საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
„საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი. ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 5,3 პროცენტი. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,2 პროცენტით 2025 წელს წინა წელთან შედარებით და მიაღწია რეკორდულ 7,3 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ შარშანდელი წლის ბოლოს, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34,4 პროცენტს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საგარეო ვალმა შეადგინა 31,5 პროცენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალმა გადააჭარბა 60 პროცენტს და ჩვენ მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 31,5 პროცენტამდე, რაც არის რა თქმა უნდა მთავრობის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.

