გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში შუამავლების ჩართვის იდეას აკრიტიკებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ანგელა მერკელის თქმით, ასეთ მიდგომას მართებულად არ მიიჩნევს.
ვლადიმერ პუტინის წინადადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის კონფლიქტში შუამავლის როლი გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა უნდა შეასრულოს, მერკელმა განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები პირდაპირი გზით უნდა გადაწყდეს.
მერკელმა გაიხსენა მინსკის მოლაპარაკებები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიმართა. მისი თქმით, იმ ვითარებაში „არ მოუვიდოდა აზრად, ეთხოვა შუამავლისთვის მინსკში ჩასვლა და მის ნაცვლად პუტინთან საუბარი“. მისი განცხადებით, მსგავსი პროცესები ლიდერების პირად მონაწილეობას მოითხოვს და პასუხისმგებლობის მესამე პირებზე გადატანა სწორი არ არის. ყოფილმა კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ მოლაპარაკებების პროცესი „საკუთარ ხელში უნდა აიღოს“. ეს განცხადებები მერკელმა კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა ევროპის პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე რუსეთთან ურთიერთობებში.
მერკელმა ევროკავშირი გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი აზრით, ევროპა საკმარისად არ იყენებს საკუთარ დიპლომატიურ გავლენას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულების ხელშესაწყობად.
„ვფიქრობ, სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც აქამდე გავწიეთ, აბსოლუტურად სწორი იყო. ასევე სწორად მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ შეკავების ეფექტის შესაქმნელად, უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებს მიღმა. თუმცა ვნანობ, რომ, ჩემი აზრით, ევროპა საკუთარ დიპლომატიურ პოტენციალს საკმარისად არ იყენებს“, – განაცხადა მერკელმა.
„საკმარისი არ არის, მხოლოდ დონალდ ტრამპი ინარჩუნებდეს კონტაქტს რუსეთთან“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის კანდიდატურებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისთვის სასურველი კანდიდატი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იქნებოდა.

