ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის კანდიდატურებს განიხილავენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გარდა ამისა, გამოცემა ამ პოზიციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს, კაია კალასსაც მოიხსენიებს.
კალასი დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, თუმცა მოგვიანებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს თვის ბოლოს განიხილავენ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, გასულ კვირას კალასმა, ფაქტობრივად, საკუთარი კანდიდატურა თავად წამოაყენა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შეუძლია, ამოიცნოს ის ხაფანგები, რომლებსაც რუსეთი აწყობს“.
როგორც „პოლიტიკოს“ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის სამი დიპლომატი აცხადებს, რომ კალასის მკაცრად ანტირუსული პოზიცია ვლადიმერ პუტინისთვის მის კანდიდატურას, პრაქტიკულად, გამორიცხავს.
მერკელის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემა აღნიშნავს, რომ მას ამ პოზიციის დაკავება შეუძლია და უშუალოდ ჰქონია ურთიერთობა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე ვლადიმერ პუტინთან. ამავდროულად, ბევრი ევროპელი მიიჩნევს, რომ მისი წარსული წარუმატებელი შუამავლობის მცდელობები საკმარისია მისი კანდიდატურის გამოსარიცხად.
სტატიის მიხედვით, სტუბის კანდიდატურასთან დაკავშირებით აღნიშნავენ გამოცდილებას შუამავლობაში საკუთარ ქვეყანაში და იმ ფაქტს, რომ ადრე თავად გამოხატა დაინტერესება. სტატიის თანახმად, მას ევროკავშირის ფართო მხარდაჭერა დასჭირდება, ხოლო ფინეთის ნატო-ში წევრობამ, შესაძლოა, შანსები შეამციროს.
რაც შეეხება მარიო დრაგის, როგორც გამოცემა წერს, ის ევროპაში ფართო პატივისცემით სარგებლობს და არც ზედმეტად ხისტ, არც კრემლისადმი სიმპათიების მქონედ არ მიიჩნევა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს საჯარო სიგნალები, რომ ეკონომიკაზე ორიენტირებულ დრაგის სურდეს ამ როლის შესრულება.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ის ადამიანები, რომლებიც იცნობენ კიევის პოზიციას, აცხადებენ, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ბრიუსელის ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ამასთანავე არ უნდა იყოს ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელი.
სტატიის მიხედვით, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ისეთ ფიგურებზე, როგორებიც არიან ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე ან თუნდაც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაიშანკარი, რომელიც ორივე მხარესთან ინარჩუნებს ურთიერთობებს.
გამოცემის შეფასებით, „რუსეთთან მომლაპარაკებლის შერჩევაში ყველაზე დიდი დაბრკოლება არის არა პუტინი ან ზელენსკი, არამედ ევროპელების უუნარობა, შეთანხმდნენ“.
ამავდროულად, მედია იუწყება, რომ გერმანიაში ამ პოზიციაზე მოქმედი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის კანდიდატურის განხილვას გეგმავენ.

