იყო ლაპარაკი იმაზე, როგორ გახდეს უფრო მჭიდრო და უფრო საქმიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მკვეთრად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ლაპარაკი იყო ბუნებრივია პოლიტიკური მდგენელზეც, რაც გამოიხატება საქართველოს მიმართ ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაში და ჩინეთთან დაკავშირებით 1 ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერაში ჩვენი მხრიდან. მკვეთრად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობის დინამიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ჩინურ ბაზარზე. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი და ბუნებრივია ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საუბარი ასევე იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რაშიც ჩინეთი არის ძალიან წარმატებული; ეს ეხება მაღალ ტექნოლოგიებს, ციფრულ ტექნოლოგიებს“, – აღნიშნა სუბარმა.
ჩინეთში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ქართველი კანონმდებლები საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც შალვა პაპუაშვილი მოხსენებით გამოვიდა და საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ილაპარაკა. დღეს ქართული დელეგაცია ქალაქ სიანში გაემგზავრება.

