიდატურასთან დაკავშირებით აღნიშნავენ გამოცდილებას შუამავლობაში საკუთარ ქვეყანაში და იმ ფაქტს, რომ ადრე თავად გამოხატა დაინტერესება. სტატიის თანახმად, მას ევროკავშირის ფართო მხარდაჭერა დასჭირდება, ხოლო ფინეთის ნატო-ში წევრობამ, შესაძლოა, შანსები შეამციროს.რაც შეეხება მარიო დრაგის, როგორც გამოცემა წერს, ის ევროპაში ფართო პატივისცემით სარგებლობს და არც ზედმეტად ხისტ, არც კრემლისადმი სიმპათიების მქონედ არ მიიჩნევა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს საჯარო სიგნალები, რომ ეკონომიკაზე ორიენტირებულ დრაგის სურდეს ამ როლის შესრულება.„პოლიტიკოს“ ცნობით, ის ადამიანები, რომლებიც იცნობენ კიევის პოზიციას, აცხადებენ, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ბრიუსელის ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ამასთანავე არ უნდა იყოს ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელი.სტატიის მიხედვით, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ისეთ ფიგურებზე, როგორებიც არიან ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე ან თუნდაც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაიშანკარი, რომელიც ორივე მხარესთან ინარჩუნებს ურთიერთობებს.გამოცემის შეფასებით, „რუსეთთან მომლაპარაკებლის შერჩევაში ყველაზე დიდი დაბრკოლება არის არა პუტინი ან ზელენსკი, არამედ ევროპელების უუნარობა, შეთანხმდნენ“.ამავდროულად, მედია იუწყება, რომ გერმანიაში ამ პოზიციაზე მოქმედი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის კანდიდატურის განხილვას გეგმავენ.

ბოლო სიახლეები