ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ მიმდინარე რთული პერიოდი უნდა გადალახოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა და ხაზი გაუსვა პოლონეთისა და ვაშინგტონის კავშირების მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც პენტაგონმა პოლონეთში 4000 სამხედროს განლაგება გააუქმა.
„პოლონეთში, ევროპაში, ატლანტიკის ორივე მხარეს, აშშ-სა და კანადაში – ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ ტრანსატლანტიკურმა თანამშრომლობამ, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ეს რთული პერიოდი გადალახოს“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა აღნიშნული განცხადება გააკეთა აშშ-ის ერთ-ერთ კომპანიასთან შეთანხმების ხელმოწერის დროს, რომელიც „აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის ძრავების სერვისცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ეს შეთანხმება ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობის მაგალითია. „თქვენ აქ მეგობარი გყავთ. თქვენ ყველაზე ერთგული მოკავშირე გყავთ. ამის გახსენება ღირს, რადგან ამერიკა უკეთეს მოკავშირეს ვერსად იპოვის“, – განაცხადა ტუსკმა შეერთებული შტატებისადმი მიმართვისას.

