სამშაბათი, მაისი 19, 2026

საქართველოში ირანის ელჩმა ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

,,დღეს ქართულ მედიასაშუალებებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, უწინარეს ყოვლისა, განვაცხადე, რომ ირანს არც ერთი ომი არ დაუწყია. ირანის ისლამური რესპუბლიკა 2025 წლის ზაფხულში, ისევე როგორც 2026 წლის ზამთარში, მაშინ, როცა მოლაპარაკებას აწარმოებდა, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ევროპელი მოკავშირეების მხრიდან გახდა თავდასხმის ობიექტი.
ამ ამბავში ყველაზე მეტად შემაშფოთებელი გახლავთ ის, რომ რეალისტურად არ ფასდება საერთაშორისო სისტემის მყიფე მდგომარეობა. სანამ უკრაინის ომი გრძელდება, მსოფლიოს ეკონომიკა რეცესიას განიცდის, პანდემიის შედეგები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა, საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოება დარღვეულია, გრძელდება პოლიტიკური პრეტენზიების გამოთქმა ლათინური ამერიკისა და გრენლადიის მისამართით. ახლო აღმოსავლეთში ახალი ფრონტის გახსნა სარისკო ნაბიჯია, რომელიც დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ირანის ისლამური რესპუბლიკა თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ფარგლებში და ეყრდნობა ლეგიტიმური თავდაცვის განუყოფელ უფლებას. ეს თავდაცვა მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ირანის ცისა და საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოების დაცვას.
ირანის თავდაცვითი ქმედებები არ არის მიმართული მისი მეზობლების წინააღმდეგ; ისინი მიმართულია მხოლოდ იმ სამიზნეებისა და ბაზებისკენ, რომლებსაც აგრესორი ძალები იყენებენ ირანის წინააღმდეგ ლოჯისტიკის უზრუნველყოფის, ოპერაციების წარმართვის ან დაწყებისთვის.
ამ მოვლენების განვითარებამდე, სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებში გაგზავნილ იქნა დიპლომატიური მისიები, რომელთაც შესაბამის მხარეებს გადასცეს საჭირო გაფრთხილებები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა ირანის აწ მოწამეობრივად აღსრულებული თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბაქოში და მისი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
ბევრმა მეზობელმა ქვეყანამ ხაზგასმით განაცხადა, რომ არ დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე თავდასხმისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ოფიციალურად აღიარა საკუთარი სამხედროების ყოფნა ქუვეითში, გაჩნდა გაურკვევლობა ამ შესაძლებლობების გამოყენების გზებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი გამოიძახეს, რათა ოფიციალური ახსნა-განმარტება გაეკეთებინა. ჩვენი შეკითხვა ნათელი გახლდათ: რანაირად იმყოფებიან ამერიკელი ჯარისკაცები და სამხედრო თვითმფრინავები იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც ამას წინათ ხაზი გაუსვა საკუთარ ნეიტრალიტეტს?!
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ განმარტა, რომ ნებისმიერ ახალ თავდასხმას გარდაუვლად ექნება რეგიონული მასშტაბები. ეს არ არის მუქარა, არამედ რეგიონის გეოპოლიტიკური რეალობის აღწერას წარმოადგენს. რეგიონის უსაფრთხოება სტრუქტურულად დაკავშირებულია ირანის უსაფრთხოებასთან. ვერც ერთი შეტაკება ირანთან, ვერ დარჩება მხოლოდ ორმხრივ კონფლიქტად. თუმცა, ირანი ომს არ მიესალმება და როგორც კი აგრესია შეწყდება, ეროვნული ინტერესებისა და რეგიონის საერთო კეთილდღეობის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ირანი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა თითქმის ოთხმოცდაათ მილიონს აღწევს და რომელსაც დიდი ისტორიული ცივილიზაცია გააჩნია; ირანი არ წარმოადგენს მცირე სამხედრო სამიზნეს ან წარმოსახვით სტრუქტურას.
ამავდროულად, გარკვეული წინააღმდეგობები შეიმჩნევა ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებებში. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ „ირანი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა“, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ საფრთხე არ არსებობდა, რატომ აკისრებდით ყოველდღიურად დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს?!
თუკი მანამდე და 2025 წლის ზაფხულის ომის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ბირთვულ სფეროში არსებული შესაძლებლობები „სრულად იქნა განადგურებული“, მაშ, რატომ მოიხსენიებენ იგივე მიზეზს ოპერაციების მიზნად? მაშინ იცრუეს თუ ახლა ამბობენ ტყუილს?
ოფიციალურ განცხადებებში არსებული ეს წინააღმდეგობები, მოითხოვს მკაფიო პასუხს.
მსოფლიო უკეთესი ვერ გახდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სკოლების, საავადმყოფოების ან კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლების, განადგურებით. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გლობალური საზოგადოების სინდისს.
პოლიტიკურ დონეზეც შეუსაბამო განცხადებებს ვაწყდებით. ბატონმა ჯი დი ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ მიზანს არ წარმოადგენს ხელისუფლების შეცვლა. არადა, თავად ამერიკაში გაკეთებული სხვა განცხადებები ქმნის განსხვავებულ აღქმას. დღეს ეს არათანმიმდევრულობა ამერიკის ოფიციალურ პირთა განცხადებებში თავად ამერიკელი ხალხისთვის წარმოადგენს დაფიქრების საგანს.
მეორე მხრივ, სიონისტური რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სცადა ამ კონფლიქტის რელიგიური ინტერპრეტაცია მოეხდინა. მისი თქმით, თავდასხმა განხორციელდა ახალწარმოშობილი შიიტური და სუნიტური ძალების შეჩერების მიზნით. ეს ხდება იმის მიუხედავად რომ ზოგიერთ სუნიტურ მუსლიმურ სახელმწიფოსთან „აბრაამის შეთანხმების“ ხელმოწერისას, მან ეს ქმედება ისლამურ სამყაროსთან დაძაბულობისა და კონფლიქტის დასრულებად გამოაცხადა, თუმცა მანვე ღაზაში 50 000-ზე მეტი უდანაშაულო სუნიტი მასობრივად გაანადგურა.
ისრაელს დღეს აშინებს თურქეთისა და ეგვიპტის, სუნიტური სამყაროს ორი მნიშვნელოვანი ძალის, პოტენციალი, და ელოდება, როდის შეძლებს მათთვის შემდგომი დარტყმის მიყენებას.
ჩემი ქვეყნის თვალთახედვით, რეგიონული თანამშრომლობის გზაზე სიარული შესაძლებელია, თუმცა იდენტობითა და რელიგიით მოტივირებული დაპირისპირების დღის წესრიგი, რომელსაც ისრაელი მიჰყვება, მხოლოდ განხეთქილების გაღრმავებას იწვევს.
რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ძალთა ბალანსის ხელახალ განსაზღვრას იწვევს და ისეთი აქტორები, როგორიცაა თურქეთი, უფრო აქტიურ როლს იძენენ. დასავლურმა სამყარომ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ პროცესებთან დაპირისპირება მილიტარიზაციის ან რელიგიური პოლარიზაციის გზით სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს.
საბოლოოდ, ირანი ისწრაფვის სტაბილური რეგიონისკენ, რომელიც თავისუფალია გარე ჩარევისგან და ეფუძნება რეგიონული სახელმწიფოების თანამშრომლობას. ირანი საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას განიხილავს როგორც განუყოფელ უფლებას. ნამდვილი გამოსავალი არის დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი რეალური ერთგულება — და არა ომის მასშტაბების გაფართოება.
ირანის ისლამური რესპუბლიკისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს მოვლენებს რეალისტურად და ზუსტი გათვლით მიუდგეს, ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი ოფიციალური განცხადება არ შეესაბამება არსებულ პოლიტიკურ რეალობებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ირანის რეჟიმი აღარ არსებობს“ და „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“. თუ ეს სიტყვები სათვალავში ჩავაგდეთ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ირანის მმართველი სტრუქტურა აღარ არსებობს, მაშინ სამხედრო ოპერაცია ვის წინააღმდეგ მიმდინარეობს?
ომი მიმართულია ობიექტური პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის წინააღმდეგ და არა წარმოსახვითი ჰიპოთეზის წინააღმდეგ. ირანის ისლამური რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია სუვერენიტეტი, ჰყავს თითქმის 90 მილიონამდე მოსახლე და წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალურ წევრს. ამ რეალობის იგნორირება ვითარების სწორ ანალიზს ხელს ვერ შეუწყობს. ასეთი განცხადებები აჩენს შეშფოთებას, რომ პოლიტიკურ რიტორიკასა და სტრატეგიულ გათვლებს შორის სერიოზული განსხვავება არსებობს. საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარის ზუსტ შესწავლას, შედეგების რეალისტურ შეფასებას და მარტივი პროპაგანდისტული მეთოდებისგან თავშეკავებას.
ეს მიდგომა მიუთითებს, რომ ამერიკამ ტრამპის მეშვეობით „დაუსრულებელ ომში“ ამოჰყო თავი. თუკი ასეთი ისტორიული, დემოგრაფიული და გეოპოლიტიკური მასშტაბის ქვეყანას, მხოლოდ მედია-განცხადებების საფუძველზე, „დამთავრებულად“ აღვიქვამთ, თვით ეს ფაქტი იქნება არასწორი გათვლის ნიმუში. ამ არასწორ გათვლას შესაძლოა რეგიონისა და თავად ამ გადაწყვეტილების მიმღებთათვისაც მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ირანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ომს არ ესწრაფვის. ირანი გადაწყვეტილებებს რეალობის საფუძველზე იღებს, არა წარმოსახვის ან პროპაგანდისტული რიტორიკის მიხედვით. რეგიონული სტაბილურობა მოითხოვს ურთიერთგაგებას და ზუსტ ანალიზს, არა ემოციურ ნარატივებს. დღეს ირანი არის მდგრადი რეალობა რეგიონულ და საერთაშორისო გათვლებში; ირანი არსებობს, რადგან ირანელი ხალხი არსებობს. ეს უწყვეტობა არის წლების მანძილზე განხორციელებული აღდგენის, ორგანიზებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგი, რასაც ადგილი ერაყის ბაასისტურ რეჟიმთან თავსმოხვეული ომის შემდეგ.
ერაყთან რვაწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ, ქვეყნის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა. თუმცა, დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, ქვეყნის თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და მართვის სტრუქტურები ხელახლა ისე შეიქმნა, რომ ირანმა შეძლო გაევლო აღდგენითი ეტაპი და მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე გამხდარიყო. ირანის სწრაფი და მრავალშრიანი რეაგირების შესაძლებლობა ნებისმიერი აგრესიის მიმართ სწორედ ამ გრძელვადიანი ორგანიზების შედეგია; ორგანიზებისა, რომელიც შეესაბამება ირანის გეოპოლიტიკურ მდებარეობას და რეგიონის უსაფრთხოების რეალობას.
დღეს ჩვენ ვართ რეგიონის გეოპოლიტიკურ ცვლილებებში ახალ შემობრუნების წერტილთან. ამ პერიოდში არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას ირანის როლი. რეგიონის უსაფრთხოების სტრუქტურა ირანის პოზიციის გათვალისწინების გარეშე ნაკლული და არამდგარადია. ამავდროულად, დღევანდელი მსოფლიო აღარ არის ის, სადაც შესაძლებელი იყო რთულ მოვლენების მარტივი ახსნით, იარლიყის მიკვრით ან ხალხთა სოციალური და პოლიტიკური რეალობების უგულებელყოფით ბალანსის შეცვლა. ნებისმიერი თავდასხმა სამოქალაქო პირებზე, ბავშვებზე ან საჯარო ინფრასტრუქტურაზე არა მხოლოდ არ ქმნის ლეგიტიმურობას, არამედ გლობალურ საზოგადოებას თავდამსხმელის წინააღმდეგ განაწყობს. ბავშვების სხეულის დაზიანება ეფშტეინის კუნძულზე ან 158 გოგონას სიკვდილი მინაბის სკოლაში, ირანში, ერთი მნიშვნელობის მქონეა.
ირანი არა წარმავალი წარმოსახვების, არამედ რეალობის, ეროვნული შესაძლებლობებისა და ისტორიული გამოცდილების საფუძველზე საუბრობს. ირანის არსებობა ეროვნული ნების, სტრატეგიული ორგანიზების და გეოპოლიტიკური გარემოს ზუსტი გააზრების შედეგია — და ეს რეალობა მომავალ რეგიონულ გათვლებშიც განმსაზღვრელი იქნება.
შემდეგ ვუპასუხე დამსწრეთა შეკითხვებს. ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული და საზღვაო მთლიანობის მიმართ ნებისმიერი თავდასხმა თანაბარი მნიშვნელობისაა. თუ „განცხადებაში“ სპარსეთის ყურის ნაცვლად გამოყენებული იქნება ალტერნატიული ან გამოგონილი ტერმინი, ჩვენი თვალსაზრისით ეს ნიშნავს თავდასხმას ჩვენს საზღვაო წყლებსა და სუვერენიტეტზე. ირანი არის ქვეყანა, რომელიც არ დაუშვებს, რომ საკუთარი მიწა-წყლის ნაწილი, როგორც „ზოგიერთი ქვეყნის გაურკვეველი ტერიტორია“, დაექვემდებაროს შეჭრას ან ოკუპაციას”-ამის შესახები ირანის ელჩი ა ალი მოჯანი – ზე წერს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს​ა და მსოფლიო პატრიარქს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2026 წლის 17 მაისს, საღამოს უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა.„მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გულთბილი მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის.საუბრის დასასრულს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა კახიშვილი – თანამდებობა, ძალაუფლება დროებითია, ყველაზე დიდი ძალა არა ის არის, რამდენ ადამიანს ეშინია შენი, არამედ, რამდენს უყვარხარ – ბოლოს დარჩება მხოლოდ ერთი...

პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავიდანვე იცოდეს სიმართლე - თანამდებობა და ძალაუფლება დროებითია, ყალბი დიდება დროებითია და ბოლოს მხოლოდ შენი გაკეთებული სიკეთე რჩება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი წერს.ამ თემაზე კახიშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელ პოსტზე აქვეყნებს, სადაც იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ძალაა არა ის, რამდენ ადამიანს ეშინია შენი, არამედ ის რამდენს უყვარხარ გულწრფელად.კახიშვილი წერს იმასაც, რომ საბოლოოდ, ადამიანს სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს.”პოლიტიკა ძალიან რთული გზაა… გზა, სადაც ხშირად ყველაზე გულწრფელი სიტყვებიც კი შეიძლება თამაშის ნაწილი აღმოჩნდეს, სადაც ყველაზე თბილი ღიმილის უკან - ცივი ანგარიში, ხოლო ყველაზე ხმამაღალი ერთგულების უკან - ჩუმი ღალატი იმალებოდეს.შეიძლება წლები ადამიანებთან ერთად გაატარო… ერთად იბრძოდეთ, ერთ იდეას ემსახურებოდეთ და გეგონოს, რომ ეს ადამიანები შენი ოჯახი არიან… მაგრამ დრო გადის და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ბევრი ურთიერთობა მხოლოდ ძალაუფლებასთან, გავლენასთან და ინტერესებთან იყო დაკავშირებული.როდესაც ადამიანს თანამდებობა, ძალა და გავლენა აქვს, მის ირგვლივ ყოველთვის ბევრი ადამიანი ტრიალებს - ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, დეპუტატები… ყველას უნდა შენთან ყოფნა, შენს გვერდით დგომა, რადგან დღეს ეს პრესტიჟი და პატივია. მაგრამ დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს… და როცა ძალაუფლება, თანამდებობა ან გავლენა ქრება, ბევრი მათგანიც ისე იკარგება, როგორც ჰაერში ჩამქრალი აპლოდისმენტი.ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება და არც მხოლოდ ოპოზიციას… წლები გადის, სახელები იცვლება, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ პოლიტიკის მძიმე ბუნება თითქმის უცვლელი რჩება.ალბათ ამიტომაც არის, რომ საზოგადოებას ხშირად ისევ და ისევ იგივე გზის გავლა უწევს. და სიმართლე რომ ითქვას, ეს ისეთი წრეა, რომლის სრულად შეცვლაც ალბათ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია.არც კორტეჟები მიჰყვება ადამიანს ბოლომდე, არც დაცვა, არც გავლენა... ხშირად ყველაზე გულწრფელ თანადგომას იმ ადამიანებისგან იღებ, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არც კი იცნობდე.როგორც სოკრატე ამბობდა - „ყველაზე რთულია ადამიანი მაშინ შეიცნო, როცა მას ძალაუფლება აქვს“. ამიტომ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავიდანვე იცოდეს სიმართლე - თანამდებობა დროებითია. ძალაუფლება დროებითია. ყალბი დიდება დროებითია და ბოლოს მხოლოდ შენი გაკეთებული სიკეთე რჩება. რამდენ ადამიანს გაუმართე ხელი, რამდენს დაეხმარე მაშინ, როცა ამის ძალა და შესაძლებლობა გქონდა. რადგან თანამდებობა ღმერთისგან მოცემული დროებითი გამოცდაა. ის არ გაძლევს უფლებას, ადამიანებზე მაღლა დადგე - ის მხოლოდ გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტი კარგი საქმე გააკეთო. და ყველაზე დიდი ძალა არა ის არის, რამდენ ადამიანს ეშინია შენი… არამედ ის, რამდენს უყვარხარ გულწრფელად.საბოლოოდ, ადამიანს არც ფული მიჰყვება, არც გავლენა, არც ძალაუფლება… ადამიანს მხოლოდ ნეკეთები საქმეები მიჰყვება და ბოლოს დარჩება მხოლოდ ერთი კითხვა: როცა ძალაუფლება გქონდა რამდენი სიკეთე დატოვე შენს შემდეგ?! რადგან საბოლოოდ სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს“, - წერს კახა კახიშვილი.

აფხაზეთის საღამო დადიანების სასახლეში -ირანის ელჩის ემოციური გზავნილი საქართველოზე: „საქართველო უნდა იკითხო არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკაში, არამედ მის მუსიკაში, ეკლესიაში, მთებში და ხალხის ისტორიულ...

,,წუხელ ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ სასახლეში, გაიმართა აფხაზეთისადმი მიძღვნილი 2026 წლის მრავალხმიანი მუსიკალური საღამო, რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტრო მასპინძლობდა. ღონისძიების საგანგებო სტუმარი გახლდათ ბატონი პაატა სალია. იმ ღონისძიებაზე ბევრად უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, შევიგრძენი ქართული მრავალხმიანობისა და ჭირ-ვარამით სავსე ისტორიის უდიდესი მნიშვნელობა ქართული იდენტობის ფორმირებაში. ქართველი ხალხი ისტორიის მანძილზე, მცირე რაოდენობისა და შეზღუდული გეოგრაფიული არეალის გამო, მუდმივი საფრთხეების წინაშე იდგა. მათი პროტესტი ხშირად მთიდან გაჟღერებულ ხმებად ისმოდა, რომლებიც ერთმანეთს ერწყმოდა და წინააღმდეგობისა და გადარჩენის სულს აცოცხლებდა. სწორედ ეს მრავალხმიანობა ქმნიდა ერთობის განცდას და ისტორიული უწყვეტობის შეგრძნებას ამყარებდა. გუშინ, სამეგრელოს ნისლიან გარემოში, მოღრუბლული ცის ქვეშ და იმ სასახლის კედლებს შორის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ამ მიწის ისტორიული მეხსიერების მცველი გახლდათ, ქართული მრავალხმიანობა მხოლოდ მუსიკალური შესრულება არ ყოფილა; იგი ხმიანებდა, როგორც ღრმად შემძვრელი ექო. დადიანების საგვარეულო, რომლის ხანგრძლივი ისტორიის სიმბოლოც ეს სასახლეა, მხოლოდ ადგილობრივი ფეოდალური ოჯახი არ ყოფილა. ისინი კავკასიის ისტორიის რთულ ეპოქებში ქართული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ. ისტორიის აღმავლობისა და დაღმასვლის პერიოდში მათ რთული და ზოგჯერ ბედისწერის განმსაზღვრელი ურთიერთობები ჰქონდათ ირანის ხელისუფლებებთან. სწორედ ეს ისტორიული კავშირებია, რომლებიც ადამიანს ახსენებს, რომ კავკასიის გაგება მისი ღრმა ისტორიული ფენების გააზრების გარეშე შეუძლებელია. წუხელ ეს გაბმული ხმები, ის მელოდიები, რომლებიც თითქოს მთებიდან და საუკუნეების სიღრმიდან მოისმოდა, ჩემთვის მუსიკაზე მეტი იყო. ეს ისტორიის ენა იყო, რომელშიც „ტანჯვა“ მხოლოდ განცდა კი არა, ქართული იდენტობის ლექსიკის ნაწილია. ამ მუსიკაში ადამიანი გრძნობს, თუ როგორ ინახავს ერი თავის ისტორიულ ტკივილებს, ომებს, განშორებებს, წინააღმდეგობასა და იმედებს არა წიგნებში, არამედ ხმაში. ალბათ სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი ქართული საზოგადოების გაგება მისი ხანგრძლივი ისტორიის, ტკივილით აღსავსე მეხსიერებისა და ღრმა კულტურული სულის გათვალისწინების გარეშე. საქართველო უნდა იკითხო არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკაში, არამედ მის მუსიკაში, ეკლესიაში, მთებში და ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია

ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით განაცხადა.სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი.ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ევროპულ, წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საკითხზე მუშაობა პროფესიულ, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნეს მიღებული.„მსოფლიოში არ აქვთ რეალური პასუხები და უკლებლივ ყველა არის ძიების პროცესში. ბუნებრივია, ჩვენც ჩართული ვართ ამ პროცესში, იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ეს მოგცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. აუცილებელია, ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით იყოს განმსჭვალული; აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება; აუცილებელია, პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო ფორმატს. აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვის აუცილებლობა უბრალოდ არ არის. ერთადერთი მხარე, ვისთვისაც, შესაძლოა, საინტერესო და სასარგებლო იყოს საპროტესტო აქციის ფორმატის შენარჩუნება, შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი იყოს. მერწმუნეთ, ეს არაფრით ეხმარება არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებრივ ინტერესს. ყველა მზად არის, სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, იქნება იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება.შეხვედრა ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს.„ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები