სამშაბათი, მაისი 19, 2026

კახა კალაძე – გვახსოვს უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით, ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, როგორ წარიმართა პროცესები, ვინმეს მოუსმენია, დაეგმოთ ძალის გადამეტება? ეს არის ორმაგი სტანდარტი

დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არავის დაუგმია დანიაში ძალის გადამეტება. კახა კალაძის შეფასებით, ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.

„გვახსოვს მათი განცხადებები და პირდაპირი უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე. ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, როგორ წარიმართა პროცესები, მაგრამ დღემდე ვინმეს თუ მოუსმენია მათი განცხადება ან დაეგმოთ ის კონკრეტული ქმედებები და ძალის გადამეტება? ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ზუსტად ამ ტიპის ფაქტები პირდაპირ აჩენს მოსაზრებას, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია. გავიხსენოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა გამოხმაურება ჰქონდა და რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ მოვლენებზე მაშინ, როდესაც პირდაპირ ვხედავდით, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, არამედ კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებდნენ, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ესროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. ეს ყველაფერი წახალისებული იყო იმ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომელთაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესი აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ვიცით, რა არის ამ ინტერესის მთავარი საგანი და რაში სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. წერილში პრემიერი კითხვით მიმართავს ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს: „როგორ აფასებთ ძალადობას კოპენჰაგენში, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება. საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს. ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ. სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში.

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ირანელი პარლამენტარი – ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება ირანის მფლობელობასა და მართვაში

ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება თეირანის მფლობელობასა და მართვაში, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი აცხადებს.სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტია.ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა თეირანის მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, სადაც ირანი, ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, აშშ-ისგან სანქციების მოხსნასა და ქვეყნის საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითხოვს.ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, სადაც მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის. ამ დროისათვის ენერგორესურსებით დატვირთული გემების უმეტესობა სრუტეში გავლას ვერ ახერხებს.

თბილისის მერია – საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე

თბილისის მერიის ინფორმაცით, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე.მათივე ცნობით, „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის.ბარათის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ბარათი მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის.„ჩვენ გასულ წელს აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ახლა კი გადავდივართ დაპირების უშუალო აღსრულებაზე – ქართველი ახალგაზრდები ამიერიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათებით“ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი საქართველოს 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე და მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის – ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, თბილისის მერია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის წამახალისებელ და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს.„გვაქვს სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულების პროგრამები, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდაა ჩართული. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყველა პროგრამა გავაფართოოთ და უფრო მეტ მოქალაქეს მივცეთ მათში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედია.  მიხარია, რომ თბილისის მერია ამჯერადაც მოწინავე პოზიციაზეა და მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპელი ახალგაზრდების რიგებს შეუერთდებიან. მათ სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს, რადგან მათთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ახალგაზრდული ბარათი“ უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში.„მადლობა მინდა, გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი ჩართულობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მადლობა ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, ასევე, თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას, უწყების ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის საქმედ ქცევაში.ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, ყოველთვის მოგისმენთ და შევეცდებით, განვახორციელოთ ახალგაზრდების მხარდამჭერი იდეები, რათა ჩვენი სიტყვა ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბევრია დამოკიდებული ახალგაზრდულ ენერგიაზე. დარწმუნებული ვარ, ის სიყვარული, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ ჩვენი სამშობლოს მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ შესახებ დამატებითი დეტალები საზოგადოებას თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.მისი თქმით, აღნიშნული ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.„საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში წარმოდგენილი ბარათის სარეგისტრაციო პროცესი ძალიან მარტივია, ერთჯერადად 10 ლარის გადახდით კი მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პროდუქტი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოვადგინეთ. ის არ არის ტიპური ბარათი, რომლითაც გადარიცხვებია შესაძლებელი, თუმცა „საქართველოს ბაკთან“ ერთად ის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, რომლებიც ბარათის მფლობელები გახდებიან. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ მნიშვნელოვან შემაჯამებელ ღონისძიებას გავმართვთ“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.ბარათის მფლობელები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათით სარგებლობენ. „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მიღება შეუძლია საქართველოს 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეთავაზების სანახავად ხელმისაწვდომია ოფიციალური ვებგვერდი.ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, რაიონული გამგეობებისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები.თბილისის მერიის ცნობით, პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.

ლაშა ფარულავა – საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში აქტივისტური ღონისძიებები არის საჯარო, ვრცელდება სოციალურ მედიაში, აქ გრანდიოზულს ვერაფერ იპოვით, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი

ალიანსის ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად არის ჩართული კამპანიაში 26 მაისისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საჯარო აქტივობა არის საჯარო, მათ შორის მედიისთვის.„ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ცხადია, ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად არის ჩართული კამპანიაში 26 მაისისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლოდ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია. სწორედ ამას ეფუძნება ის აქციაც. ცხადია, მეტროებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში აქტივისტური ღონისძიებები არის საჯარო, საჯაროდ შუქდება, საჯაროდ ვრცელდება სოციალურ მედიაში. აქ ვერაფერ გრანდიოზულს ვერ იპოვით, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი.ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა. სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის – ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა, ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა. საწვავის მაღალი ფასი, დენის გაზრდილი ტარიფი, სოფელს სჭირდება დახმარება. ეს არის ჩვენი გეგმა, ამ გეგმასთან დაკავშირებით ჩვენ მოქალაქეებს ვაწვდით საინფორმაციო ბუკლეტს და ჩვენს მოთხოვნებს ვაცნობთ.  ცხადია მათ შორის ვეპატიჟებით 26 მაისის აქციაზე, ჩვენ ეს კამპანია ბევრად ადრე დავიწყეთ, არაერთ მოქალაქეს შევხვდით თბილისში, მათ შორის რეგიონებში. ამას გავაგრძელებთ 26 მაისამდეც, შემდეგაც, რადგან ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება.შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საჯარო აქტივობა არის საჯარო, მათ შორის მედიისთვის. ეს პირდაპირ ჩვენს ინტერესში შედის, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მედიას რატომ არ ეძახით, ყველგან ვეძახით, ყველგან გვაქვს სურვილი, რომ გააშუქონ მოვლენები იმ რეალობით, რა რეალობითაც  შეწუხებული არიან ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ ეს არის რაღაც, ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. დარწმუნებული ვარ, იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საჯარო აქტივობასთან დაკავშირებით ალიანსის წევრებს“, – განაცხადა ფარულავამ.

ბოლო სიახლეები