უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პოლარიზაციასთან დაპირისპირებაში მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს.
„კანონი ყველას შეეხება. სჯობს, კარგი ინიციატივების მხარდამჭერები ვიყოთ, ვიდრე კარგ ინიციატივებს ცუდი მაგალითების მოშველიებით ტორპედირება გავუკეთოთ. ისე შეგვაჩვიეს ბევრ უმსგავსობას, რომ წესიერი გზის ჩვენება როცა ხდება, ეს უარყოფით რეაქციას იწვევს ხოლმე. უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, რაზეც კანონი ისედაც არსებობს. პირიქით, მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს იმაში, რომ სწორედ პოლარიზაციას დაუპირისპირდეს.
ეს ჩვენი ნოუ ჰაუ კი არ არის, ეს სენი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ირაკლი ქადაგიშვილისგან მოდის თუ სხვისგან, ამით საზოგადოება მოიგებს. ის ადამიანიც მოიგებს, ვინც, შეიძლება, პოტენციურად ამას აკეთებდეს ან ვისაც, შეიძლება, ეს ეხებოდეს. დაჭერაზე არ არის საქმე, ხომ არ თქმულა, რომ რამე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შემოდის? აქამდეც შეეძლო, ადამიანს ეჩივლა ღირსების შელახვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

