პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავიდანვე იცოდეს სიმართლე – თანამდებობა და ძალაუფლება დროებითია, ყალბი დიდება დროებითია და ბოლოს მხოლოდ შენი გაკეთებული სიკეთე რჩება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი წერს.
ამ თემაზე კახიშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელ პოსტზე აქვეყნებს, სადაც იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ძალაა არა ის, რამდენ ადამიანს ეშინია შენი, არამედ ის რამდენს უყვარხარ გულწრფელად.
კახიშვილი წერს იმასაც, რომ საბოლოოდ, ადამიანს სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს.
”პოლიტიკა ძალიან რთული გზაა… გზა, სადაც ხშირად ყველაზე გულწრფელი სიტყვებიც კი შეიძლება თამაშის ნაწილი აღმოჩნდეს, სადაც ყველაზე თბილი ღიმილის უკან – ცივი ანგარიში, ხოლო ყველაზე ხმამაღალი ერთგულების უკან – ჩუმი ღალატი იმალებოდეს.
შეიძლება წლები ადამიანებთან ერთად გაატარო… ერთად იბრძოდეთ, ერთ იდეას ემსახურებოდეთ და გეგონოს, რომ ეს ადამიანები შენი ოჯახი არიან… მაგრამ დრო გადის და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ბევრი ურთიერთობა მხოლოდ ძალაუფლებასთან, გავლენასთან და ინტერესებთან იყო დაკავშირებული.
როდესაც ადამიანს თანამდებობა, ძალა და გავლენა აქვს, მის ირგვლივ ყოველთვის ბევრი ადამიანი ტრიალებს – ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, დეპუტატები… ყველას უნდა შენთან ყოფნა, შენს გვერდით დგომა, რადგან დღეს ეს პრესტიჟი და პატივია. მაგრამ დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს… და როცა ძალაუფლება, თანამდებობა ან გავლენა ქრება, ბევრი მათგანიც ისე იკარგება, როგორც ჰაერში ჩამქრალი აპლოდისმენტი.
ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება და არც მხოლოდ ოპოზიციას… წლები გადის, სახელები იცვლება, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ პოლიტიკის მძიმე ბუნება თითქმის უცვლელი რჩება.
ალბათ ამიტომაც არის, რომ საზოგადოებას ხშირად ისევ და ისევ იგივე გზის გავლა უწევს. და სიმართლე რომ ითქვას, ეს ისეთი წრეა, რომლის სრულად შეცვლაც ალბათ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია.
არც კორტეჟები მიჰყვება ადამიანს ბოლომდე, არც დაცვა, არც გავლენა… ხშირად ყველაზე გულწრფელ თანადგომას იმ ადამიანებისგან იღებ, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არც კი იცნობდე.
როგორც სოკრატე ამბობდა – „ყველაზე რთულია ადამიანი მაშინ შეიცნო, როცა მას ძალაუფლება აქვს“. ამიტომ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავიდანვე იცოდეს სიმართლე – თანამდებობა დროებითია. ძალაუფლება დროებითია. ყალბი დიდება დროებითია და ბოლოს მხოლოდ შენი გაკეთებული სიკეთე რჩება. რამდენ ადამიანს გაუმართე ხელი, რამდენს დაეხმარე მაშინ, როცა ამის ძალა და შესაძლებლობა გქონდა. რადგან თანამდებობა ღმერთისგან მოცემული დროებითი გამოცდაა. ის არ გაძლევს უფლებას, ადამიანებზე მაღლა დადგე – ის მხოლოდ გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტი კარგი საქმე გააკეთო. და ყველაზე დიდი ძალა არა ის არის, რამდენ ადამიანს ეშინია შენი… არამედ ის, რამდენს უყვარხარ გულწრფელად.
საბოლოოდ, ადამიანს არც ფული მიჰყვება, არც გავლენა, არც ძალაუფლება… ადამიანს მხოლოდ ნეკეთები საქმეები მიჰყვება და ბოლოს დარჩება მხოლოდ ერთი კითხვა: როცა ძალაუფლება გქონდა რამდენი სიკეთე დატოვე შენს შემდეგ?! რადგან საბოლოოდ სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს“, – წერს კახა კახიშვილი.

